1 სამუელი 13:1—23

13  საული იყო ...* წლისა, როცა გამეფდა+ და უკვე ორი წელი მეფობდა ისრაელზე.  ამოირჩია საულმა ისრაელიდან სამი ათასი კაცი; ორი ათასი კაცი საულთან იყო მიქმაშსა+ და ბეთელის მთიან მხარეში, ათასი კაცი კი — იონათანთან+ ბენიამინის გიბაში.+ დანარჩენები თავ-თავიანთ კარვებში გაუშვა.  შეუტია იონათანმა ფილისტიმელთა+ ჯარს+ გებაში+ და გაიგეს ეს ფილისტიმელებმა. ჩაჰბერა საულმა საყვირს+ მთელი მიწის გასაგონად და თქვა: „მოისმინეთ, ებრაელებო!“  მთელმა ისრაელმა მოისმინა: „გაანადგურა საულმა ფილისტიმელთა ჯარი და მეტისმეტად შეიძულეს+ ისრაელი ფილისტიმელებმა“. შეიკრიბა ხალხი, რომ საულს გაჰყოლოდა გილგალში.+  ფილისტიმელებიც შეიკრიბნენ ისრაელთან საბრძოლველად; გამოიყვანეს ოცდაათი ათასი საომარი ეტლი,+ ექვსი ათასი მხედარი და ზღვის ქვიშასავით ურიცხვი ხალხი.+ ავიდნენ მიქმაშში და იქ დაბანაკდნენ, ბეთ-ავენის+ აღმოსავლეთით.  დაინახეს ისრაელებმა, რომ გაუჭირდათ,+ რადგან შევიწროებულნი იყვნენ; ხალხი გამოქვაბულებს,+ მღვიმეებს, კლდეებს, ჯურღმულებსა და ჭებს აფარებდა თავს.  ებრაელები იორდანის+ გაღმაც გადავიდნენ გადისა+ და გალაადის მიწაზე, საული კი გილგალში იყო და მთელი ხალხი კანკალით მიჰყვებოდა მას.+  შვიდ დღეს უცდიდა იგი სამუელს დათქმულ დრომდე+ და არ მოდიოდა სამუელი გილგალში, საულს კი ხალხი ეფანტებოდა.  ბოლოს საულმა თქვა: „მომიტანეთ დასაწვავი მსხვერპლი და მშვიდობის მსხვერპლი*“, და შესწირა დასაწვავი მსხვერპლი.+ 10  დაამთავრა თუ არა დასაწვავი მსხვერპლის შეწირვა, სამუელიც მოვიდა. გავიდა საული, რომ შეგებებოდა და ეკურთხებინა.+ 11  უთხრა მას სამუელმა: „ეს რა ჩაიდინე!“+ საულმა მიუგო: „დავინახე, რომ ხალხი მეფანტებოდა,+ შენც არ მოდიოდი დათქმულ დროს,+ ფილისტიმელები კი მიქმაშში+ იკრიბებოდნენ. 12  ვთქვი,+ დამესხმებიან ფილისტიმელები გილგალში, მე კი იეჰოვას გული ჯერ არ მომილბია-მეთქი. თავი ვალდებულად ჩავთვალე+ და შევწირე დასაწვავი მსხვერპლი“. 13  მიუგო სამუელმა საულს: „უგუნურად მოიქეცი,+ არ დაიცავი იეჰოვას, შენი ღვთის მცნება,+ რომელიც გიბრძანა;+ რომ დაგეცვა, იეჰოვა სამარადისოდ განამტკიცებდა შენს სამეფოს და იმმართველებდი ისრაელზე. 14  ახლა კი შეირყევა შენი სამეფო.+ იეჰოვა თვითონ მოძებნის გულით სასურველ კაცს+ და დანიშნავს მას იეჰოვა თავისი ხალხის წინამძღოლად,+ რადგან შენ არ დაიცავი იეჰოვას ბრძანება“.+ 15  ადგა სამუელი და გილგალიდან ბენიამინის გიბაში წავიდა. აღრიცხა საულმა ხალხი და ექვსასამდე კაცი იყო მასთან.+ 16  საული, მისი ვაჟი იონათანი და მათთან დარჩენილი ხალხი ბენიამინის გიბაში+ გაჩერდნენ, ფილისტიმელები კი მიქმაშში+ იყვნენ დაბანაკებულნი. 17  გამოვიდა ფილისტიმელთა ბანაკიდან მძარცველთა სამი რაზმი;+ ერთი რაზმი ოფრასკენ+ წავიდა, შუალის მიწისკენ, 18  მეორე რაზმი — ბეთ-ხორონისკენ,+ მესამე კი — საზღვრისკენ, რომელიც ცებოიმის ველს გადაჰყურებს, უდაბნოს. 19  არ იყო ისრაელის მთელ მიწაზე მჭედელი, რადგან ფილისტიმელებს ნათქვამი ჰქონდათ, ებრაელებმა არ გააკეთონო არც მახვილი და არც შუბი.+ 20  ისრაელები ფილისტიმელებთან ჩადიოდნენ და მათ ალესვინებდნენ სახნისებს, თოხებს, ცულებსა და ნამგლებს.+ 21  თითო ფიმი* ღირდა სახნისის, თოხისა და სამკაპის გალესვა და სახრის+ შეკეთება. 22  ბრძოლის დღეს საულთან და იონათანთან მყოფთაგან არავის ეჭირა ხელში მახვილი+ და შუბი საულისა+ და მისი ვაჟის, იონათანის გარდა. 23  ფილისტიმელთა მოწინავე+ ჯარი მიქმაშის+ ვიწრო ხევისკენ გაემართა.

სქოლიოები

დედანში, ებრაულ ტექსტში, ციფრი არ არის მითითებული.
ან საზიარო მსხვერპლი.
ძველი წონის ერთეული, დაახლოებით შეკელის ორი მესამედი.