მარკოზი 14:1—72
14 ორ დღეში პასექი+ და უფუარობის დღესასწაული+ უნდა ყოფილიყო.+ უფროსი მღვდლები და მწიგნობრები შემთხვევას ეძებდნენ, რომ მზაკვრულად შეეპყროთ იგი და მოეკლათ,+
2 მაგრამ ამბობდნენ: „დღესასწაულზე არა, თორემ შეიძლება აურზაური ატყდეს“.+
3 როცა ის ბეთანიაში, კეთროვანი სიმონის სახლში+ იყო სუფრასთან, მივიდა მასთან ერთი ქალი, რომელსაც ალაბასტრონის ჭურჭელში სუფთა ნარდის* ძალიან ძვირფასი ნელსაცხებელი ჰქონდა. გატეხა ალაბასტრონის ჭურჭელი და ნელსაცხებელი თავზე მოასხა.+
4 ამის გამო ზოგიერთმა აღშფოთება გამოხატა, ერთმანეთს ეუბნებოდნენ: „ასე უაზროდ რატომ დაიხარჯა ნელსაცხებელი?+
5 სამას დინარზე მეტად შეიძლებოდა მისი გაყიდვა და ღარიბებისთვის დარიგება!“ ძალიან გაბრაზდნენ იმ ქალზე.+
6 იესომ თქვა: „თავი დაანებეთ. რას ერჩით? მან ხომ კარგი საქმე გამიკეთა.+
7 ღარიბები+ სულ თქვენთან არიან და როცა მოგინდებათ, ყოველთვის შეგიძლიათ კარგი გაუკეთოთ, მე კი ყოველთვის არ გეყოლებით.+
8 მან ის გააკეთა, რაც შეეძლო. დამარხვის წინ სხეულზე წინასწარ მცხო ნელსაცხებელი.+
9 ჭეშმარიტებას გეუბნებით: მთელ ქვეყნიერებაზე, სადაც კი სასიხარულო ცნობას იქადაგებენ,+ იმასაც იტყვიან, რაც ამ ქალმა გააკეთა, მისივე გასახსენებლად“.+
10 იუდა ისკარიოტელი, თორმეტიდან ერთ-ერთი, უფროს მღვდლებთან წავიდა, რომ გაეცა იგი.+
11 ეს რომ გაიგეს, გაუხარდათ და დაჰპირდნენ, რომ ვერცხლის ფულს მისცემდნენ.+ მან კი ხელსაყრელი შემთხვევის ძებნა დაიწყო, რომ გაეცა იგი.+
12 უფუარობის+ დღესასწაულის პირველ დღეს, როცა წესისამებრ საპასექო მსხვერპლს სწირავდნენ, მივიდნენ მასთან მოწაფეები+ და ჰკითხეს: „სად გინდა, რომ წავიდეთ და მოგიმზადოთ საჭმელად პასექი?“+
13 მაშინ გაგზავნა მან ორი მოწაფე და უთხრა: «წადით ქალაქში. იქ შეგხვდებათ ერთი კაცი, რომელსაც თიხის ჭურჭლით წყალი მიაქვს.+ მას გაჰყევით.
14 სადაც შევა, იმ სახლის პატრონს უთხარით: „მოძღვარი ამბობს: სად არის ჩემთვის სასტუმრო ოთახი, რომ ჩემს მოწაფეებთან+ ერთად ვჭამო პასექი?“+
15 ის გაჩვენებთ დიდ ზემოთა ოთახს, გაწყობილსა და გამზადებულს, და იქ მოგვიმზადეთ».+
16 წავიდნენ მოწაფეები, შევიდნენ ქალაქში, ყველაფერი ნახეს, რაც იესომ უთხრა მათ, და პასექისთვის მოემზადნენ.+
17 როცა მოსაღამოვდა, ის თორმეტთან ერთად მივიდა.+
18 სუფრასთან, ჭამის დროს, იესომ თქვა: „ჭეშმარიტებას გეუბნებით: ერთი თქვენგანი, რომელიც ჩემთან ერთად ჭამს,+ გამცემს“.+
19 ისინი შეწუხდნენ და სათითაოდ ეკითხებოდნენ: „მე ხომ არა?“+
20 მან მიუგო: „ის ერთი თორმეტთაგანია, რომელიც ჩემთან ერთად აწებს ლუკმას საერთო ჯამში.+
21 მართალია, კაცის ძე მიდის, როგორც დაწერილია მასზე, მაგრამ ვაი იმას, ვინც კაცის ძეს გასცემს! მისთვის უმჯობესი იქნებოდა, არ დაბადებულიყო“.+
22 ისინი ჯერ კიდევ ჭამდნენ, როცა იესომ აიღო პური, ილოცა, დაამტვრია, მისცა მათ და თქვა: „აიღეთ, ეს ჩემს სხეულს ნიშნავს“.+
23 შემდეგ აიღო სასმისი, ღმერთს მადლობა გადაუხადა, მისცა მათ და ყველამ დალია.+
24 უთხრა მათ: «ეს ჩემს სისხლს ნიშნავს, „შეთანხმების+ სისხლს“,+ რომელიც მრავალთათვის+ უნდა დაიღვაროს.+
