მარკოზი 1:1—45
1 იესო ქრისტეს შესახებ სასიხარულო ცნობის დასაწყისი,
2 როგორც ესაია წინასწარმეტყველს უწერია: «(აი, ვგზავნი შენი სახის წინაშე ჩემს მაცნეს, რომელიც გზას მოგიმზადებს).+
3 ყური დაუგდეთ! უდაბნოში ვიღაც ღაღადებს: „მოამზადეთ იეჰოვას გზა და გაასწორეთ მისი სავალი“».+
4 გამოჩნდა იოანე ნათლისმცემელი უდაბნოში და ქადაგებდა ნათლობას, რომელიც მონანიების ნიშანია, ცოდვების მისატევებლად.+
5 მთელი იუდეა და იერუსალიმი მასთან მიდიოდა. აღიარებდნენ ცოდვებს და ისიც მდინარე იორდანეში ნათლავდა მათ.+
6 იოანე აქლემის ბეწვით იყო შემოსილი, წელზე ტყავის სარტყელი ერტყა,+ კალიებითა+ და ველური თაფლით+ იკვებებოდა
7 და ასე ქადაგებდა: „ჩემ შემდეგ ჩემზე ძლიერი მოდის. მე იმის ღირსიც არა ვარ, რომ დავიხარო და სანდლის თასმები გავუხსნა.+
8 მე წყლით მოგნათლეთ, ის კი წმინდა სულით* მოგნათლავთ“.+
9 იმ დღეებში გალილეის ნაზარეთიდან მოვიდა იესო და იოანემ ის იორდანეში მონათლა.+
10 ამოვიდა თუ არა წყლიდან, დაინახა, რომ ცა გაიხსნა და სული მტრედის სახით ეშვებოდა მასზე.+
11 და ციდან გაისმა ხმა: „შენა ხარ ჩემი საყვარელი ძე. მე მოგიწონე“.+
12 სულმა მაშინვე აღძრა იესო, რომ უდაბნოში წასულიყო.+
13 ორმოცი დღე იყო უდაბნოში+ და სატანა ცდილობდა ეცდუნებინა ის.+ მხეცებს შორის იყო იესო, მაგრამ ანგელოზები ემსახურებოდნენ.+
14 იოანეს შეპყრობის შემდეგ იესო გალილეაში+ წავიდა და ღვთის სასიხარულო ცნობას ქადაგებდა.+
15 ასე ამბობდა: „დანიშნული დრო ამოიწურა+ და მოახლოვდა ღვთის სამეფო. ხალხო, მოინანიეთ+ და ირწმუნეთ სასიხარულო ცნობა“.
16 ერთხელ, როცა გალილეის ზღვის ნაპირს მიუყვებოდა, დაინახა სიმონი+ და მისი ძმა ანდრია, რომლებიც მებადურები იყვნენ და ბადეებს ისროდნენ ზღვაში.+
17 იესომ უთხრა მათ: „გამომყევით და ადამიანთა მებადურებად გაქცევთ“.+
18 მათ მაშინვე დატოვეს ბადეები და გაჰყვნენ.+
19 ცოტა გაიარა და ზებედეს ვაჟი იაკობი და მისი ძმა იოანე დაინახა, რომლებიც ნავში ბადეების შეკეთებით იყვნენ დაკავებულები,+
20 და მაშინვე მოუხმო მათ. მათაც დატოვეს თავიანთი მამა, ზებედე და ნავში მყოფი მოჯამაგირეები და გაჰყვნენ მას.
21 ისინი კაპერნაუმის+ გზას დაადგნენ.
როგორც კი დადგა შაბათი, ის სინაგოგაში შევიდა და ხალხს ასწავლიდა.
