საქმეები 21:1—40
21 დავშორდით მათ, ქარის მიმართულებით გავცურეთ და პირდაპირ კოსზე მივედით, მეორე დღეს წავედით როდოსზე, იქიდან კი — პატარაში.
2 მოვძებნეთ ფინიკიაში მიმავალი ხომალდი, ავედით მასზე და გავემგზავრეთ.
3 მარცხნივ გამოჩნდა კუნძული კვიპროსი,+ რომელიც უკან მოვიტოვეთ, სირიისკენ+ გავემართეთ და ტვიროსში ჩავედით, რადგან ხომალდი უნდა გადმოეტვირთათ.+
4 იქ მოწაფეები მოვნახეთ და შვიდი დღე დავრჩით. მათ, სულით+ აღძრულებმა, არაერთხელ უთხრეს პავლეს, არ ასულიყო იერუსალიმში.
5 იმ დღეებმა რომ ჩაიარა, იქიდან წამოვედით. მათ კი ყველამ ერთად, ქალებისა და ბავშვების ჩათვლით, ქალაქგარეთ გაგვაცილეს. ზღვის პირას მუხლი მოვიყარეთ,+ ვილოცეთ
6 და ერთმანეთს გამოვემშვიდობეთ.+ ჩვენ ხომალდზე ავედით, ისინი კი სახლებში დაბრუნდნენ.
7 ტვიროსიდან მივედით პტოლემაიდაში, სადაც ხომალდით მგზავრობა დავასრულეთ. იქ ძმები მოვინახულეთ და ერთი დღე მათთან დავრჩით.
8 მეორე დღეს გზას დავადექით და კესარეაში+ მივედით. შევედით მახარობელ ფილიპეს სახლში, რომელიც შვიდიდან+ ერთ-ერთი იყო, და მასთან დავრჩით.
9 მას ოთხი ასული ჰყავდა, რომლებიც წინასწარმეტყველებდნენ.+
10 მასთან დიდხანს დავრჩით და ჩვენი იქ ყოფნის დროს იუდეიდან ჩამოვიდა წინასწარმეტყველი აგაბე.+
11 ის ჩვენთან მოვიდა, პავლეს სარტყელი აიღო, ხელ-ფეხი შეიბოჭა და თქვა: «ასე ამბობს წმინდა სული: „ამ სარტყლის პატრონს იუდეველები ასე შებოჭავენ+ იერუსალიმში და უცხოტომელებს გადასცემენ“».+
12 ეს რომ მოვისმინეთ, ჩვენც და იქაურებიც ვეხვეწებოდით მას, არ ასულიყო+ იერუსალიმში.
13 მაშინ პავლემ გვიპასუხა: „გულს რატომ მიღონებთ+ თქვენი ტირილით?+ დარწმუნებულნი იყავით: მე მზად ვარ არა მხოლოდ შესაბოჭად, არამედ იმისთვისაც, რომ უფალ იესოს სახელისთვის მოვკვდე+ იერუსალიმში“.
14 ვერ გადავათქმევინეთ და ძალაუნებურად დავეთანხმეთ, ვთქვით: „იყოს იეჰოვას ნება“.+
15 ამის შემდეგ გავემზადეთ და იერუსალიმის გზას დავადექით.+
16 თან გამოგვყვა რამდენიმე კესარეელი+ მოწაფე, რათა მივეყვანეთ ერთ-ერთი პირველი მოწაფის, კვიპროსელი მნასონის სახლში, სადაც უნდა გავჩერებულიყავით.
17 იერუსალიმში+ ძმებმა სიხარულით+ მიგვიღეს.
18 მეორე დღეს პავლესთან ერთად წავედით იაკობთან,+ სადაც ყველა უხუცესი შეკრებილიყო.
19 პავლე მიესალმა მათ და დაწვრილებით უამბო,+ რა გააკეთა ღმერთმა უცხოტომელებში მისი მსახურებით.+
20 ეს რომ მოისმინეს, ღვთის განდიდება დაიწყეს და პავლეს ეუბნებოდნენ: „შენ ხედავ, ძმაო, რამდენი ათასი მორწმუნეა იუდეველებს შორის, თანაც კანონის მოშურნეები არიან.+
21 მათ გაგებული აქვთ შენზე, რომ უცხოტომელთა შორის მცხოვრებ იუდეველებს მოსესგან განდგომას ასწავლი+ და ეუბნები, რომ თავიანთი შვილები არ უნდა წინადაცვითონ+ და წეს-ჩვეულებებს არ უნდა მისდიონ.
