რიცხვები 11:1—35

11  თითქოს დიდ უბედურებაში ყოფილიყვნენ, დაიწყო ხალხმა ჩივილი იეჰოვას გასაგონად.+ გაიგონა იეჰოვამ, აღიგზნო მისი რისხვა, აენთო იეჰოვას ცეცხლი მათ წინააღმდეგ და შთანთქავდა ბანაკის ნაპირს.+  შეღაღადა მოსეს ხალხმა; ისიც შეევედრა იეჰოვას+ და დაცხრა ცეცხლი.  იმ ადგილს თაბერა*+ დაერქვა, რადგან იეჰოვას ცეცხლი აენთო მათ წინააღმდეგ.  მათთან მყოფი ჭრელი ხალხი+ გულისთქმას აჰყვა.+ კვლავ ატირდნენ ისრაელის ძეები: „ვინ გვაჭმევს ხორცს?+  რა კარგი იყო, მუქთად რომ ვჭამდით ეგვიპტეში თევზს,+ კიტრს, საზამთროს, პრასს, ხახვსა და ნიორს!  ახლა კი სული გვძვრება, ჩამოვხმით. მანანას მეტს ვერაფერს ხედავს ჩვენი თვალი“.+  მანანა+ ქინძის+ თესლივით იყო და სამყეს ფისს* წააგავდა.+  ხალხი გაიფანტებოდა, კრეფდა+ და ხელსაფქვავში ფქვავდა ან როდინში ნაყავდა. ქვაბში ხარშავდნენ+ ან კვერებს აკეთებდნენ. მას ზეთიანი ტკბილი კვერის გემო ჰქონდა.+  ღამით ბანაკს ნამთან ერთად მანანაც ეფინებოდა.+ 10  გაიგო მოსემ, რომ ტიროდა ხალხი თავიანთ ოჯახებში, თითოეული თავისი კარვის შესასვლელთან. დიდად აღიგზნო იეჰოვას რისხვა.+ არც მოსეს თვალში იყო ეს მოსაწონი.+ 11  უთხრა მოსემ იეჰოვას: „რატომ გაიმეტე შენი მსახური ბოროტებისთვის, რატომ ვერ ვპოვე წყალობა შენს თვალში, რომ მთელი ამ ხალხის ტვირთი ამკიდე?+ 12  მე ჩავსახე მთელი ეს ხალხი? მე გავაჩინე, რომ მეუბნები, უბით ატარე,+ როგორც გამზრდელი ატარებსო ძუძუთა ბავშვს,+ და მიიყვანეო იმ მიწაზე, რომლის მიცემაც მათ მამა-პაპას დაუფიცე?+ 13  საიდან მოვუტანო ხორცი ამდენ ხალხს? შემომტირიან, მოგვეცი ხორცი და გვაჭამეო! 14  არ შემიძლია ამ ხალხის მარტო ტარება, რადგან ძალიან მძიმეა ჩემთვის.+ 15  თუ ასე მექცევი, ბარემ მომკალი,+ რომ არ ვნახო ჩემი უბედურება, თუ წყალობა მიპოვია შენს თვალში“. 16  მიუგო იეჰოვამ მოსეს: «შემიკრიბე სამოცდაათი კაცი ისრაელის უხუცესებიდან,+ ვისაც იცნობ, ხალხის უხუცესები და ზედამხედველები,+ მიიყვანე ისინი შეხვედრის კარავთან და იყვნენ იქ შენთან ერთად. 17  ჩამოვალ იქ+ და დაგელაპარაკები.+ ავიღებ შენზე დავანებული სულის ნაწილს+ და მოვაფენ მათ. ისინი დაგეხმარებიან ხალხის ტვირთის ტარებაში, მარტო შენ რომ არ ატარო.+ 18  უთხარი ხალხს: „განიწმინდეთ ხვალისთვის ხორცის საჭმელად,+ რადგან იეჰოვას გასაგონად ტიროდით,+ ვინ გვაჭმევსო ხორცს, ეგვიპტეში კარგად ვიყავითო.+ მოგცემთ იეჰოვა ხორცს და შეჭამთ.+ 19  შეჭამთ არა ერთ, ორ, ხუთ, ათ და ოც დღეს, 20  არამედ მთელ თვეს, სანამ ნესტოებიდან არ გადმოგივათ და არ შეგზიზღდებათ,+ რადგან უარყავით იეჰოვა, რომელიც თქვენ შორისაა და რომელსაც შესტიროდით, რატომ წამოვედითო ეგვიპტიდან“».