1 კორინთელები 14:1—40
14 ისწრაფეთ სიყვარულისკენ და ესწრაფეთ სულიერ ძღვენს,+ უფრო კი იმას, რომ იწინასწარმეტყველოთ.+
2 ვინც უცხო ენაზე ლაპარაკობს, ადამიანებს კი არ ელაპარაკება, არამედ ღმერთს, და არავის ესმის,+ ვინაიდან სულით ამბობს წმინდა საიდუმლოს;+
3 ხოლო ვინც წინასწარმეტყველებს, ადამიანებს ელაპარაკება აღსაშენებლად,+ გასამხნევებლად და ნუგეშსაცემად.
4 უცხო ენაზე მოლაპარაკე საკუთარ თავს აღაშენებს, ხოლო ვინც წინასწარმეტყველებს, კრებას აღაშენებს.
5 მინდა, რომ ყველა უცხო ენებზე ლაპარაკობდეთ,+ მაგრამ მირჩევნია, წინასწარმეტყველებდეთ.+ ვინც წინასწარმეტყველებს, დიდია მასზე, ვინც უცხო ენებზე+ ლაპარაკობს, მაგრამ არ თარგმნის კრების აღსაშენებლად.
6 ძმებო, რას გარგებთ, მე რომ ახლა თქვენთან მოვიდე და უცხო ენებზე დაგიწყოთ ლაპარაკი და არ მოვიდე გამოცხადებით,+ ცოდნით,+ წინასწარმეტყველებითა და სწავლებით?
7 უსულო საგნებიც, ქნარიც და სალამურიც, გამოსცემენ ხმას,+ მაგრამ თუ განსხვავებულ ბგერებს არ გამოსცემენ, როგორ გავიგებთ, რას უკრავენ სალამურზე ან ქნარზე?
8 და თუ საყვირი გაურკვეველ ხმას გამოსცემს, ვინ გაემზადება საბრძოლველად?+
9 ასევე, თუ ენით ადვილად გასაგებ სიტყვებს არ გამოთქვამთ,+ როგორ გაიგებენ, რას ამბობთ? ჰაერზე ილაპარაკებთ.+
10 რამდენი განსხვავებული ბგერაა მსოფლიოში და ყველას რაღაც მნიშვნელობა აქვს.
11 ამიტომ, თუ ბგერის ძალა არ მესმის, უცხოელი+ ვიქნები მოლაპარაკისთვის, ხოლო მოლაპარაკე უცხოელი იქნება ჩემთვის.
12 ასევე თქვენც, რადგან ესწრაფვით სულის ძღვენს,+ ეცადეთ კრების აღსაშენებლად იუხვოთ მათში.+
13 ამიტომ უცხო ენაზე მოლაპარაკემ ილოცოს, რომ თარგმნაც შეძლოს,+
14 რადგან, თუ უცხო ენაზე ვლოცულობ, სულის ძღვენი ლოცულობს,+ ჩემი გონება კი უნაყოფოა.
15 მაშ, რა ვქნა? მხოლოდ სულის ძღვნით კი არ ვილოცებ, არამედ გონებითაც. მხოლოდ სულის ძღვნით კი არ ვიმღერებ ქებას,+ არამედ გონებითაც.+
16 თუ სულის ძღვნით ასხამ ხოტბას, როგორ იტყვის ამინს+ შენს მადლიერების სიტყვებზე გაუთვითცნობიერებელი ადამიანი, თუკი არ იცის, რას ამბობ?
17 მადლობას კარგად იხდი, მაგრამ ამით სხვა არ შენდება.+
18 ვმადლობ ღმერთს, რომ მე უფრო მეტ უცხო ენაზე ვლაპარაკობ, ვიდრე ყველა თქვენგანი.+
19 კრებაში კი მირჩევნია ხუთი სიტყვა ვთქვა ჩემი გონებით, რათა სხვებსაც ვასწავლო სიტყვიერად, ვიდრე ათი ათასი სიტყვა უცხო ენაზე.+
20 ძმებო, ნუ გახდებით ბავშვები აზროვნებით,+ არამედ ბოროტებისთვის იყავით ჩვილები,+ აზროვნებით კი — ზრდადასრულებულები.+
21 კანონში წერია: «„უცხოთა ენებითა და უცხოთა ბაგეებით+ დაველაპარაკები ამ ხალხს+ და მაშინაც არ გამიგონებენ“, — ამბობს იეჰოვა».+
22 მაშასადამე, უცხო ენები ნიშანია+ ურწმუნოთათვის+ და არა მორწმუნეთათვის, წინასწარმეტყველება კი — მორწმუნეთათვის+ და არა ურწმუნოთათვის.
