საქმეები 27:1—44
27 გადაწყდა, რომ იტალიაში+ უნდა გაგვეცურა, პავლე და ზოგიერთი სხვა პატიმარი გადასცეს ავგუსტუსის რაზმის ასისთავს, სახელად იულიუსს.
2 ავედით ადრამიტეიონიდან მომავალ ხომალდზე, რომელსაც აზიის სანაპიროებზე უნდა გაევლო, და გავემგზავრეთ. ჩვენთან ერთად იყო მაკედონელი არისტარქე+ თესალონიკედან.
3 მეორე დღეს სიდონს მივადექით. იულიუსმა პავლესადმი კაცთმოყვარეობა+ გამოიჩინა და ნება დართო, მეგობრებთან წასულიყო, რათა მასზე ეზრუნათ.+
4 იქიდან რომ გავცურეთ, პირქარის გამო კვიპროსს შემოვუარეთ.
5 შუა ზღვაში მივცურავდით კილიკიისა და პამფილიის გასწვრივ და ლიკიის მირაში ჩავედით.
6 იქ ასისთავმა ალექსანდრიიდან+ იტალიაში მიმავალ ხომალდზე გადაგვსხა.
7 მრავალდღიანი ნელი ცურვის შემდეგ ძლივს მივუახლოვდით კნიდოსს. ქარი არ გვიშვებდა, ამიტომ სალმონესთან ჩავუარეთ კრეტას.
8 გაჭირვებით მივედით მყუდრო ნავსაყუდლად წოდებულ ადგილას, რომლის მახლობლადაც იყო ქალაქი ლასეა.
9 კარგა ხანი გავიდა და ცურვა სახიფათო გახდა, რადგან გამოსყიდვის+ დღის მარხვაც გასული იყო. პავლემ მათ ურჩია:
10 „ხალხო, ვხედავ, რომ ეს მგზავრობა საზიანო იქნება და ბევრ რამეს დავკარგავთ, მარტო ტვირთსა და ხომალდს კი არა, საკუთარ სულებსაც*“.+
11 მაგრამ ასისთავი მესაჭესა და გემის მფლობელს უფრო უჯერებდა, ვიდრე პავლეს.
12 ნავსადგური მოუხერხებელი იყო ზამთრის გასატარებლად და ამიტომ უმრავლესობის აზრით უმჯობესი იქნებოდა, ფენიქსში წავსულიყავით როგორმე და იქ გამოგვეზამთრა, კრეტას ნავსადგურში, რომელიც ჩრდილო-აღმოსავლეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ იყო მიქცეული.
13 როცა სამხრეთის ქარმა დაუბერა, მათ იფიქრეს, რომ ცოტაც და მიზანს მიაღწევდნენ, ღუზა აუშვეს და კრეტის სანაპიროს გასწვრივ გაცურეს.
14 არცთუ ისე დიდი ხნის შემდეგ ამოვარდა ძლიერი ქარი+ — ევრაკილონი, გემს ეკვეთა
15 და გაიტაცა. ხომალდი პირქარს ვეღარ დაუდგა, და ჩვენც, ტალღებს მინებებულნი, გავქროლდით.
16 ჩავუქროლეთ პატარა კუნძულ კავდას და ძლივს ამოვათრიეთ კიჩოზე მიბმული ნავი.+
17 ნავის ამოთრევის შემდეგ ხელსაწყოები მოიმარჯვეს, რომ ხომალდისთვის ბაგირები შემოერტყათ, და იმის შიშით, სირტისში მეჩეჩზე არ დავჯდეთო, გემსართავი ჩამოუშვეს და ასე მივქროდით.
18 ქარიშხალი საშინლად გვარყევდა, რის გამოც მეორე დღეს გემის შემსუბუქება+ დაიწყეს.
19 მესამე დღეს კი საკუთარი ხელით გადაყარეს ხომალდის აღჭურვილობა.
20 მრავალი დღე არც მზე ჩანდა და არც ვარსკვლავები, არც ძლიერი ქარიშხალი+ ცხრებოდა და გადარჩენის იმედი გადაგვეწურა.
21 ხალხი დიდი ხნის უჭმელი იყო. პავლე მათ შორის დადგა+ და თქვა: «ხალხო, ჩემთვის რომ დაგეჯერებინათ და კრეტიდან არ გამოვსულიყავით, ასეთ ზიანსა და დანაკარგს თავიდან ავიცილებდით,+
22 მაგრამ გულს ნუ გაიტეხთ, თქვენგან ერთი სულიც არ მოკვდება, მხოლოდ ხომალდი დაიღუპება.
