2 კორინთელები 8:1—24
8 ძმებო, გაუწყებთ წყალობის შესახებ, რომელიც ღმერთმა მაკედონიის+ კრებების მიმართ გამოავლინა,
2 რომ დიდი გამოცდისას, როცა გაჭირვება დაატყდათ თავს, მათი სიხარულის სიუხვითა და მათი სიღატაკით უხვი გახდა მათი ხელგაშლილობის სიმდიდრე.+
3 ვადასტურებ, რომ შეძლებისდაგვარად+ ყველაფერი გააკეთეს და უფრო მეტიც.
4 თვითონვე გვევედრებოდნენ და გვეხვეწებოდნენ, რომ მათთვის სამადლო საქმეში წვლილის შეტანის პატივი გვებოძებინა და წმინდათა მომსახურებაში მიეღოთ მონაწილეობა.+
5 მათ გაიღეს არა მარტო ის, რისი იმედიც გვქონდა, არამედ, უპირველეს ყოვლისა, გაიღეს საკუთარი თავი უფლისთვის და ჩვენთვის, ღვთის ნებით.+
6 ამან აღგვძრა, გაგვემხნევებინა ტიტე,+ რომ ბოლომდე მიეყვანა თქვენ შორის წამოწყებული სამადლო საქმე,
7 და როგორც ყველაფერში+ სიუხვე გაქვთ — რწმენაში, სიტყვაში, ცოდნაში,+ ყოველგვარ გულმოდგინებასა და ჩვენს თქვენდამი სიყვარულში — ასევე იუხვეთ ამ სამადლო საქმეშიც.
8 ამას ბრძანებით კი არ ვამბობ,+ არამედ იმიტომ, რომ ვხედავ სხვების გულმოდგინებას და მინდა თქვენი სიყვარულის სიწრფელე გამოვცადო.
9 თქვენ იცით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს წყალობა — ის მდიდარი იყო და თქვენი გულისთვის გაღარიბდა,+ რათა თქვენ გამდიდრებულიყავით+ მისი სიღარიბით.
10 ამ საკითხზე ასეთი აზრი მაქვს:+ სასარგებლოა თქვენთვის,+ რომ რისი გაკეთებაც შარშან წამოიწყეთ, თანაც სიამოვნებით,+
11 ახლა დაამთავროთ; როგორი გულმოდგინებითაც გსურდათ მისი გაკეთება, ისევე დაამთავროთ კიდეც შეძლებისდაგვარად,
12 რადგან როცა არის გულმოდგინება, ის განსაკუთრებით მოსაწონია იმის მიხედვით, რაც ადამიანს აქვს+ და არა იმის მიხედვით, რაც არა აქვს.
13 იმას კი არ ვგულისხმობ, რომ სხვებისთვის ადვილი იყოს+ და თქვენ გაგიჭირდეთ,
14 არამედ იმას, რომ თანასწორობა იყოს: თქვენმა ნამეტმა შეავსოს მათი ნაკლულობა, რათა მათმა ნამეტმაც შეავსოს თქვენი ნაკლულობა,+
15 როგორც დაწერილია: „ბევრის მქონეს ზედმეტი არ ჰქონდა, მცირეს მქონეს არ აკლდა“.+
16 მადლობა ღმერთს, რომ თქვენ მიმართ ასეთივე გულმოდგინება მისცა ტიტეს.+
17 ის მართლაც გამოეხმაურა მოწოდებას, დიდად არის მონდომებული და თავისი ნებით მოდის თქვენთან.
18 მასთან ერთად ვგზავნით ძმას, რომელსაც ყველა კრებაში აქებენ იმისთვის, რასაც სასიხარულო ცნობისთვის აკეთებს.
19 გარდა ამისა, ის კრებებმა ჩვენს თანამგზავრად დანიშნეს+ იმ სამადლო საქმისთვის, რომელსაც ჩვენ უნდა მივხედოთ უფლის სადიდებლად+ და ჩვენი გულმოდგინების დასადასტურებლად.+
20 ამიტომაც ვფრთხილობთ, ამ გულუხვ შეწირულობას+ ისე მივხედოთ, ნაკლი+ ვერავინ გვიპოვოს,
21 რადგან ჩვენ „მხოლოდ იეჰოვას წინაშე კი არ ვაკეთებთ ყველაფერს პატიოსნად, არამედ ადამიანთა წინაშეც“.+
22 მათთან ერთად ვგზავნით ძმას, რომლის მონდომებაშიც მრავალჯერ დავრწმუნდით ბევრი რამით, თანაც ის ახლა უფრო მონდომებულია თქვენდამი დიდი ნდობის გამო.
23 რაც შეეხება ტიტეს, ის ჩემი თანამსახური+ და თანამშრომელია თქვენ სასარგებლოდ, ხოლო რაც შეეხება ჩვენს ძმებს, ისინი კრებების მოციქულები და ქრისტეს დიდება არიან.
24 ამიტომ კრებების წინაშე დაუმტკიცეთ მათ თქვენი სიყვარული+ და ის, რის გამოც თქვენით ვამაყობდით.+