1 მეფეები 13:1—34
13 ერთი ღვთის კაცი+ იეჰოვას სიტყვისამებრ+ იუდადან ბეთელში ჩავიდა, როცა იერობოამი სამსხვერპლოსთან+ იდგა შესაწირავის ასაბოლებლად,+
2 და იეჰოვას სიტყვისამებრ სამსხვერპლოს შესძახა: «სამსხვერპლოვ, სამსხვერპლოვ, აი რას ამბობს იეჰოვა: „ვაჟი შეეძინება დავითის სახლს და იოშიას+ დაარქმევენ. შენზე შესწირავს მაღლობების მღვდლებს, შენზე შესაწირავს რომ აბოლებენ, და შენზე დაწვავს ადამიანთა ძვლებს“».+
3 მან ნიშანი+ მისცა იმ დღეს: „აი რა ნიშანი გამოაცხადა იეჰოვამ: დაიშლება სამსხვერპლო და გადაიყრება ქონნარევი ნაცარი სამსხვერპლოდან“.
4 როგორც კი გაიგო მეფემ ბეთელის სამსხვერპლოს წინააღმდეგ ნათქვამი ჭეშმარიტი ღვთის კაცის სიტყვა, ხელი გაიწოდა იერობოამმა სამსხვერპლოდან და ბრძანა: „შეიპყარით!“+ მაშინვე გაუხმა მისკენ გაწვდილი ხელი და უკან ვეღარ მიჰქონდა.+
5 დაიშალა სამსხვერპლო და გადაიყარა ქონნარევი ნაცარი სამსხვერპლოდან იმ ნიშნის თანახმად, რომელიც იეჰოვას სიტყვისამებრ გამოაცხადა ჭეშმარიტი ღვთის კაცმა.+
6 უთხრა მეფემ ჭეშმარიტი ღვთის კაცს: „გული* მოულბე იეჰოვას, შენს ღმერთს, და ილოცე ჩემთვის, რომ ხელი მომირჩეს“.+ მოულბო გული+ ჭეშმარიტი ღვთის კაცმა იეჰოვას და მოურჩა მეფეს ხელი, ისეთივე გაუხდა, როგორიც ადრე ჰქონდა.+
7 უთხრა მეფემ ჭეშმარიტი ღვთის კაცს: „წამოდი ჩემთან სახლში და დანაყრდი,+ ძღვენსაც მოგართმევ“.+
8 მაგრამ ჭეშმარიტი ღვთის კაცმა მეფეს მიუგო: „ნახევარი სახლიც რომ მომცე,+ არ წამოვალ შენთან,+ არც პურს შევჭამ აქ და არც წყალს დავლევ,
9 რადგან ნაბრძანები მაქვს იეჰოვას სიტყვა, რომ არც პური ვჭამო,+ არც წყალი დავლიო და არც იმ გზით დავბრუნდე, რომლითაც მოვედი“.
10 სხვა გზით წავიდა; არ დაბრუნებულა იმ გზით, რომლითაც ბეთელში ჩავიდა.
11 ერთი მოხუცი წინასწარმეტყველი+ ცხოვრობდა ბეთელში, მოვიდნენ მისი ვაჟები და უამბეს, რაც ჭეშმარიტი ღვთის კაცმა მოიმოქმედა იმ დღეს ბეთელში, და რაც მეფეს უთხრა; ყველაფერი უამბეს თავიანთ მამას.
12 მამამ ჰკითხა მათ: „რომელი გზით წავიდა ის კაცი?“ უჩვენეს მისმა ვაჟებმა მას, რომელი გზითაც წავიდა ჭეშმარიტი ღვთის კაცი, იუდადან რომ ჩამოვიდა.
13 უთხრა მან თავის ვაჟებს: „შემიკაზმეთ ვირი!“ მათაც შეუკაზმეს ვირი+ და წავიდა.
14 გაჰყვა ის ჭეშმარიტი ღვთის კაცს და დიდი ხის ქვეშ მჯდომი+ იპოვა. მან ჰკითხა: „შენა ხარ ჭეშმარიტი ღვთის კაცი, იუდადან რომ ჩამოხვედი?“+ მან მიუგო: „მე ვარ“.
15 მან უთხრა: „წამოდი ჩემთან სახლში და ჭამე პური“.
