საქმეები 25:1—27
25 პროვინციის მართვის დაწყებიდან+ სამი დღის შემდეგ ფესტუსი კესარეიდან იერუსალიმში ავიდა.+
2 უფროსი მღვდლები და გავლენიანი იუდეველები მას პავლეზე უარყოფითად ელაპარაკნენ.+ ისინი ეხვეწებოდნენ,
3 შეესრულებინა მათი თხოვნა და პავლე იერუსალიმში მიეყვანა, რადგან აპირებდნენ გზაში ჩასაფრებოდნენ+ მას და მოეკლათ.
4 მაგრამ ფესტუსმა უპასუხა, რომ პავლე კესარეაში უნდა ყოფილიყო მეთვალყურეობის ქვეშ და მალე თვითონაც წავიდოდა იქ.
5 „ამიტომ, ვისაც შეგიძლიათ, — უთხრა მან, — გამომყევით და ბრალი დასდეთ მას,+ თუ რამე აქვს ჩადენილი“.
6 იქ რვა თუ ათი დღე დარჩა და კესარეაში ჩავიდა. მეორე დღეს სასამართლო ტახტზე დაჯდა+ და პავლეს მოყვანა ბრძანა.
7 როცა ის მოვიდა, იერუსალიმიდან ჩამოსული იუდეველები გარს შემოეხვივნენ და მრავალ სერიოზულ ბრალდებას+ უყენებდნენ, თუმცა მათი დამტკიცება არ შეეძლოთ.
8 პავლემ კი თავი დაიცვა: „არანაირი ცოდვა არ ჩამიდენია+ არც იუდეველების კანონის წინააღმდეგ და არც ტაძრისა+ და კეისრის წინააღმდეგ“.
9 ფესტუსს იუდეველების მომადლიერება+ უნდოდა და პავლეს ჰკითხა: „არ გინდა იერუსალიმში ახვიდე და იქ გაგასამართლო?“+
10 პავლემ მიუგო: „მე ვდგავარ კეისრის სასამართლო ტახტის წინ,+ სადაც უნდა გავსამართლდე კიდეც. იუდეველებისთვის ცუდი არაფერი გამიკეთებია,+ რაც თავადაც კარგად მოგეხსენებათ.
11 თუ მართლა დამნაშავე ვარ+ და ისეთი რამ ჩავიდინე, რომ სიკვდილს ვიმსახურებ,+ უარს არ ვამბობ სიკვდილზე, მაგრამ, თუ ესენი ტყუილად მდებენ ბრალს, მათ ჩემს თავს ვერავინ გადასცემს მათი გულის მოსაგებად. კეისართან ვასაჩივრებ!“+
12 ფესტუსი მრჩევლებს მოეთათბირა და უთხრა მას: „კეისართან ასაჩივრებ და კეისართან წახვალ“.
13 რამდენიმე დღის შემდეგ კესარეაში ფესტუსს ეწვივნენ მეფე აგრიპა* და ბერნიკე.
14 ისინი რამდენიმე დღე დარჩნენ იქ. ფესტუსმა მეფეს პავლეს ამბავი მოახსენა:
„აქ არის ერთი კაცი, რომელიც ფელიქსმა დატოვა პატიმრად.
15 იერუსალიმში რომ ვიყავი, უფროსმა მღვდლებმა და იუდეველთა უხუცესებმა მის შესახებ ცნობები+ მომაწოდეს და მის დასჯას მოითხოვდნენ.
16 მე ვუპასუხე, რომ რომაელებს არ სჩვევიათ კაცისთვის მსჯავრის დადება ვინმეს გულის მოსაგებად, სანამ ბრალდებული+ თავის ბრალმდებლებს არ დაუპირისპირდება და თავდაცვის საშუალება არ მიეცემა.
17 ამიტომ, როცა ყველა ერთად შეიკრიბა, აღარ დავაყოვნე, მეორე დღესვე დავჯექი სასამართლო ტახტზე და მისი მოყვანა ვბრძანე.
18 ბრალმდებლებმა ვერ დასდეს მას ბრალი+ იმ ბოროტმოქმედებებში, რასაც მე ვვარაუდობდი.
19 ისინი მას რაღაცას ედავებოდნენ თავიანთ სარწმუნოებასა+ და ვიღაც მკვდარ იესოზე, რომელზეც პავლე ირწმუნებოდა, ცოცხალიაო.+
20 ამ დავამ დამაფიქრა და ვკითხე, ხომ არ უნდოდა იერუსალიმში წასვლა და იქ გასამართლება,+
21 მაგრამ როცა პავლემ კეისართან მოითხოვა+ გასაჩივრება, რომ მის უდიდებულესობას გამოეტანა გადაწყვეტილება, ვბრძანე, ის კეისართან გაგზავნამდე დაეკავებინათ“.
22 მაშინ აგრიპამ ფესტუსს უთხრა: „მეც მინდა იმ კაცს მოვუსმინო“.+ მან მიუგო: „ხვალვე მოუსმენ“.
23 მეორე დღეს აგრიპა და ბერნიკე დიდი ზარ-ზეიმით+ მივიდნენ და მისაღებ დარბაზში შევიდნენ ათასისთავებსა და ქალაქის წარჩინებულებთან ერთად და, ფესტუსის ბრძანებით, პავლე მოიყვანეს.
24 ფესტუსმა თქვა: „მეფე აგრიპა და ყველა დამსწრეებო, თქვენ ხედავთ კაცს, ვის გამოც მრავალმა იუდეველმა მომმართა იერუსალიმშიც და აქაც. ისინი გაჰყვიროდნენ, ეს კაცი სიცოცხლის ღირსი არ არისო.+
25 მე კი მივხვდი, რომ მას ისეთი არაფერი ჩაუდენია, რომ სიკვდილს იმსახურებდეს.+ ამიტომ, როცა მან თვითონ გაასაჩივრა+ მის უდიდებულესობასთან, გადავწყვიტე, მასთან გამეგზავნა.
26 მაგრამ მასზე ჩემს მეუფეს კონკრეტულს ვერაფერს მივწერ. ამიტომ მოვიყვანე ის ყველას წინაშე, უფრო კი თქვენ წინაშე, მეფე აგრიპა, რათა სასამართლო განხილვის+ შემდეგ შევძლო რამის დაწერა,
27 რადგან უგუნურებად მიმაჩნია, გავგზავნო პატიმარი და ბრალდებები არ ჩამოვწერო“.
სქოლიოები
^ ანუ ჰეროდე აგრიპა II.