23 ამიტომ, თუ მთელი კრება ერთ ადგილას მოიყრის თავს და ყველა უცხო ენებზე ილაპარაკებს+ და შემოვლენ გაუთვითცნობიერებლები და ურწმუნოები, განა არ იტყვიან, შეშლილები არიანო?
24 მაგრამ, თუ ყველა წინასწარმეტყველებთ და ურწმუნო ან გაუთვითცნობიერებელი შემოვა, მას ყველა ამხელს+ და განსჯის,
25 ცხადი გახდება მისი გულის საიდუმლონი,+ ასე რომ, ის პირქვე დაემხობა, ღმერთს თაყვანს სცემს და იტყვის: „მართლა თქვენ შორის არის ღმერთი“.+
26 მაშ, რა უნდა ქნათ, ძმებო? როცა იკრიბებით, ერთს ფსალმუნი აქვს, მეორეს — სწავლება, მესამეს — გამოცხადება, მეოთხეს — უცხო ენა, მეხუთეს — განმარტება.+ ყველაფერი აღსაშენებლად ხდებოდეს.+
27 თუ ვინმე უცხო ენაზე ლაპარაკობს, ილაპარაკოს ორმა ან დიდი-დიდი სამმა, თანაც რიგ-რიგობით, სხვამ კი თარგმნოს,+
28 ხოლო თუ მთარგმნელი არ არის, ჩუმად იყოს კრებაში და საკუთარ თავსა+ და ღმერთს ელაპარაკოს.
29 ილაპარაკოს ორმა ან სამმა წინასწარმეტყველმა,+ სხვები კი მნიშვნელობას ჩასწვდნენ,+
30 მაგრამ თუ იქ მჯდომთაგან ვინმეს გამოცხადება+ აქვს, პირველი გაჩუმდეს,
31 რადგან ყველას შეგიძლიათ სათითაოდ იწინასწარმეტყველოთ,+ რათა ყველამ ისწავლოს და ყველა გამხნევდეს.+
32 სულის ძღვენი, რომელიც წინასწარმეტყველებს აქვთ, წინასწარმეტყველებმა უნდა დაიმორჩილონ,
33 რადგან ღმერთი უწესრიგობის+ კი არა, მშვიდობის ღმერთია.+
როგორც წმინდათა ყველა კრებაშია,
34 ქალები კრებებში ჩუმად იყვნენ,+ რადგან მათ ლაპარაკის უფლება არა აქვთ. ამიტომ იყვნენ მორჩილად,+ რასაც კანონიც+ ამბობს.
35 თუ რამის სწავლა უნდათ, თავიანთ ქმრებს ჰკითხონ სახლში, რადგან სამარცხვინოა+ ქალისთვის კრებაში ლაპარაკი.
36 როგორ? განა თქვენგან გამოვიდა ღვთის სიტყვა+ და განა მხოლოდ თქვენამდე მოაღწია?
37 თუ ვინმე ფიქრობს, რომ წინასწარმეტყველია ან სული აქვს ბოძებული, აღიაროს, რასაც გწერთ, რადგან ეს უფლის მცნებებია,+
38 ხოლო ვისაც არ ესმის, ნუ ესმის.
39 ამიტომ, ჩემო ძმებო, ესწრაფეთ წინასწარმეტყველებას,+ მაგრამ უცხო ენებზე ლაპარაკს ნუ აკრძალავთ,+
40 ოღონდ ყველაფერი წესიერად და ორგანიზებულად ხდებოდეს.+