23 ჩემმა ღმერთმა, რომელსაც წმინდა მსახურებას+ ვუსრულებ, წუხელ ანგელოზი+ მომივლინა,
24 რომელმაც მითხრა: „ნუ გეშინია, პავლე. შენ კეისრის+ წინაშე უნდა წარდგე და ღმერთმა ყველა შენი თანამგზავრი გაჩუქა“.
25 გულს ნუ გაიტეხთ, ხალხო, რადგან მწამს ღვთისა,+ რომ ზუსტად ისე იქნება, როგორც მოვისმინე,
26 რომელიმე კუნძულზე გავირიყებით».+
27 მეთოთხმეტე ღამეს ქარი ჯერ კიდევ ადრიატიკის ზღვაში დაგვაქროლებდა. შუაღამისას მეზღვაურებს ეგონათ, ხმელეთს ვუახლოვდებითო.
28 სიღრმე გაზომეს და ოცდათექვსმეტი მეტრი იყო. ცოტა რომ გაიარეს, კიდევ გაზომეს, და ოცდაშვიდი მეტრი იყო.
29 ეშინოდათ, სადმე კლდეებს არ შევასკდეთო, კიჩოდან ოთხი ღუზა ჩაუშვეს და ნატრობდნენ, რომ მალე გათენებულიყო.
30 როცა მეზღვაურები ხომალდიდან გაქცევას შეეცადნენ და თქვეს, ხომალდის ცხვირიდან ღუზებს ჩავუშვებთო, ზღვაში კი ნავი ჩაუშვეს,
31 პავლემ ასისთავსა და ჯარისკაცებს უთხრა: „თუ ეს კაცები ხომალდზე არ დარჩებიან, ვერ გადარჩებით“.+
32 მაშინ ჯარისკაცებმა ნავს თოკები გადაუჭრეს+ და ზღვაში ჩააგდეს.
33 გამთენიისას პავლე ყველას ეუბნებოდა, რომ საჭმელი ეჭამათ: „დღეს მეთოთხმეტე დღეა, რაც მოლოდინში ხართ და არაფერი გიჭამიათ, ლუკმაც კი არ ჩაგიდიათ პირში.
34 გეხვეწებით, ჭამეთ რამე, თქვენთვის ვამბობ, რომ არაფერი დაგემართოთ. თქვენი თავიდან თმის ღერიც+ კი არ დაიკარგება“.
35 ეს თქვა, პური აიღო, ყველას წინაშე ღმერთს მადლობა შესწირა,+ გატეხა და ჭამა დაიწყო.
36 ყველა გახალისდა და მათაც დაიწყეს ჭამა.
37 ხომალდზე სულ ორას სამოცდათექვსმეტი სული ვიყავით.
38 როცა დანაყრდნენ, დაიწყეს ხორბლის გადაყრა ზღვაში და ხომალდის შემსუბუქება.+
39 გათენებისას სანაპიროიანი ყურე დაინახეს, თუმცა ვერ ხვდებოდნენ სად იყვნენ, და გადაწყვიტეს, თუ მოახერხებდნენ, ხომალდი ნაპირთან+ მიეყენებინათ.
40 ღუზები გადაჭრეს და ზღვაში ჩაყარეს, საჭის თოკები ახსნეს, წინა იალქანი ქარის მიმართულებით აუშვეს და ნაპირისკენ აიღეს გეზი,
41 მაგრამ გემი ცხვირით მეჩეჩზე დაჯდა და გაჩერდა. გამძვინვარებული ტალღები კიჩოს ამსხვრევდა.+
42 მაშინ ჯარისკაცებმა პატიმრების დახოცვა გადაწყვიტეს, რომ არავის გაეცურა და გაქცეულიყო.
43 ასისთავს კი სურდა, პავლე უვნებლად ჩაეყვანა და შეაკავა ისინი თავიანთი განზრახვისგან, და ყველას, ვინც ცურვა იცოდა, უბრძანა, ზღვაში გადამხტარიყვნენ და პირველები გასულიყვნენ ნაპირზე,
44 მათ დანარჩენები მიჰყოლოდნენ — ზოგს ფიცრებით გაეცურა, ზოგსაც სხვა რამით. ნაპირზე ყველა უვნებლად გავიდა.+
სქოლიოები
^ ბერძნულად ფსიქე. იხილეთ დანართი 2ა.