მარკოზი 4:1—41
4 იესო კვლავ ზღვის პირას ასწავლიდა.+ მის მახლობლად იმდენმა ხალხმა მოიყარა თავი, რომ ნავში ჩაჯდა და ზღვაში შეცურა, ხალხი კი ნაპირზე დარჩა.+
2 ბევრ რამეს ასწავლიდა მათ მაგალითებით+ და ეუბნებოდა:+
3 „მოისმინეთ. გამოვიდა მთესველი დასათესად.+
4 თესვისას ზოგი თესლი გზის პირას დავარდა, მოფრინდნენ ფრინველები და აკენკეს.+
5 ზოგი კლდოვან ადგილზე დავარდა, სადაც მიწა ბევრი არ იყო, და მალევე აღმოცენდა, რადგან მიწას სიღრმე არ ჰქონდა;+
6 მაგრამ მზე რომ ამოვიდა, დაჭკნა და, რადგან ფესვი არ ჰქონდა, გახმა.+
7 ზოგიც ეკლებში ჩავარდა, გაიზარდა ეკლები, მოაშთო ისინი და ნაყოფი ვეღარ გამოიღო.+
8 ზოგი კი კარგ მიწაზე+ დავარდა, აღმოცენდა, გაიზარდა და ნაყოფი გამოიღო: ზოგმა — ოცდაათი, ზოგმა — სამოცი და ზოგმაც — ასი“.+
9 შემდეგ დასძინა: „ვისაც ყური აქვს მოსასმენად, მოისმინოს“.+
10 ხალხი რომ დაიშალა, იესოსთან დარჩენილებმა და თორმეტმა შეკითხვები დაუსვეს მოყვანილ მაგალითებზე.+
11 მან უთხრა მათ: „თქვენ მოცემული გაქვთ ღვთის სამეფოს წმინდა საიდუმლო,+ გარეშეებს კი ყველაფერს მაგალითებით ველაპარაკები,+
12 რათა, თუმცა იყურებიან, უყურონ, მაგრამ ვერ დაინახონ, თუმცა ისმენენ, მოისმინონ, მაგრამ აზრს ვერ ჩასწვდნენ, ვერც მობრუნდნენ და არც ეპატიოთ“.+
13 შემდეგ უთხრა მათ: „ეს მაგალითი თუ არ გესმით, სხვებს როგორღა გაიგებთ?
14 მთესველი თესავს სიტყვას.+
15 აი ისინი, რომლებიც გზის პირას არიან, სადაც სიტყვა ითესება; როგორც კი მოისმენენ, სატანა მოდის+ და მიაქვს მათში ჩათესილი სიტყვა.+
16 არიან კლდოვან ადგილზე დათესილებიც. როგორც კი მოისმენენ სიტყვას, მაშინვე სიხარულით იღებენ.+
17 მათ ფესვი არა აქვთ და, თუმცა გარკვეული დროით რჩებიან, როგორც კი გასაჭირი ან დევნა იწყება სიტყვის გამო, მაშინვე ბრკოლდებიან.+
18 არიან ეკლებში დათესილებიც, რომლებმაც მოისმინეს სიტყვა,+
19 მაგრამ ქვეყნიერების* საზრუნავი,+ სიმდიდრის მაცდუნებელი ძალა+ და სხვა ყველაფრის სურვილი+ იჭრება მათში, აშთობს სიტყვას და ის უნაყოფო ხდება.+
20 კარგ მიწაზე დათესილები კი ისინი არიან, რომლებიც ისმენენ სიტყვას, კეთილგანწყობილებით იღებენ და გამოაქვთ ნაყოფი: ზოგს — ოცდაათი, ზოგს — სამოცი და ზოგს — ასი“.+
21 შემდეგ უთხრა მათ: „განა იმისთვის გამოაქვთ ლამპარი, რომ საწყაოს ანდა საწოლის ქვეშ დადგან? განა სალამპრეზე დასადგამად არ გამოაქვთ?+
22 არაფერია დაფარული, რაც არ გაცხადდება, და საგულდაგულოდ დამალული, რაც არ გამოაშკარავდება.+
23 ვისაც ყური აქვს მოსასმენად, მოისმინოს“.+
24 მერე უთხრა მათ: „დაუკვირდით, რასაც ისმენთ.+ რომელი საწყაოთიც მიუწყავთ, იმავეთი მოგეწყვებათ,+ დიახ, ამაზე მეტიც მოგეცემათ.+
25 ვისაც აქვს, უფრო მეტი მიეცემა, ხოლო ვისაც არა აქვს, ისიც წაერთმევა, რაც აქვს“.+
26 შემდეგ განაგრძო: „ღვთის სამეფო იმას ჰგავს, კაცი რომ თესლს აგდებს მიწაზე.+
27 ღამით იძინებს, დღისით იღვიძებს. თესლი აღმოცენდება და იზრდება, მან კი არ იცის, როგორ.+
28 მიწას თავისით გამოაქვს ნაყოფი თანდათანობით: ჯერ ჯეჯილი, მერე თავთავი, ბოლოს კი სავსე მარცვალი თავთავში.
29 როგორც კი მწიფდება ნაყოფი, კაცი ნამგალს იმარჯვებს, რადგან მკის დრო მოვიდა“.
30 შემდეგ განაგრძო: „რას შევადაროთ ღვთის სამეფო ან როგორი მაგალითით აღვწეროთ?+
31 ის ჰგავს მდოგვის მარცვალს, რომელიც მიწაში ჩათესვისას ყველაზე პატარა თესლია დედამიწაზე.+
32 დათესვის მერე კი, როცა ამოდის, ყველა მწვანილეულზე დიდი ხდება და იმხელა ტოტები+ გამოაქვს, რომ ცის ფრინველები+ მის ჩრდილში იბუდებენ“.+
33 ბევრი ასეთი მაგალითით+ ეუბნებოდა მათ სიტყვას, რამდენის მოსმენაც შეეძლოთ.
34 მაგალითის გარეშე არაფერს ეუბნებოდა მათ, ხოლო თავის მოწაფეებს ყველაფერს უხსნიდა ცალკე.+
35 იმავე დღეს, საღამო ხანს, უთხრა მათ: „გაღმა გავიდეთ“.+
36 ხალხი რომ გაუშვეს, ის იმავე ნავით წაიყვანეს, რომელშიც იჯდა. სხვა ნავებითაც გაჰყვნენ.+
37 უცებ საშინელი ქარიშხალი ამოვარდა. ტალღები ნავს ეხეთქებოდა. ცოტაც და ნავი წყლით აივსებოდა.+
38 ის კი კიჩოზე იყო, თავი სასთუმალზე ედო და ეძინა. გააღვიძეს და უთხრეს: „მოძღვარო, ნუთუ შენთვის სულერთია, რომ ვიღუპებით?“+
39 მან გაიღვიძა, ქარი შერისხა და ზღვას მიმართა: „დაწყნარდი! ჩაცხრი!“+ ქარი ჩადგა და დიდი სიწყნარე ჩამოვარდა.+
40 შემდეგ უთხრა მათ: „რამ შეგაშინათ? ჯერ კიდევ არა გაქვთ რწმენა?“
41 მათ ძალიან შეეშინდათ და ერთმანეთს ეუბნებოდნენ: „ნეტავ ეს ვინ არის, რომ ქარიცა და ზღვაც მას ემორჩილება?“+
სქოლიოები
^ ბერძნულად ეონ, რაც ნიშნავს გარკვეულ სისტემას ან წყობას.