25 ჭეშმარიტებას გეუბნებით: აღარ დავლევ ვაზის ნაყოფისგან იმ დღემდე, სანამ თქვენთან არ დავლევ ახალს ღვთის სამეფოში».+
26 ბოლოს ღვთის სადიდებელი იმღერეს+ და ზეთისხილის მთისკენ გაემართნენ.+
27 მაშინ იესომ უთხრა მათ: «ყველანი დაბრკოლდებით, რადგან დაწერილია: „დავკრავ მწყემსს+ და გაიფანტება ცხვარი“.+
28 მაგრამ როცა აღვდგები, თქვენზე ადრე წავალ გალილეაში».+
29 პეტრემ უთხრა მას: „ყველა რომ დაბრკოლდეს, მე მაინც არ დავბრკოლდები“.+
30 ამაზე იესომ მიუგო: „ჭეშმარიტებას გეუბნები: დღესვე, ამაღამ, სანამ მამალი ორჯერ იყივლებს, სამჯერ უარმყოფ“.+
31 პეტრე კი დაჟინებით ეუბნებოდა: „მოვკვდები შენთან ერთად და არ უარგყოფ“. დანარჩენებიც იმავეს ამბობდნენ.+
32 გეთსემანედ წოდებულ ადგილას რომ მივიდნენ, თავის მოწაფეებს უთხრა: „აქ დასხედით, მე კი ვილოცებ“.+
33 ამის შემდეგ თან წაიყვანა პეტრე, იაკობი და იოანე.+ ის შეძრწუნდა და ძალიან დანაღვლიანდა.+
34 უთხრა მათ: „ჩემი სული* ღრმად არის დამწუხრებული,+ სიკვდილის პირასაა. დარჩით აქ და იფხიზლეთ“.+
35 ცოტა გაიარა, მიწაზე დაემხო და ლოცვა დაიწყო, რომ, თუ შესაძლებელი იყო, ასცდენოდა ის საათი.+
36 მან განაგრძო: „აბბა*, მამა,+ შენ ყველაფერი შეგიძლია. ამაცილე ეს სასმისი. თუმცა იყოს არა ის, რაც მე მინდა, არამედ ის, რაც — შენ“.+
37 მივიდა მათთან და მძინარეები რომ ნახა, პეტრეს ჰკითხა: „სიმონ, გძინავს? ნუთუ ვერ შეძელი ერთი საათი გეფხიზლა?+
38 იფხიზლეთ და ილოცეთ,+ რომ არ ცდუნდეთ. სული მონდომებულია, ხორცი კი — სუსტი“.+
39 შემდეგ კვლავ წავიდა, ლოცულობდა და იმავე სიტყვებს ამბობდა.+
40 მივიდა და ისევ მძინარეები ნახა მოწაფეები, თვალები დამძიმებოდათ და აღარ იცოდნენ, რა ეპასუხათ.+
41 მესამედ მისვლისას უთხრა მათ: „ასეთ დროს გძინავთ და ისვენებთ! კმარა! მოვიდა ის საათი.+ აი, კაცის ძე ცოდვილებს გადაეცა ხელში.+
42 ადექით, წავიდეთ.+ აი, ახლოს არის ჩემი გამცემი“.+
43 ჯერ სიტყვა არ დაემთავრებინა, რომ მოვიდა იუდა, ერთი თორმეტთაგანი, და მასთან ერთად უფროსი მღვდლების, მწიგნობრებისა და უხუცესებისგან გამოგზავნილი ბრბო მახვილებითა და ხელკეტებით.+
44 მის გამცემს მათთვის ნიშანი ჰქონდა მიცემული: „ვისაც ვაკოცებ, ის არის, შეიპყარით და დაცვით წაიყვანეთ“.+
45 შემდეგ პირდაპირ იესოსთან მივიდა და უთხრა: „რაბი!“ და ეამბორა.+
46 მათ ხელი წაავლეს მას და შეიპყრეს.+
47 ამასობაში ერთ-ერთმა იქ მდგომმა მახვილი იშიშვლა, დაჰკრა მღვდელმთავრის მონას და ყური ჩაათალა.+
48 იესომ ჰკითხა მათ: „ყაჩაღი ვარ, მახვილებითა და ხელკეტებით რომ გამოხვედით ჩემ შესაპყრობად?+
49 ყოველდღე თქვენთან ერთად ვიყავი ტაძარში და ვასწავლიდი+ და არ შეგიპყრივართ. ასე კი იმიტომ ხდება, რომ წმინდა წერილები+ შესრულდეს“.+
50 მოწაფეებმა მიატოვეს+ ის და გაიქცნენ.+
51 ერთი ახალგაზრდა კი, რომელსაც შიშველ სხეულზე საუკეთესო სელის ტანსაცმელი ეცვა, შორიახლოს მიჰყვებოდა მას. ისინი შეეცადნენ მის შეპყრობას,+
52 მან კი ტანსაცმელი შეატოვა მათ და შიშველი გაიქცა.
53 იესო მღვდელმთავართან წაიყვანეს, სადაც ყველა უფროსი მღვდელი, უხუცესი და მწიგნობარი შეიკრიბა.+
54 პეტრე შორიახლოს მიჰყვებოდა მას+ და მღვდელმთავრის ეზოში შეჰყვა. მოსამსახურეებთან დაჯდა და აგიზგიზებულ ცეცხლთან თბებოდა.
55 ამასობაში უფროსი მღვდლები და მთელი სინედრიონი* მოწმობას ეძებდნენ იესოს წინააღმდეგ, რათა მოეკლათ იგი,+ მაგრამ ვერაფერს პოულობდნენ.+
56 ბევრი ცრუმოწმე გამოდიოდა მის წინააღმდეგ,+ მაგრამ მათი ჩვენებები ერთმანეთს არ ემთხვეოდა.+
57 ზოგიერთები კი დგებოდნენ და მის წინააღმდეგ ცრუმოწმედ გამოდიოდნენ:
58 „ჩვენ გავიგონეთ, როგორ ამბობდა, დავანგრევ ამ ხელთქმნილ ტაძარს და სამ დღეში ხელთუქმნელს ავაშენებო“.+
59 მაგრამ არც ამაში დაემთხვა მათი ჩვენებები ერთმანეთს.
60 ბოლოს მათ შორის წამოდგა მღვდელმთავარი და ჰკითხა იესოს: „არაფერს უპასუხებ? გესმის, რას მოწმობენ შენ წინააღმდეგ?“+
61 ის კი დუმდა და არაფერს პასუხობდა.+ მღვდელმთავარმა კიდევ ჰკითხა: „შენა ხარ ქრისტე, კურთხეულის ძე?“+
62 მაშინ იესომ მიუგო: „მე ვარ. თქვენ კაცის ძეს+ იხილავთ ძლიერის მარჯვნივ მჯდომარესა+ და ცის ღრუბლებზე მომავალს“.+
63 ამის გაგონებაზე მღვდელმთავარმა ტანსაცმელი+ შემოიხია და თქვა: „რაღად გვინდა მოწმეები?+
64 თქვენ თვითონ მოისმინეთ მკრეხელობა.+ რას იტყვით?“ ყველამ სასიკვდილო მსჯავრი დასდო მას.
65 ზოგიერთები აფურთხებდნენ,+ სახეს უფარავდნენ, მუშტებს ურტყამდნენ და ეუბნებოდნენ: „იწინასწარმეტყველე!“ სასამართლოს აღმასრულებლებიც ურტყამდნენ სახეში და ისე მიჰყავდათ.+
66 სანამ პეტრე ქვემოთ იყო ეზოში, მღვდელმთავრის ერთ-ერთი მოახლე მივიდა,+
67 დაინახა, რომ თბებოდა, მიაჩერდა და უთხრა: „შენც ამ იესო ნაზარეთელთან იყავი“.+
68 მან კი უარყო: „არც მაგას ვიცნობ და არც ის მესმის, რას ლაპარაკობ“. და შესასვლელთან გავიდა.+
69 მოახლემ იქაც დაინახა ის და კვლავ უთხრა იქ მდგომებს: „ეს ერთი იმათგანია“.+
70 იგი კვლავ უარყოფდა ამას. ცოტა ხნის შემდეგ გვერდით მდგომებმა კიდევ დაუწყეს პეტრეს ლაპარაკი: „შენ ნამდვილად ერთი იმათგანი ხარ, რადგან გალილეელი ხარ“.+
71 მაშინ მოჰყვა იგი წყევლასა და ფიცილს:+ „არ ვიცნობ მაგ კაცს, ვისზეც მელაპარაკებით“.+
72 და მამალმაც იყივლა მეორედ.+ გაახსენდა პეტრეს იესოს ნათქვამი, სანამ მამალი ორჯერ იყივლებს, სამჯერ უარმყოფო,+ თავი ვეღარ შეიკავა და ატირდა.+
სქოლიოები
^ სურნელოვანი ზეთი. როგორც ჩანს, ამზადებდნენ ერთ-ერთი მცენარისგან, რომელიც ჰიმალაის მთებში იზრდებოდა.
^ ბერძნულად ფსიქე. იხილეთ დანართი 2ა.
^ არამეული სიტყვა, რომელიც ნიშნავს მამას.
^ ებრაელების უზენაესი სასამართლო.