საქმეები 11:1—30
11 იმ დროს იუდეაში მოციქულებმა და ძმებმა გაიგეს, რომ უცხოტომელებმაც+ მიიღეს ღვთის სიტყვა.
2 როცა პეტრე იერუსალიმში ავიდა, წინადაცვეთის+ მომხრეებმა კამათი დაუწყეს იმის გამო,
3 რომ წინადაუცვეთელთა სახლში შევიდა და მათთან ერთად ჭამა.
4 პეტრემ თავიდან დაიწყო და ყველაფერი დაწვრილებით აუხსნა:
5 «ქალაქ იოპეში ვიყავი და ერთხელაც, როცა ვლოცულობდი, ბურანში წავედი და ხილვა ვიხილე: რაღაც ტილოს მსგავსი ოთხივე კიდით ეშვებოდა ციდან და ჩემ წინ გაჩერდა.
6 დავაკვირდი და დავინახე დედამიწის ოთხფეხნი, მხეცები, ქვეწარმავლები და ცის ფრინველები.+
7 და მომესმა ხმა: „პეტრე, ადექი, დაკალი და ჭამე!“+
8 მე კი ვუთხარი: „არა, უფალო, ბილწისა და უწმინდურისთვის პირი არასოდეს დამიკარებია“.+
9 ხმამ ციდან მეორედ მითხრა: „ნუღარ უწოდებ ბილწს იმას, რაც ღმერთმა განწმინდა“.+
10 ეს მესამედაც მოხდა და ყველაფერი ისევ ცაში ავიდა.+
11 თანაც, იმ დროს, სახლს, რომელშიც ვიყავით, სამი კაცი მოადგა. ისინი კესარეიდან იყვნენ გამოგზავნილები ჩემთან.+
12 სულმა+ მითხრა, რომ გავყოლოდი მათ და ეჭვი არაფერში შემპარვოდა. ეს ექვსი ძმაც გამომყვა და იმ კაცის სახლში მივედით.+
13 მან გვიამბო, როგორ იხილა თავის სახლში ანგელოზი, რომელმაც უთხრა: «გაგზავნე კაცები იოპეში და მოაყვანინე სიმონი, პეტრედ წოდებული,+
14 და ის გეტყვის ყველაფერს, რაც გადაგარჩენთ შენ და შენს შინაურებს“.+
15 როცა ლაპარაკი დავიწყე, წმინდა სული გადმოვიდა მათზე, როგორც ჩვენზე თავდაპირველად.+
16 ამაზე უფლის ნათქვამი გამახსენდა: „იოანე წყლით ნათლავდა,+ თქვენ კი წმინდა სულით მოინათლებით“.+
17 ამიტომ, თუ ღმერთმა მათ ისეთივე უსასყიდლო ძღვენი მისცა, როგორიც ჩვენ, ვინც უფალი იესო ქრისტე ვირწმუნეთ,+ მე ვინა ვარ, რომ ღმერთს შევეწინააღმდეგო?»+
18 როცა ეს მოისმინეს, ვეღარაფერი უთხრეს+ და ღმერთი განადიდეს:+ „ღმერთმა უცხოტომელებსაც მისცა იმის ნება, რომ მოინანიონ და იცოცხლონ“.+
19 ისინი კი, ვინც სტეფანეს გამო დამდგარი გასაჭირის დროს მიმოიფანტა,+ მივიდნენ ფინიკიაში,+ კვიპროსსა+ და ანტიოქიაში, მაგრამ იუდეველების გარდა არავის ამცნობდნენ სიტყვას.+
20 ანტიოქიაში მისულთაგან ზოგიერთი კვიპროსელი და კირენელი იყო და ისინი ბერძნულენოვან მოსახლეობას+ აუწყებდნენ სასიხარულო ცნობას უფალ იესოს შესახებ.+
21 იეჰოვას ხელი+ იყო მათთან და დიდძალმა ხალხმა ირწმუნა და უფლისკენ მოიქცა.+
22 ეს ამბავი იერუსალიმის კრებამ შეიტყო და მათ ბარნაბა+ გაგზავნეს ანტიოქიაში.
23 როცა ის ჩავიდა და ღვთის წყალობა+ იხილა, გაიხარა+ და ყველას ამხნევებდა, რომ მთელი გულით გადაეწყვიტათ, ყოველთვის უფალს მიჰყოლოდნენ.+
24 ბარნაბა კარგი ადამიანი იყო, წმინდა სულითა და რწმენით სავსე. უამრავი ხალხი შეემატა უფალს.+
25 იქიდან ის ტარსოსში+ წავიდა სავლეს საძებნელად,+
26 იპოვა და ანტიოქიაში მიიყვანა. მთელი წელი იქ იკრიბებოდნენ სხვებთან ერთად და დიდძალ ხალხს ასწავლიდნენ. მოწაფეებს ღვთის განგებით პირველად ანტიოქიაში ეწოდათ ქრისტიანები.+
27 იმ დღეებში იერუსალიმიდან ანტიოქიაში წინასწარმეტყველები+ ჩავიდნენ.
28 ერთი მათგანი, სახელად აგაბე,+ ადგა და სულით აღძრულმა თქვა, რომ დიდი შიმშილობა ჩამოვარდებოდა მთელ ქვეყნიერებაზე,+ რაც კლავდიუსის დროს მოხდა კიდეც.
29 ამიტომ მოწაფეებმა გადაწყვიტეს, იუდეაში ძმებისთვის დახმარება+ გაეგზავნათ, ვინც რამდენს შეძლებდა.+
30 ასეც მოიქცნენ და ბარნაბასა და სავლეს ხელით გაუგზავნეს დახმარება უხუცესებს.+