22 მაშ, რა ვქნათ? ისინი მაინც გაიგებენ, რომ ჩამოხვედი.
23 ამიტომ, რასაც გეტყვით, ის გააკეთე: ჩვენ გვყავს ოთხი კაცი, რომლებსაც აღთქმა აქვთ დადებული.
24 წაიყვანე ისინი+ და მათთან ერთად შეასრულე განწმენდის წეს-ჩვეულება. ხარჯები შენ თავზე აიღე+ და თავები გააკრეჭინე.+ მაშინ ყველა გაიგებს, რომ, რაც შენზე გაუგიათ, უსაფუძვლოა, და რომ შენ სწორად იქცევი და კანონსაც იცავ.+
25 რაც შეეხება მორწმუნეებს უცხოტომელებიდან, მათ ჩვენი გადაწყვეტილება გავუგზავნეთ, რომ თავი დაიცვან კერპთშენაწირისგან,+ სისხლისგან,+ დამხრჩვალისა+ და სიძვისგან“.+
26 მეორე დღეს პავლემ ის კაცები წაიყვანა და მათთან+ ერთად შეასრულა განწმენდის წეს-ჩვეულება. შემდეგ ტაძარში შევიდა, რომ განეცხადებინა განწმენდის დღეების დასრულების+ შესახებ, როცა თითოეულისთვის უნდა შეწირულიყო+ შესაწირავი.+
27 შვიდი+ დღე რომ იწურებოდა და აზიელმა იუდეველებმა ის ტაძარში ნახეს, მთელ ხალხში არეულობა+ შეიტანეს, შეიპყრეს იგი და
28 ყვიროდნენ: „ისრაელებო, გვიშველეთ! ეს ის კაცია, რომელიც ყველას და ყველგან ასწავლის ხალხის,+ კანონისა და ამ ადგილის წინააღმდეგ, მან ბერძნებიც კი შეიყვანა ტაძარში და შებილწა ეს წმინდა ადგილი“.+
29 მანამდე ქალაქში მათ პავლესთან დაინახეს ეფესოელი ტროფიმე+ და ეგონათ, რომ მან ის ტაძარში შეიყვანა.
30 აურზაური მთელ ქალაქს მოედო,+ ხალხი მოცვივდა, პავლე დაიჭირეს და ტაძრიდან გამოათრიეს.+ კარები მაშინვე დაკეტეს.
31 როცა მოკვლა დაუპირეს, რაზმის მეთაურს ცნობა მიუვიდა, რომ მთელ იერუსალიმში არეულობა იყო.+
32 მან მაშინვე წაიყვანა ჯარისკაცები და ასისთავები და ხალხისკენ გაემართა.+ მათ ათასისთავი+ და ჯარისკაცები რომ დაინახეს, პავლეს ცემა შეწყვიტეს.
33 მაშინ ათასისთავი ახლოს მივიდა, პავლეს ხელი მოჰკიდა, ბრძანა, რომ ორი ჯაჭვით+ შეეკრათ, და გამოკითხვა დაიწყო, თუ ვინ იყო და რა ჩაიდინა.
34 ხალხში ერთნი ერთს გაჰყვიროდნენ, მეორენი — მეორეს.+ აურზაურის გამო რომ ვერაფერი გაიგო, ბრძანა, ის ყაზარმაში წაეყვანათ.+
35 მაგრამ პავლე კიბეზე რომ ავიდა, ხალხი ისე იყო გამძვინვარებული, ჯარისკაცებს მისი ხელში აყვანა მოუწიათ.
36 მათ დიდძალი ხალხი მისდევდა ყვირილით: „მოგვაშორე!“+
37 პავლე უკვე ყაზარმაში შეჰყავდათ, როცა მან ათასისთავს ჰკითხა: „შეიძლება რაღაცა გითხრა?“ მან მიუგო: „ბერძნული იცი?
38 შენ ის ეგვიპტელი ხომ არა ხარ, რომელმაც ამას წინათ ამბოხება მოაწყო+ და ოთხი ათასი მეამბოხე გაიყვანა უდაბნოში?“
39 პავლემ უპასუხა: „მე იუდეველი ვარ,+ კილიკიის ტარსოსიდან,+ საკმაოდ ცნობილი ქალაქის მოქალაქე. ნება მიბოძეთ, ხალხს დაველაპარაკო“.
40 ნებართვის მიღების შემდეგ კიბიდან პავლემ ხელით ანიშნა+ ხალხს, გაჩუმებულიყვნენ. სრული სიჩუმე რომ ჩამოვარდა, ებრაულად+ მიმართა მათ: