1 სამუელი 9:1—27
9 ბენიამინის ტომში იყო ერთი კაცი, სახელად კიში,+ აბიელის ვაჟი, ცერორის ვაჟი, ბექორათის ვაჟი, აფიახის ვაჟი, ბენიამინელი,+ ძალიან მდიდარი.+
2 ჰყავდა ვაჟი, რომელსაც საული ერქვა,+ მაღალი და ლამაზი. ისრაელის ძეებს შორის არავინ იყო მასზე ლამაზი, ერთი თავით მაღალი იყო ყველაზე.+
3 ერთხელ საულის მამას, კიშს, ვირები+ დაეკარგა. უთხრა კიშმა საულს: „ადექი, წაიყვანე რომელიმე მსახური და მოძებნე ვირები“.
4 მოიარა ეფრემის+ მთიანი მხარე, შალიშას+ მიწა, მაგრამ ვირები ვერსად იპოვა; მოიარეს შაალიმის მიწაც, მაგრამ არც იქ იყვნენ; ბენიამინელთა მიწაც მოიარეს, მაგრამ ვერც იქ იპოვეს.
5 მივიდნენ ცუფის მიწაზე და უთხრა საულმა მსახურს, რომელიც თან ახლდა: „მოდი, დავბრუნდეთ, თორემ გადაავიწყდება მამაჩემს ვირები და ჩვენზე იდარდებს“.+
6 მან კი მიუგო: „ამ ქალაქში ღვთის კაცია,+ პატივცემული. რასაც ამბობს, ყველაფერი სრულდება.+ იქ წავიდეთ, იქნებ გვითხრას, რა გზას დავადგეთ“.
7 საულმა თავის მსახურს უთხრა: „წავიდეთ, მაგრამ რა მივუტანოთ?+ გუდაში პური გამოგველია, ძღვენიც+ არაფერი გვაქვს, რომ ჭეშმარიტი ღვთის კაცს მივუტანოთ. გვაქვს რამე?“
8 მსახურმა საულს მიუგო: „მეოთხედი შეკელი+ ვერცხლი მაქვს, ამას მივცემ ჭეშმარიტი ღვთის კაცს და გვეტყვის, რა გზას დავადგეთ“
9 (ადრე, როცა ღვთის საძიებლად მიდიოდნენ, ასე ამბობდნენ, წამო, წინასწარმხილველთან+ წავიდეთო. ვისაც დღეს წინასწარმეტყველს ეძახიან, ადრე წინასწარმხილველს ეძახდნენ).
10 საულმა თავის მსახურს უთხრა: „მართალს ამბობ,+ წამო, წავიდეთ“. წავიდნენ ისინი ქალაქში, სადაც ჭეშმარიტი ღვთის კაცი იყო.
11 ქალაქის აღმართზე წყლის მოსატანად+ მიმავალი გოგონები დაინახეს და ჰკითხეს: „არის აქ სადმე წინასწარმხილველი?“+
12 მათ მიუგეს: „არის, თქვენ წინ წავიდა. იჩქარეთ, დღეს მოვიდა ქალაქში ხალხისთვის მაღლობზე+ მსხვერპლის შესაწირავად.+
13 ქალაქში შესვლისთანავე იპოვით მას; ჯერ არ იქნება მაღლობზე ასული საჭმელად. არ შეჭამს ხალხი მის მისვლამდე, რადგან მან უნდა აკურთხოს მსხვერპლი;+ მხოლოდ ამის შემდეგ შეჭამენ მიწვეულები. ახლავე ადით, სწორედ ახლა იპოვით მას“.
14 ისინიც ავიდნენ ქალაქში. შუა ქალაქში შეხვდა მათ მაღლობისკენ მიმავალი სამუელი.
15 საულის მისვლამდე ერთი დღით ადრე გამოუცხადა+ იეჰოვამ სამუელს:
16 „ხვალ ამ დროს, ბენიამინელ+ კაცს გამოგიგზავნი. ის უნდა სცხო+ ჩემი ხალხის, ისრაელის წინამძღოლად. ის იხსნის ჩემს ხალხს ფილისტიმელთა ხელიდან,+ რადგან დავინახე ჩემი ხალხის გაჭირვება და მათმა ღაღადმა ჩემამდე მოაღწია“.+
17 დაინახა სამუელმა საული და უთხრა მას იეჰოვამ: „აი ის კაცი, რომელზეც გითხარი, ჩემს ხალხზე იმმართველებს-მეთქი“.+
18 მივიდა საული სამუელთან კარიბჭის შუაში და ჰკითხა: „წინასწარმხილველის სახლს ხომ ვერ მიმასწავლი?“
19 მიუგო სამუელმა საულს: „მე ვარ წინასწარმხილველი. წამოდით მაღლობზე; დღეს ჩემთან ერთად შეჭამთ,+ დილით კი გაგიშვებ და ყველაფერს გეტყვი, რაც გულში გაქვს.+
20 ნუ გადარდებს+ სამი დღის წინ დაკარგული ვირები,+ რადგან უკვე იპოვეს. ვისია ისრაელის მთელი საუნჯე,+ თუ არა შენი და მამაშენის მთელი სახლისა?!“
21 საულმა მიუგო: „მე ხომ ბენიამინელი ვარ, ისრაელის უმცირესი+ ტომიდან,+ ბენიამინის ტომის საგვარეულოებს შორის კი ჩემი საგვარეულო ყველაზე უმნიშვნელოა.+ რატომ მეუბნები ამას?“+
22 შეიყვანა სამუელმა საული და მისი მსახური სასადილო დარბაზში და მოწვეულთა თავში დასხა;+ ოცდაათამდე კაცი იქნებოდა.
23 უთხრა სამუელმა მზარეულს: „გამოიტანე ის ნაწილი, რომელიც ჩაგაბარე და გითხარი, შეინახე-მეთქი“.
24 გამოიტანა მზარეულმა მთლიანი ბარკალი და წინ დაუდო საულს. სამუელმა უთხრა: „ეს გადანახული ნაჭერია. წინ დაიდე და ჭამე. ამ დროისთვის გადაგინახეს, რომ მოწვეულებთან ერთად გეჭამა“. ჭამა საულმა იმ დღეს სამუელთან ერთად.
25 ჩამოვიდნენ მაღლობიდან+ ქალაქში და ბანზე განაგრძო მან საულთან საუბარი.+
26 ადგნენ დილაადრიან და განთიადისას ბანზე გაიხმო სამუელმა საული: „ადექი, რომ გაგგზავნო“. ადგა საული და ორივენი, ისიც და სამუელიც გარეთ გავიდნენ.
27 ქალაქის ნაპირზე რომ ეშვებოდნენ, უთხრა სამუელმა საულს: „შენს მსახურს უთხარი,+ წინ იაროს, შენ კი გაჩერდი, რომ ღვთის სიტყვა გაგიცხადო“. წინ წავიდა იგი.