რიცხვები 5:1—31
5 ელაპარაკა იეჰოვა მოსეს:
2 „უბრძანე ისრაელის ძეებს, რომ ბანაკიდან გაუშვან ყველა კეთროვანი,+ ყველა გამონადენიანი+ და მკვდრით* გაუწმინდურებული.+
3 კაციც გაუშვით და ქალიც. გაუშვით ბანაკიდან,+ რომ არ წაბილწონ+ თავიანთი ბანაკები, რადგან მათ შორის ვმკვიდრობ“.+
4 ისრაელის ძეებიც ასე მოიქცნენ და გაუშვეს ისინი ბანაკის გარეთ. ისე გააკეთეს ისრაელის ძეებმა, როგორც იეჰოვამ უთხრა მოსეს.
5 კვლავ უთხრა იეჰოვამ მოსეს:
6 „უთხარი ისრაელის ძეებს: თუ ვინმე, კაცი იქნება თუ ქალი, ჩაიდენს ცოდვას, რაც კი ადამიანმა შეიძლება ჩაიდინოს, და ორგულად მოექცევა იეჰოვას, დამნაშავე იქნება ის*.+
7 აღიაროს+ მან ჩადენილი ცოდვა, მთლიანად ზღოს დანაშაული, დაუმატოს მეხუთედი+ და მისცეს მას, ვისაც ცუდად მოექცა.
8 თუ დაზარალებულს ახლო ნათესავი არ ჰყავს, დანაშაულის საზღაური რომ გადაეცეს, მაშინ დანაშაულის საზღაური, რომელიც იეჰოვას გადაეცემა, მღვდლისაა, გამოსასყიდი ვერძის გარდა, რითაც ის მისთვის გამოსყიდვის წესს შეასრულებს.+
9 ისრაელის ძეების სიწმინდეებიდან+ თითოეული შესაწირავი,+ რომელსაც მღვდელს მიუტანენ, მისი იქნება.+
10 რა სიწმინდეც არ უნდა შესწირონ, ის მისია. რაც არ უნდა მისცენ მღვდელს, ის მისი იქნება“.
11 უთხრა იეჰოვამ მოსეს:
12 «უთხარი ისრაელის ძეებს: თუ ვინმეს ცოლი გზას ასცდება და ქმარს უღალატებს,+
13 სხვა კაცი დაწვება მასთან და თესლს დაღვრის,+ დაფარული იქნება ეს მისი ქმრისთვის+ და არ გამჟღავნდება, გაიუწმინდურებს ქალი თავს, მაგრამ მის წინააღმდეგ მოწმე არ იქნება და არავინ წაასწრებს,
14 ქმარს ეჭვიანობის სული+ შეიპყრობს და დაეჭვდება ცოლის ერთგულებაში, და ქალი მართლა გაუწმინდურებულია, ან თუ ქმარს ეჭვიანობის სული შეიპყრობს და დაეჭვდება ცოლის ერთგულებაში, ქალი კი არ იქნება გაუწმინდურებული,
15 მაშინ ცოლი მღვდელთან უნდა მიიყვანოს+ და თან მიიტანოს მისი შესაწირავი, მეათედი ეფა ქერის ფქვილი. არ დაასხას ზეთი და არ დააყაროს გუნდრუკი,+ რადგან ეს ეჭვიანობის მარცვლეული შესაწირავია, სამახსოვრო მარცვლეული შესაწირავი დანაშაულის გასახსენებლად.
16 გაიყვანოს მღვდელმა ქალი და იეჰოვას წინაშე დააყენოს.+
17 აიღოს მღვდელმა თიხის ჭურჭლით წმინდა წყალი, კარვის ძირიდან მტვერი და წყალში ჩაყაროს.
18 დააყენოს მღვდელმა ქალი იეჰოვას წინაშე, გაუშალოს თმა და ხელისგულებზე დაუყაროს სამახსოვრო მარცვლეული შესაწირავი — ეჭვიანობის მარცვლეული შესაწირავი,+ მღვდელს კი ხელში ეჭიროს დამაწყევარი მწარე წყალი.+
19 დააფიცოს ქალს მღვდელმა და უთხრას: „თუ არ დაწოლილა კაცი შენთან, გზას არ ამცდარხარ და არ გაუწმინდურებულხარ ქმრის ძალაუფლებაში მყოფი,+ არაფერს გავნებს ეს დამაწყევარი მწარე წყალი;
20 მაგრამ თუ გზას ასცდი ქმრის ძალაუფლებაში მყოფი,+ თავი წაიბილწე და შენი ქმრის გარდა სხვამ დაღვარა შენთან თესლი..,“+
21 დააფიცებს მღვდელი ქალს წყევლის ფიცით+ და ეტყვის: „იეჰოვამ გადაგცეს წყევლასა და ფიცს შენს ხალხში, თეძო*+ ამოგიგდოს იეჰოვამ და მუცელი გაგისივოს.
22 შეგივიდეს ეს დამაწყევარი წყალი ნაწლავებში, გაგისივოს მუცელი და თეძო ამოგიგდოს“. ქალმა უნდა თქვას: „ამინ*! ამინ!“
23 ჩაწეროს მღვდელმა წიგნში წყევლა+ და მწარე წყალში ამოავლოს.+
24 დაალევინოს ქალს დამაწყევარი მწარე წყალი+ და სიმწარედ ჩაუვიდეს.
25 აიღოს მღვდელმა ქალის ხელიდან ეჭვიანობის მარცვლეული შესაწირავი,+ შეარხიოს იეჰოვას წინაშე და სამსხვერპლოსთან მიიტანოს.
26 აიღოს მღვდელმა ცოტაოდენი მარცვლეული შესაწირავი გასახსენებლად,+ სამსხვერპლოზე ააბოლოს და დაალევინოს ქალს წყალი.
27 წყალს რომ დაალევინებს, თუ ქალმა თავი წაიბილწა და ქმარს უღალატა,+ დამაწყევარი წყალი მას სიმწარედ ჩაუვა, მუცელი გაუსივდება, თეძო ამოუვარდება და დაწყევლილი იქნება ქალი თავის ხალხში.+
28 მაგრამ თუ ქალს თავი არ წაუბილწავს და წმინდაა, არ დაისჯება;+ და ის უნდა დაორსულდეს თესლით.
29 ეს არის კანონი ეჭვიანობაზე,+ როცა ქალი გზას ასცდება,+ სანამ ქმრისაა,+ და თავს წაიბილწავს,
30 ან როცა კაცს ეჭვიანობის სული შეიპყრობს და ცოლის ერთგულებაში დაეჭვდება: დააყენოს ცოლი იეჰოვას წინაშე და მღვდელმა მის მიმართ აღასრულოს ეს კანონი.
31 კაცი უდანაშაულო იქნება, ცოლი კი პასუხს აგებს თავის დანაშაულზე».
სქოლიოები
^ სიტყვასიტყვით — სულით, ანუ მკვდარი სულით. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.
^ სიტყვასიტყვით — სული. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.
^ თეძოში, როგორც ჩანს, იგულისხმება სასქესო ორგანოები.
^ ებრაულად ამენ, რაც ნიშნავს: დაე, იყოს ასე!