მათე 16:1—28
16 მივიდნენ მასთან ფარისევლები+ და სადუკეველები და საცდუნებლად სთხოვეს, ციდან ნიშანი ეჩვენებინა მათთვის.+
2 მან მიუგო: „[საღამოობით ამბობთ ხოლმე, ცა წითელია, მზიანი ამინდი იქნებაო,
3 ხოლო დილით, დღეს გაავდრდება, რადგან ცა, თუმცა წითელია, მოქუფრულიაო. ცის ფერის ახსნა შეგიძლიათ, დროის ნიშნების კი — არა].+
4 ბოროტი და მრუში თაობა ეძებს ნიშანს, მაგრამ იონას ნიშნის გარდა+ სხვა ნიშანი არ მიეცემა“.+ ეს თქვა, დატოვა ისინი და წავიდა.+
5 მოწაფეები გაღმა გავიდნენ, მაგრამ პურის წაღება დაავიწყდათ.+
6 იესომ უთხრა მათ: „იფხიზლეთ და მოერიდეთ ფარისევლებისა და სადუკეველების საფუარს“.+
7 ისინი ერთმანეთს ეუბნებოდნენ, პური არ წამოგვიღიაო.
8 იესომ იცოდა ეს და უთხრა: „მცირე რწმენისანო, რატომ ლაპარაკობთ ერთმანეთში, პური არა გვაქვსო?+
9 ნუთუ აქამდე ვერ გაგიგიათ ან არ გახსოვთ ხუთი პურისა და ხუთი ათასი კაცის შემთხვევა და ის, თუ რამდენი კალათი გაავსეთ?!+
10 ან შვიდი პურისა და ოთხი ათასი კაცის შემთხვევა და ის, თუ რამდენი გოდორი გაავსეთ?!+
11 როგორ ვერ ხვდებით, რომ პურზე არ მითქვამს, არამედ იმაზე, რომ ერიდოთ ფარისევლებისა და სადუკეველების საფუარს“.+
12 მაშინ მიხვდნენ, რომ მან უთხრა, მორიდებოდნენ არა პურის საფუარს, არამედ ფარისევლებისა და სადუკეველების სწავლებას.+
13 ფილიპეს კესარეის მხარეში მისვლისას იესომ მოწაფეებს ჰკითხა: „რას ამბობს ხალხი, ვინ არისო კაცის ძე?“+
14 „ზოგი ამბობს, იოანე ნათლისმცემელიაო,+ ზოგი — ელიააო,+ ზოგი კი — იერემია ან ერთ-ერთი წინასწარმეტყველიაო“, — უპასუხეს მათ.
15 „თქვენ რას იტყვით, ვინა ვარ?“+ — ჰკითხა მან.
16 სიმონ-პეტრემ მიუგო: „შენა ხარ ქრისტე,+ ცოცხალი ღვთის ძე“.+
17 მაშინ იესომ უთხრა: „ბედნიერი ხარ, სიმონ იონას ძეო, რადგან ეს ხორცმა და სისხლმა კი არ გაგიმჟღავნა, არამედ ჩემმა ზეციერმა მამამ.+
18 გეუბნები: შენა ხარ პეტრე,+ და მე ამ კლდეზე+ ავაშენებ ჩემს კრებას, რომელსაც ვერ სძლევს+ სამარის*+ ჭიშკრები.
19 მოგცემ ზეციერი სამეფოს გასაღებებს და ყველაფერი, რასაც დედამიწაზე შეკრავ, ზეცაში შეკრული იქნება, და ყველაფერი, რასაც დედამიწაზე გახსნი, ზეცაში გახსნილი იქნება“.+
20 მაშინ მკაცრად გააფრთხილა მოწაფეები, არავისთვის ეთქვათ, რომ ის ქრისტეა.+
21 იმ დროიდან იესო ქრისტემ დაიწყო მოწაფეებისთვის იმის ჩვენება, რომ უნდა წასულიყო იერუსალიმში და ბევრი ეტანჯა უხუცესებისგან, უფროსი მღვდლებისა და მწიგნობრებისგან, უნდა მოეკლათ და მესამე დღეს აღმდგარიყო.+
22 მაშინ პეტრემ გვერდზე გაიყვანა ის და გაკიცხვა დაუწყო: „შეიწყალე თავი, უფალო! ნუ დამართებ თავს ამას“.+
23 მან ზურგი აქცია პეტრეს და უთხრა: „მომცილდი, სატანა!+ დაბრკოლება ხარ ჩემთვის, რადგან ღვთიურზე კი არა,+ ადამიანურზე ფიქრობ“.
24 შემდეგ იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „თუ ვინმეს უნდა, რომ მომყვეს, უარყოს საკუთარი თავი, აიღოს თავისი წამების ბოძი* და გამომყვეს,+
25 რადგან ვისაც სურს თავისი სულის* ხსნა, დაკარგავს მას, ხოლო ვინც ჩემი გულისთვის დაკარგავს სულს, იპოვის მას.+
26 კაცმა მთელი ქვეყნიერებაც რომ შეიძინოს, რას არგებს, სულს თუ დაკარგავს?+ ანდა რას გაიღებს კაცი თავისი სულის სანაცვლოდ?+
27 ვინაიდან კაცის ძე უნდა მოვიდეს მამის დიდებით თავის ანგელოზებთან ერთად და მაშინ ყველას თავისი ნამოქმედარის მიხედვით მიუზღავს.+
28 ჭეშმარიტებას გეუბნებით, რომ აქ მდგომთაგან ზოგიერთები არ იგემებენ სიკვდილს, სანამ არ იხილავენ კაცის ძეს თავის სამეფოში მომავალს“.+