ნაუმი 3:1—19

3  ვაი სისხლისმღვრელ ქალაქს!+ მზაკვრობითა და ძარცვით არის სავსე. არ წყვეტს მტაცებლობას!  ისმის მათრახის ხმა+ და ბორბლის გრიალი, დაქრის ცხენი და გრიალებს ეტლი.+  მხედარი, მახვილის ბზინვარება, შუბის ელვა,+ უამრავი დახოცილი და გვამების დიდი გროვა; ბოლო არ უჩანს გვამებს. გვამებზე ბორძიკობენ ისინი.  ეს იმიტომ, რომ ბევრს მეძაობს მეძავი,+ რომელიც მიმზიდველია თავისი მშვენებით, დახელოვნებულია ჯადოქრობაში, მახეში აბამს ხალხებს თავისი მეძაობით და ერებს — თავისი ჯადოქრობით.+  „შენ წინააღმდეგ გამოვდივარ,+ — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა. — სახეზე აგაფარებ შენს კალთებს, ხალხებს დავანახვებ შენს სიშიშვლეს+ და სამეფოებს — შენს სირცხვილს.  ნაგავს* დაგაყრი,+ საძულველს გაგხდი და სანახაობად გაქცევ.+  ყველა შენი შემხედვარე გაიქცევა+ და იტყვის, გაიძარცვაო ნინევე! ვინ თანაუგრძნობსო მას? სად გიპოვო ნუგეშისმცემლები?  განა ნო-ამონზე+ უკეთესი ხარ, ნილოსის არხებთან+ რომ იჯდა?! წყლით იყო გარემოცული, ზღვა იყო მისი სიმდიდრე და გალავანი.  ეთიოპია და ეგვიპტე+ იყო მისი უსაზღვრო ძლევამოსილება. მას ეხმარებოდნენ ფუტი და ლიბიელნი.+ 10  თუმცა მაინც მოუწია გადასახლება, ტყვეობაში წავიდა.+ ყველა ქუჩის თავში შეუმუსრეს ბავშვები,+ წილი ყარეს მის დიდებულებზე+ და ბორკილები დაადეს მის წარჩინებულებს.+ 11  შენც დათვრები და გაუჩინარდები.+ სიმაგრეს დაუწყებ ძებნას+ მტრისგან თავის დასაცავად.+ 12  შენი ციხესიმაგრეები ჰგავს ლეღვის ხეებს, რომლებსაც პირველი ნაყოფი გამოუღიათ. თუ შეარხევენ, ნაყოფი პირში ჩაუცვივდება მჭამელს.+ 13  შენში მცხოვრები ხალხი ქალებს ჰგვანან.+ გაიღება შენი მტრების წინ შენი ქვეყნის კარიბჭეები; ცეცხლი შთანთქავს შენს ურდულებს.+ 14  მოიმარაგე წყალი იმ დროისთვის, როცა ალყაში იქნები,+ გაიმაგრე ციხესიმაგრეები!+ ჩადექი ტალახში და ზილე თიხა! ხელი მოჰკიდე აგურის ყალიბს. 15  იქაც გშთანთქავს ცეცხლი, მახვილი მოგსპობს,+ კალიის მატლივით+ გშთანთქავს ის. კალიის მატლივით გამრავლდი, კალიასავით გამრავლდი. 16  ცის ვარსკვლავებზე მეტად გაიმრავლე ვაჭრები.+ კანს იძრობს კალიის მატლი და მიფრინავს. 17  შენი მცველები კალიას ჰგვანან, ჯარში გამწვევები კი — კალიების გუნდებს. ცივ დღეს ქვით ნაშენ ფარეხებში იბუდებენ. როგორც კი მზე გამოანათებს, მაშინვე გამოფრინდებიან და ვერავინ გაიგებს მათ ასავალ-დასავალს.+ 18  თვლემენ შენი მწყემსები,+ ასურეთის მეფეო, შენი დიდებულები რჩებიან თავ-თავიანთ საცხოვრებლებში.+ შენი ხალხი მთებზე მიმოფანტულა, არავინაა მათი შემკრები.+ 19  არ შემსუბუქდება შენი უბედურება. უკურნებელია დარტყმით მიყენებული შენი ჭრილობა.+ ყველა, ვინც შენს ამბავს გაიგებს, ტაშს შემოჰკრავს,+ რადგან ვის არ უგრძვნია შენი გაუთავებელი ბოროტება?“+

სქოლიოები

ანუ სისაძაგლეებს.