მარკოზი 11:1—33
11 როცა მიუახლოვდნენ იერუსალიმს, ზეთისხილის მთაზე მდებარე ბეთფაგესა და ბეთანიას,+ ორი მოწაფე გაგზავნა+
2 და უთხრა: „წადით სოფელში, რომელიც თქვენ წინაშეა. როგორც კი შეხვალთ, დაბმულ ჩოჩორს იპოვით, რომელზეც არავინ მჯდარა. აუშვით და მომიყვანეთ.+
3 თუ ვინმე გეტყვით, რატომ უშვებთო, უთხარით, უფალს სჭირდება და მალევე დაგიბრუნებს-თქო“.+
4 ისინიც წავიდნენ, ქუჩაში იპოვეს კართან დაბმული ჩოჩორი და აუშვეს.+
5 იქ მდგომთაგან ზოგიერთმა ჰკითხა მათ: „რას შვრებით? რატომ უშვებთ ჩოჩორს?“+
6 მათ ისე უპასუხეს, როგორც იესომ დაარიგა, და მათაც თავი დაანებეს.+
7 მიუყვანეს იესოს ჩოჩორი,+ ზედ თავიანთი ტანსაცმელი დაუფინეს და ისიც შეჯდა.+
8 ბევრი ტანსაცმელს უფენდა+ გზაზე, სხვები კი — მინდორში მოჭრილ+ შეფოთლილ ტოტებს.+
9 ისინი, ვინც მის წინ მიდიოდა და ვინც უკან მიჰყვებოდა, ხმამაღლა გაიძახოდნენ: „გევედრებით,+ იხსენი! კურთხეულია იეჰოვას სახელით მომავალი!+
10 კურთხეულია მამაჩვენი დავითის მომავალი სამეფო!+ გევედრებით, იხსენი იგი, ზეციერო!“
11 შევიდა იესო იერუსალიმის ტაძარში, იქაურობა შემოიარა და რადგან გვიანი იყო, თორმეტთან ერთად ბეთანიისკენ გაემართა.+
12 მეორე დღეს, როცა ბეთანიიდან გამოვიდნენ, მოშივდა.+
13 შორიდან შეფოთლილი ლეღვის ხე დაინახა და მისკენ გაემართა, იქნებ ზედ რამე ვიპოვოო. მივიდა, მაგრამ ფოთლების მეტი ვერაფერი ნახა, რადგან ლეღვობის დრო ჯერ არ დამდგარიყო.+
14 მაშინ უთხრა ხეს: „ნუღარავინ შეჭამს შენს ნაყოფს ნურასოდეს“.+ მოწაფეები უსმენდნენ.
15 იერუსალიმში რომ მივიდნენ, შევიდა იესო ტაძარში და გარეთ გაყარა ყველა, ვინც ტაძარში ყიდდა და ყიდულობდა, ფულის გადამცვლელებს მაგიდები გადაუყირავა და მტრედების გამყიდველებს — სკამები.+
16 არავის რთავდა იმის ნებას, რომ ტაძრის გავლით რაიმე ნივთი გაეტანათ.
17 ასწავლიდა და ამბობდა: «განა დაწერილი არ არის: „ჩემს სახლს ყველა ხალხის+ სამლოცველო სახლი+ დაერქმევა“? თქვენ კი ყაჩაღების ბუნაგად აქციეთ».+
18 ეს რომ უფროსმა მღვდლებმა და მწიგნობრებმა გაიგონეს, მის მოსაკლავად შემთხვევის ძებნა დაიწყეს;+ ეშინოდათ მისი, რადგან მთელი ხალხი განცვიფრებული იყო მისი სწავლებით.+
19 დღის ბოლოს ქალაქიდან გადიოდნენ.
20 დილით ადრე იმ ლეღვის ხესთან ჩაიარეს და დაინახეს, რომ ფესვებიანად გამხმარიყო.+
21 პეტრეს გაახსენდა და უთხრა: „რაბი, ნახე! გამხმარა ლეღვის ხე, შენ რომ დაწყევლე“.+
22 იესომ უთხრა მათ: „გქონდეთ ღვთის რწმენა.
23 ჭეშმარიტებას გეუბნებით: ვინც ამ მთას ეტყვის, აიწიე და ზღვაში ჩავარდიო, ხოლო გულში არ დაეჭვდება და ექნება იმის რწმენა, რომ, რასაც ამბობს, ის მოხდება, აუსრულდება ნათქვამი.+
24 ამიტომ გეუბნებით: გწამდეთ, რომ ყველაფერი, რაზეც ლოცულობთ და რასაც ითხოვთ, უკვე მიღებული გაქვთ, და მოგეცემათ.+
25 როცა დგახართ და ლოცულობთ, აპატიეთ,+ თუ რამე გაქვთ ვინმეს წინააღმდეგ, რათა თქვენმა ზეციერმა მამამაც გაპატიოთ თქვენი შეცოდებები“.+
26 ——
27 კვლავ მივიდნენ იერუსალიმში. ტაძარში რომ დადიოდა, უფროსი მღვდლები, მწიგნობრები და უხუცესები მივიდნენ მასთან+
28 და ჰკითხეს: „რა ძალაუფლებით აკეთებ ამას, ან ვინ მოგცა შენ ეს ძალაუფლება?“+
29 იესომ მიუგო: „მეც დაგისვამთ ერთ შეკითხვას. მიპასუხეთ და მეც გეტყვით, რა ძალაუფლებით ვაკეთებ ამას.+
30 იოანეს ნათლობა+ ზეციდან იყო თუ ადამიანებისგან? მიპასუხეთ“.+
31 მათ მსჯელობა დაიწყეს ერთმანეთში: „თუ ვიტყვით, ზეციდანო, ის გვეტყვის, მაშ, რატომ არ ერწმუნეთო?+
32 მაგრამ თუ ვიტყვით, ადამიანებისგანო? . .“ მათ ხალხისა ეშინოდათ, რადგან ყველა წინასწარმეტყველად თვლიდა იოანეს.+
33 ბოლოს უპასუხეს იესოს: „არ ვიცით“. „არც მე გეტყვით, რა ძალაუფლებით ვაკეთებ ამას“,+ — მიუგო იესომ.