+ 21  მოსემ მიუგო: „ექვსასი ათასი კაცია ჩემთან,+ შენ კი ამბობ, ხორცს მივცემ და მთელ თვეს შეჭამენო. 22  მთელი ცხვარ-ძროხა უნდა დავუკლათ, რომ ეყოთ?!+ მთელი ზღვის თევზი უნდა დავიჭიროთ, რომ ეყოთ?!“ 23  მიუგო იეჰოვამ მოსეს: „განა მოკლეა იეჰოვას ხელი?!+ ახლა ნახავ, აგისრულდება თუ არა ჩემი ნათქვამი“.+ 24  გავიდა მოსე და გადასცა ხალხს იეჰოვას სიტყვები. გამოარჩია სამოცდაათი კაცი ხალხის უხუცესებიდან და კარვის ირგვლივ დააყენა.+ 25  ჩამოვიდა იეჰოვა ღრუბელში,+ ელაპარაკა მას,+ აიღო მასზე დავანებული სულის ნაწილი+ და სამოცდაათივე უხუცესს მოჰფინა. როგორც კი სული მოეფინა მათ, აწინასწარმეტყველდნენ*, მაგრამ ასე მეტად აღარ მოქცეულან.+ 26  ორი მათგანი ბანაკში იყო. ერთს ელდადი ერქვა, მეორეს — მედადი. მათაც მოეფინათ სული, რადგან ჩაწერილთა შორის იყვნენ, თუმცა კარავთან არ მისულან. ისინიც აწინასწარმეტყველდნენ ბანაკში. 27  მიირბინა ერთმა ყმაწვილმა და ამბავი მიიტანა: „ელდადი და მედადი წინასწარმეტყველებენ ბანაკში!“ 28  ამაზე იესო ნავეს ძემ, სიყმაწვილიდან მოსეს მსახურმა,+ თქვა: „მოსე, ჩემო ბატონო, შეაჩერე ისინი!“+ 29  მაგრამ მოსემ უთხრა: „ჩემდამი მოშურნეობა ხომ არ გალაპარაკებს? ნეტავ იეჰოვას ხალხიდან ყველა წინასწარმეტყველი იყოს, იეჰოვა თავის სულს მოჰფენდა მათ!“+ 30  შემდეგ მოსე და ისრაელის უხუცესები ბანაკში დაბრუნდნენ. 31  დაუბერა ქარმა+ იეჰოვასგან და მორეკა ზღვიდან მწყერი+ მიწის პირიდან ორი წყრთის სიმაღლეზე, ერთი დღის სავალზე იქით და ერთი დღის სავალზე აქეთ, ბანაკის ირგვლივ. 32  ხალხი მთელი დღე და ღამე და მთელი მომდევნო დღე აგროვებდა მწყერს. ათ ხომერზე*+ ცოტა არავის შეუგროვებია და ყველგან მოფინეს ბანაკის ირგვლივ. 33  ჯერ კიდევ კბილებში ჰქონდათ ხორცი,+ დაღეჭილიც არ ჰქონდათ, რომ აღეგზნო იეჰოვას რისხვა+ ხალხზე და გაჟლიტა ისინი იეჰოვამ.+ 34  იმ ადგილს კიბროთ-ჰათაავა* დაერქვა,+ რადგან იქ დაიმარხა ხარბი ხალხი.+ 35  გაემართა ხალხი კიბროთ-ჰათაავადან ხაცეროთისკენ და ხაცეროთში გაჩერდნენ.+

სქოლიოები

ნიშნავს წვას, დიდ ხანძარს, ცეცხლს.
სურნელოვანი წებოვანი წვენი, სმირნის მსგავსი.
ან წინასწარმეტყველებივით იქცეოდნენ, რაც შეიძლება მიუთითებდეს წინასწარმეტყველთა უჩვეულო მოქმედებაზე. ზოგჯერ ისინი უცნაური და შეშლილი ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებდნენ.
ერთი ხომერი უდრის 220 ლიტრს. იხილეთ დანართი 6ა.
ნიშნავს სიხარბის სასაფლაოს.