16 მან მიუგო: „ვერ დავბრუნდები შენთან ერთად, ვერ წამოგყვები, ვერც პურს შევჭამ აქ და ვერც წყალს დავლევ,+
17 რადგან იეჰოვას სიტყვა გამომეცხადა,+ რომ არც პური ვჭამო აქ და არც წყალი დავლიო. არც იმ გზით დავბრუნდე უკან, რომლითაც მოვედი“.+
18 მან უთხრა: „მეც შენნაირი წინასწარმეტყველი ვარ; ანგელოზმა+ იეჰოვას სიტყვა მითხრა, წამოიყვანე შენს სახლში, რომ პური ჭამოს და წყალი დალიოსო“ (მოატყუა იგი).+
19 ისიც დაბრუნდა მასთან ერთად, რომ პური ეჭამა მის სახლში და წყალი დაელია.+
20 მაგიდას უსხდნენ, როცა იეჰოვას სიტყვა+ გამოეცხადა წინასწარმეტყველს, რომელმაც ის უკან დააბრუნა.
21 დაუძახა მან ჭეშმარიტი ღვთის კაცს, რომელიც იუდადან იყო წამოსული: «აი რა თქვა იეჰოვამ: „რადგან არ დაემორჩილე+ იეჰოვას ბრძანებას, არ დაიცავი იეჰოვას, შენი ღვთის ნაბრძანები მცნება+
22 და უკან დაბრუნდი, რომ პური გეჭამა და წყალი დაგელია იმ ადგილზე, რომელზეც გითხარი, არც პური ჭამო და არც წყალი დალიო-მეთქი, არ დაიმარხება შენი გვამი შენი მამა-პაპის გვერდით“».+
23 პურის ჭამისა და წყლის დალევის შემდეგ მან სასწრაფოდ შეუკაზმა ვირი წინასწარმეტყველს, რომელიც უკან დააბრუნა.
24 ისიც გაუდგა თავის გზას; გზად ლომი+ შემოეყარა და მოკლა იგი.+ გზაზე ეგდო მისი გვამი; ვირიც იქვე იდგა გვამთან და ლომიც.
25 ჩაიარა ხალხმა და დაინახა გზაზე დაგდებული გვამი და ლომი მის გვერდით. მივიდნენ ისინი ქალაქში და მიიტანეს ეს ამბავი, სადაც ის მოხუცი წინასწარმეტყველი ცხოვრობდა.
26 როგორც კი გაიგო ეს ამბავი იმ წინასწარმეტყველმა, რომელმაც ის გზიდან მოაბრუნა, თქვა: „ეს ის ჭეშმარიტი ღვთის კაცია, რომელიც არ დაემორჩილა იეჰოვას ბრძანებას,+ და იეჰოვამ ლომს მისცა, რომ დაეგლიჯა და მოეკლა, როგორც იეჰოვას ჰქონდა ნათქვამი მისთვის“.+
27 უთხრა თავის ვაჟებს: „შემიკაზმეთ ვირი!“ მათაც შეუკაზმეს.+
28 დაადგა გზას და იპოვა გზაზე დაგდებული გვამი, რომლის გვერდითაც ვირი და ლომი იდგნენ; ლომს არც გვამი უჭამია და არც ვირი დაუგლეჯია.+
29 აიღო წინასწარმეტყველმა ჭეშმარიტი ღვთის კაცის გვამი, ვირს გადაჰკიდა და უკან წაიღო. მივიდა მოხუცი წინასწარმეტყველი თავის ქალაქში, რომ დაეტირა და დაემარხა.
30 თავის სამარხში დამარხა გვამი და დასტიროდნენ:+ „ეს რა დაგემართა, ძმაო!“
31 დამარხა და თავის ვაჟებს უთხრა: „როცა მოვკვდები, იმ სამარხში დამმარხეთ, სადაც ჭეშმარიტი ღვთის კაცია დამარხული. მისი ძვლების გვერდით იყოს ჩემი ძვლებიც;+
32 შესრულდება,+ რაც მან იეჰოვას სიტყვისამებრ თქვა ბეთელის სამსხვერპლოსა+ და სამარიის ქალაქების+ ყველა მაღლობის+ სახლის საუბედუროდ“.
33 არც ამის შემდეგ მიატოვა თავისი ბოროტი გზა იერობოამმა; კვლავ ჩვეულებრივ ხალხს ნიშნავდა მაღლობების მღვდლებად.+ ვისაც უნდოდა, იმას უვსებდა ხელს ძალაუფლებით,+ და ამბობდა, ეს გახდეს მაღლობების მღვდელიო.
34 ამის გამო ცოდვა დაედო იერობოამის+ სახლს, რათა ამოწყვეტილიყო და მომსპარიყო მიწის პირიდან.+
სქოლიოები
^ სიტყვასიტყვით — სახე.