მარკოზი 8:1—38
8 იმ დღეებში, როცა კვლავ მოგროვდა დიდძალი ხალხი და საჭმელი არაფერი ჰქონდათ, მან მოწაფეებს მოუხმო და უთხრა:+
2 „გული მეწვის+ ამ ხალხის გამო, უკვე სამი დღეა ჩემთან არიან და საჭმელი არაფერი აქვთ.
3 სახლებში უჭმელად რომ გავუშვა, გზაში დასუსტდებიან. ზოგი მათგანი შორიდან არის მოსული“.
4 მოწაფეებმა მიუგეს: „ვინ დააპურებს ამდენ ხალხს ამ მიყრუებულ ადგილას?“+
5 იესომ ჰკითხა მათ: „რამდენი პური გაქვთ?“ „შვიდი“,+ — მიუგეს მათ.
6 მაშინ ხალხს უბრძანა, მიწაზე დამსხდარიყვნენ. აიღო ის შვიდი პური, ღმერთს მადლობა გადაუხადა,+ დაამტვრია და მოწაფეებს მისცა, რომ ხალხისთვის ჩამოერიგებინათ და მათაც ჩამოურიგეს.+
7 რამდენიმე თევზიც ჰქონდათ. ილოცა და უთხრა მათ, რომ ხალხისთვის ჩამოერიგებინათ.+
8 ჭამეს, გაძღნენ და დარჩენილი ნატეხებით შვიდი გოდორი გაავსეს.+
9 იქ ოთხი ათასამდე კაცი იყო. ბოლოს გაუშვა ისინი.+
10 მაშინვე ჩაჯდა ნავში მოწაფეებთან ერთად და დალმანუთას+ მიადგა.
11 გამოვიდნენ ფარისევლები და დავა დაუწყეს, გამოსაცდელად ნიშანს სთხოვდნენ ციდან.+
12 იესომ მძიმედ ამოიოხრა+ სულით და თქვა: „რატომ ეძებს ეს თაობა ნიშანს? ჭეშმარიტებას გეუბნებით: ამ თაობას ნიშანი არ მიეცემა“.+
13 დატოვა ისინი, ჩაჯდა ნავში და მეორე ნაპირზე გავიდა.
14 მათ პურის წაღება დაავიწყდათ, ნავში კი ერთი პურის მეტი არ ჰქონდათ.+
15 მან გააფრთხილა ისინი: „იფხიზლეთ და უფრთხილდით ფარისევლებისა და ჰეროდეს საფუარს“.+
16 მათ კი იმაზე დაიწყეს კამათი, რომ პური არ ჰქონდათ.+
17 ეს რომ შეამჩნია, უთხრა მათ: «რატომ კამათობთ იმაზე, რომ პური არა გაქვთ?+ ნუთუ ჯერ კიდევ ვერაფერს ხვდებით და არაფერი გესმით? ნუთუ დახშული გაქვთ გულები?+
18 „თვალები გაქვთ და ნუთუ ვერ ხედავთ? ყურები გაქვთ და ნუთუ არ გესმით?“+ ნუთუ არ გახსოვთ,
19 ხუთი პური+ რომ დავამტვრიე ხუთი ათასი კაცისთვის, რამდენი კალათი აავსეთ დარჩენილი ნატეხებით?» „თორმეტი“,+ — მიუგეს მათ.
20 „შვიდი პური რომ დავამტვრიე ოთხი ათასი კაცისთვის, რამდენი გოდორი გაავსეთ დარჩენილი ნატეხებით?“ „შვიდი“,+ — მიუგეს მათ.
21 მაშინ ჰკითხა: „მაინც ვერ ხვდებით?“+
22 ბეთსაიდას რომ მიადგნენ, ერთი უსინათლო კაცი მიუყვანეს და შეეხვეწნენ, შეეხეო.+
23 ხელი მოჰკიდა უსინათლოს და სოფლიდან გაიყვანა. თვალებზე დააფურთხა,+ ხელები დაადო და ჰკითხა: „ხედავ რამეს?“
24 კაცმა აიხედა და მიუგო: „ადამიანებს ვხედავ, თითქოს ხეებივით არიან და აქეთ-იქით დადიან“.
25 მაშინ ისევ დაადო ხელები თვალებზე და კაცმა ნათლად დაინახა, მხედველობა დაუბრუნდა და ყველაფერს გარკვევით ხედავდა.
26 სახლში გაუშვა და უთხრა: „სოფელში ნუ შეხვალ“.+
27 იესო მოწაფეებთან ერთად ფილიპეს კესარეის სოფლებში წავიდა. გზაში მათ გამოკითხვა დაუწყო: „რას ამბობს ხალხი ჩემზე, ვინ არისო?“+
28 „ზოგი ამბობს იოანე ნათლისმცემელიაო,+ ზოგი — ელიააო,+ ზოგი კი — ერთ-ერთი წინასწარმეტყველიაო“,+ — მიუგეს მათ.
29 „თქვენ რას იტყვით, ვინა ვარ?“ — ჰკითხა მან. „შენა ხარ ქრისტე“,+ — მიუგო პეტრემ.
30 იესომ მკაცრად გააფრთხილა ისინი, რომ მის შესახებ არავისთვის ეთქვათ.+
31 ის იმასაც ასწავლიდა, რომ კაცის ძეს ბევრი უნდა ეტანჯა, უარყოფდნენ უხუცესები, უფროსი მღვდლები და მწიგნობრები, მოკლავდნენ+ და მესამე დღეს აღდგებოდა.+
32 ასე პირდაპირ რომ ამბობდა ამას, პეტრემ გვერდზე გაიყვანა და გაკიცხვა დაუწყო.+
33 ის მობრუნდა, თავის მოწაფეებს გადახედა და პეტრეს გაუწყრა: „მომცილდი, სატანა! შენ ღვთიურზე კი არა, ადამიანურზე ფიქრობ“.+
34 შემდეგ თავის მოწაფეებთან ერთად ხალხიც მოიხმო და უთხრა: „თუ ვინმეს უნდა, რომ მომყვეს, უარყოს საკუთარი თავი, აიღოს თავისი წამების ბოძი* და გამომყვეს,+
35 რადგან ვისაც სურს თავისი სულის* ხსნა, დაკარგავს მას, ხოლო ვინც ჩემი და სასიხარულო ცნობის გულისთვის დაკარგავს სულს, იხსნის მას.+
36 აბა, რას არგებს კაცს, თუ მთელ ქვეყნიერებას შეიძენს, სულს კი დაკარგავს?+
37 ანდა რას გაიღებს კაცი თავისი სულის სანაცვლოდ?+
38 ვისაც შერცხვება ჩემ გამო და ჩემი სიტყვების გამო ამ მრუშ და ცოდვილ მოდგმაში, კაცის ძესაც შერცხვება+ მის გამო, როცა თავისი მამის დიდებით წმინდა ანგელოზებთან ერთად მოვა“.+