მარკოზი 5:1—43
5 გავიდნენ ზღვის გაღმა, გერასელთა მხარეში.+
2 როგორც კი ნავიდან გადმოვიდა, შემოხვდა სამარხებიდან გამოსული ერთი უწმინდური სულით შეპყრობილი კაცი,+
3 რომელსაც თავშესაფარი სამარხებს შორის ჰქონდა. აქამდე ჯაჭვებითაც კი ვერავინ კრავდა მას.
4 არაერთხელ შეუკრავთ ბორკილებითა და ჯაჭვებით, მაგრამ ჯაჭვებს წყვეტდა და ბორკილებს ამტვრევდა. არავის შესწევდა მისი დამორჩილების ძალა.
5 დღედაღამ სამარხებსა და მთებში ღრიალებდა და ქვებით ისერავდა სხეულს.
6 შორიდან დაინახა თუ არა იესო, მიირბინა მასთან და მდაბლად თაყვანი სცა.
7 მერე ხმამაღლა+ უთხრა: „რა მაქვს შენთან საერთო იესო, უზენაესის ძეო?+ ღმერთს გაფიცებ,+ არ დამტანჯო“.+
8 ასე იმიტომ თქვა, რომ იესო ეუბნებოდა: „გამოდი ამ კაცისგან, უწმინდურო სულო“.+
9 იესომ ჰკითხა მას: „რა გქვია?“ მან მიუგო: „ლეგიონი,+ რადგან ბევრნი ვართ“.+
10 ის ბევრს ეხვეწებოდა იესოს, რომ სულები არ გაეყარა იმ მხარიდან.+
11 იქვე, მთასთან, ღორების დიდი კოლტი+ ბალახს ჭამდა.+
12 უწმინდური სულები შეეხვეწნენ იესოს, ღორებისკენ გაგვიშვი, მათში შევალთო.
13 მან ნება დართო და გამოსული უწმინდური სულები ღორებში შევიდნენ. კოლტი კბოდედან ზღვაში გადაეშვა და ორიათასამდე ღორი ერთმანეთის მიყოლებით დაიხრჩო.+
14 ღორების მწყემსები გაიქცნენ და ეს ამბავი ქალაქსა და სოფლებს შეატყობინეს. ხალხი მომხდარის სანახავად მივიდა.+
15 იესოსთან მისულებმა დაინახეს ის დემონებით შეპყრობილი კაცი, რომელსაც ლეგიონი ჰყავდა. ჩაცმული იჯდა და საღი აზროვნება დაბრუნებოდა. ხალხი შეშინდა.
16 თვითმხილველებმაც უამბეს მათ, რა მოუვიდათ დემონებით შეპყრობილ კაცსა და ღორებს.
17 შემდეგ შეეხვეწნენ იესოს, იქაურობას გასცლოდა.+
18 იესო რომ ნავში ჯდებოდა, კაცი, რომელიც დემონებით იყო შეპყრობილი, ეხვეწებოდა, შენთან ერთად წამოვალო.+
19 მან ნება არ დართო, მაგრამ უთხრა: „წადი სახლში შენიანებთან+ და უამბე ყველაფერი, რაც იეჰოვამ+ გაგიკეთა და როგორ შეგიწყალა“.+
20 წავიდა იგი და დეკაპოლისში+ ყველას იმაზე ელაპარაკებოდა, რაც იესომ გაუკეთა. ყველას უკვირდა.+
21 როცა ნავით გამოღმა გამოვიდა, იესოსთან დიდძალი ხალხი შეიკრიბა. ის ზღვის პირას იყო.+
22 მოვიდა სინაგოგის ერთ-ერთი წინამძღვარი, სახელად იაიროსი, და დაინახა თუ არა იესო, მის ფეხებთან დაემხო+
23 და ბევრს ეხვეწებოდა: „გოგო ძალიან ცუდად მყავს. წამოდი, ხელი დაადე,+ რომ გამოჯანმრთელდეს და იცოცხლოს“.+
24 იესოც წავიდა. დიდძალი ხალხი მიჰყვებოდა უკან და ზედ აწყდებოდა.+
25 მათ შორის იყო ერთი ქალი, რომელიც თორმეტი წელი+ სისხლდენით იტანჯებოდა.+
26 ექიმებისგან ბევრი ტკივილი ჰქონდა გადატანილი,+ მთელი სახსრები დახარჯა, მაგრამ არაფერმა უშველა და უარეს დღეში ჩავარდა.
27 იესოს ამბავი რომ გაიგო, ხალხში უკნიდან მიუახლოვდა მას და ტანსაცმელზე შეეხო,+
28 რადგან თავისთვის ამბობდა, ტანსაცმელზეც რომ შევეხო, გამოვჯანმრთელდებიო.+
29 სისხლდენა მაშინვე შეუჩერდა და სხეულით იგრძნო, რომ მძიმე დაავადებისგან განიკურნა.+
30 იესომაც მაშინვე იგრძნო, რომ ძალა+ გავიდა მისგან. მიუბრუნდა ხალხს და იკითხა: „ვინ შემეხო ტანსაცმელზე?“+
31 მოწაფეებმა მიუგეს: „ხომ ხედავ, ხალხი ზედ გაწყდება,+ შენ კი კითხულობ, ვინ შემეხოო“.
32 იესომ მიმოიხედა, რომ დაენახა, ვინ შეეხო.
33 ის ქალი კი, რადგან იცოდა, რაც მოუვიდა, შიშითა და კანკალით მივიდა, მის წინაშე დაემხო და მთელი სიმართლე მოუყვა.+
34 იესომ უთხრა მას: „შვილო, შენმა რწმენამ გამოგაჯანმრთელა. წადი მშვიდობით.+ განიკურნე მძიმე დაავადებისგან“.+
35 ჯერ ლაპარაკი არ დაემთავრებინა, რომ სინაგოგის წინამძღვრის სახლიდან რამდენიმე კაცი მოვიდა და უთხრა მას: „შენი ასული მოკვდა! რატომღა აწუხებ მოძღვარს?“+
36 იესომ ყური მოჰკრა ამ სიტყვებს და სინაგოგის წინამძღვარს უთხრა: „ნუ გეშინია, მხოლოდ გწამდეს“.+
37 პეტრეს, იაკობისა და მისი ძმის, იოანეს გარდა, არავის დართო ნება, რომ წაჰყოლოდნენ.+
38 ისინი მივიდნენ სინაგოგის წინამძღვრის სახლში. დაინახა იესომ, რომ ხალხი ჩოჩქოლებდა, ტიროდა და მოთქვამდა.
39 შევიდა და უთხრა მათ: „რას ჩოჩქოლებთ და ტირით? ბავშვი არ მომკვდარა, მხოლოდ სძინავს“.+
40 მათ ეს სიცილად არ ეყოთ. მან კი ყველა გარეთ გაუშვა, წაიყოლა ბავშვის დედ-მამა და თავისთან მყოფები და შევიდა იმ ოთახში, სადაც ბავშვი იწვა.+
41 ხელზე ხელი მოჰკიდა მას და უთხრა: „ტალითა კუმი“, რაც ასე ითარგმნება: „გოგონა, შენ გეუბნები, ადექი!“+
42 გოგონა მაშინვე წამოდგა და გაიარა. თორმეტი წლისა იყო იგი. იქ მყოფთა აღტაცებას საზღვარი არ ჰქონდა.+
43 იესო უბრძანებდა მათ, არავის გაეგო+ ეს ამბავი. მერე კი თქვა, გოგონასთვის საჭმელი მიეცათ.