22 ხალხი განაცვიფრა იმან, თუ როგორ ასწავლიდა,+ რადგან ასწავლიდა როგორც ძალაუფლების მქონე და არა როგორც მწიგნობრები.+
23 სწორედ იმ დროს სინაგოგაში უწმინდური სულით შეპყრობილი კაცი იყო და ყვიროდა:+
24 „რა გვაქვს შენთან საერთო, იესო ნაზარეთელო?+ ჩვენ მოსასპობად მოხვედი? ზუსტად ვიცი+ ვინცა ხარ — ღვთის+ წმინდა“.+
25 იესომ შერისხა იგი და უთხრა: „გაჩუმდი და გამოდი მისგან!“+
26 უწმინდურმა სულმა ის კაცი კრუნჩხვებში ჩააგდო, მთელი ხმით დაიყვირა და გამოვიდა.+
27 ხალხი იმდენად განცვიფრდა, რომ ერთმანეთში დაიწყეს მსჯელობა: „ეს რა არის? რაღაც ახალი სწავლებაა! არაწმინდა სულებსაც კი ისე უბრძანებს, როგორც ძალაუფლების მქონე, და ისინიც ემორჩილებიან“.+
28 მისი ამბავი მაშინვე მთელ გალილეას მოედო.+
29 ისინი მაშინვე გამოვიდნენ სინაგოგიდან და სიმონისა+ და ანდრიას სახლში წავიდნენ. იაკობი და იოანეც მათთან იყვნენ.
30 სიმონის სიდედრს+ ციებ-ცხელება ჰქონდა და იწვა.+ ეს მაშინვე აცნობეს იესოს.
31 იგი მივიდა მასთან, ხელი მოჰკიდა და წამოაყენა. ქალს ციებ-ცხელებამ გაუარა+ და მოემსახურა მათ.+
32 როცა მოსაღამოვდა, მზის ჩასვლისას, ხალხს მასთან ავადმყოფები+ და დემონებით შეპყრობილები მიჰყავდა.+
33 მთელ ქალაქს კართან მოეყარა თავი.
34 ის კი სხვადასხვა სნეულებით დაავადებულ უამრავ ავადმყოფს კურნავდა,+ დემონებს დევნიდა და ლაპარაკის უფლებას არ აძლევდა, რადგან იცოდნენ, რომ ის ქრისტე იყო.+
35 დილაადრიან, როცა ჯერ კიდევ ბნელოდა, ადგა, გარეთ გავიდა, ერთ უკაცრიელ ადგილას+ მივიდა და იქ ლოცულობდა.+
36 სიმონი და მასთან ერთად მყოფები გაცხარებით ეძებდნენ
37 და როცა იპოვეს, უთხრეს: „ყველა შენ გეძებს“.
38 მან კი მიუგო: „წავიდეთ სადმე სხვაგან, ახლომახლო დაბებში, რომ იქაც ვიქადაგო,+ რადგან ამისთვის ვარ მოსული“.+
39 წავიდა და მთელი გალილეის სინაგოგებში ქადაგებდა და დემონებს დევნიდა.+
40 მივიდა მასთან ერთი კეთროვანი, მუხლი მოიყარა და შეევედრა: „თუკი გსურს, შეგიძლია ჩემი განწმენდა“.+
41 იესოს გული დაეწვა,+ ხელი გაუწოდა, შეეხო და უთხრა: „მსურს, განიწმინდე!“+
42 მას მაშინვე გაუქრა კეთრი და განიწმინდა.+
43 იესომ დაუყოვნებლივ გაუშვა და თან მკაცრად გააფრთხილა:
44 „იცოდე, არავის არაფერი მოუყვე. წადი, მღვდელს ეჩვენე+ და შენი განწმენდისთვის შესწირე ის, რაც მოსემ დააწესა,+ მათთვის დასამოწმებლად“.+
45 ის კი წავიდა და ყველასთან დაიწყო ამაზე ლაპარაკი და ამის გახმაურება. იესო ისე თავისუფლად ვეღარ შედიოდა ქალაქში და ამიტომ გარეთ, უკაცრიელ ადგილებში რჩებოდა. ხალხი კი ყოველი მხრიდან მაინც მიდიოდა მასთან.+
სქოლიოები
^ ბერძნულად პნევმა. იხილეთ დანართი 2ბ.