2 მეფეები 20:1—21
20 იმ დროს სასიკვდილოდ დასნეულდა ხიზკია.+ შევიდა მასთან წინასწარმეტყველი ესაია,+ ამოცის ძე, და უთხრა: «აი რას ამბობს იეჰოვა: „დაარიგე შენი სახლეულობა,+ რადგან მოკვდები, ვერ იცოცხლებ“».+
2 მაშინ მან კედლისკენ იბრუნა პირი+ და ლოცვით მიმართა იეჰოვას:+
3 „გევედრები, იეჰოვა, გაიხსენე,+ როგორ დავდიოდი+ შენ წინაშე ჭეშმარიტებითა+ და მთელი გულით,+ და კარგს რომ ვაკეთებდი შენს თვალში“.+ და მწარედ ატირდა ხიზკია.+
4 შუა ეზომდეც არ იყო მისული ესაია, როცა იეჰოვას სიტყვა გამოეცხადა:+
5 «დაბრუნდი და უთხარი ხიზკიას, ჩემი ხალხის წინამძღოლს,+ ასე ამბობს-თქო იეჰოვა, შენი წინაპრის, დავითის ღმერთი:+ „შევისმინე+ შენი ლოცვა,+ დავინახე შენი ცრემლები;+ განგკურნავ+ და მესამე დღეს ახვალ იეჰოვას სახლში.+
6 თხუთმეტ წელიწადს დავუმატებ შენს დღეებს და დაგიხსნით ასურეთის მეფის ხელიდან შენცა და ამ ქალაქსაც; დავიცავ ამ ქალაქს+ ჩემი და ჩემი მსახურის, დავითის გულისთვის“».+
7 თქვა ესაიამ: „აიღეთ ლეღვის ჩირის კვერი“.+ აიღეს ის, წყლულზე დაადეს+ და ისიც გამოჯანმრთელდა.+
8 ჰკითხა ხიზკიამ ესაიას: „რა იქნება იმის ნიშანი,+ რომ განმკურნავს იეჰოვა და მესამე დღეს ავალ იეჰოვას სახლში?“
9 ესაიამ მიუგო: „აი ნიშანი+ შენთვის იეჰოვასგან, რომ იეჰოვა შეასრულებს თავის ნათქვამ სიტყვებს: ჩრდილი ათი საფეხურით წავიდეს წინ თუ ათი საფეხურით დაბრუნდეს უკან?“
10 მაშინ უთხრა ხიზკიამ: „ჩრდილისთვის ადვილია ათი საფეხურით წინ წაწევა, მაგრამ ათი საფეხურით უკან დაბრუნება — არა“.+
11 მაშინ ესაია წინასწარმეტყველმა მოუხმო იეჰოვას და მანაც ათი საფეხურით დააბრუნა უკან ჩრდილი ახაზის კიბის საფეხურებზე.+
12 იმ დროს ბაბილონის მეფე ბეროდაქ-ბალადანმა,+ ბალადანის ძემ,+ წერილები+ და ძღვენი გაუგზავნა ხიზკიას, რადგან გაიგო, რომ უავადმყოფია ხიზკიას.
13 ხიზკიამ მიიღო მაცნეები და უჩვენა თავისი საგანძური,+ ოქრო-ვერცხლი,+ ბალზამი, ძვირფასი ზეთი,+ თავისი იარაღის საცავი და ყველაფერი, რაც მის საგანძურში იყო. არაფერი დარჩენილა მის სახლში და მის სამფლობელოში, რომ არ ეჩვენებინა ხიზკიას მათთვის.+
14 ამის შემდეგ შევიდა ესაია წინასწარმეტყველი მეფე ხიზკიასთან და ჰკითხა:+ „რა გითხრეს ამ კაცებმა და საიდან მოვიდნენ შენთან?“+ ხიზკიამ მიუგო: „შორეული ქვეყნიდან, ბაბილონიდან მოვიდნენ“.
15 მან კვლავ ჰკითხა: „რა ნახეს შენს სახლში?“ ხიზკიამ მიუგო: „ნახეს ყველაფერი, რაც ჩემს სახლშია. არაფერი დარჩენილა ჩემს საგანძურში, რომ არ მეჩვენებინა მათთვის“.+
16 მაშინ უთხრა ესაიამ ხიზკიას: «ისმინე იეჰოვას სიტყვა:+
17 „აი, დადგება დრო, როცა ყველაფერს, რაც შენს სახლშია+ და რაც შენს მამა-პაპას დღემდე დაუგროვებია, ბაბილონში+ წაიღებენ. არაფერს დატოვებენ,+ — ამბობს იეჰოვა. —
18 წაიყვანენ ზოგიერთ შენს ვაჟს, რომელნიც შენგან გამოვლენ და რომელთა მამაც გახდები,+ და ბაბილონის მეფის+ კარისკაცები+ გახდებიან ისინი“».
19 მაშინ ხიზკიამ უთხრა ესაიას: „კარგია იეჰოვას სიტყვა, რომელსაც ამბობ“.+ შემდეგ თქვა: „განა კარგი არ არის, თუ მშვიდობა და ჭეშმარიტება+ იქნება ჩემს დროს?!“+
20 ხიზკიას დანარჩენ საქმეებზე, მის ძლიერებაზე, იმაზე, თუ როგორ გააკეთა წყალსატევი+ და არხი+ ქალაქში წყლის შესაყვანად, იუდას მეფეთა მატიანეშია+ ჩაწერილი.
21 ბოლოს განისვენა ხიზკიამ თავისი მამა-პაპის გვერდით+ და მის შემდეგ მისი ვაჟი მენაშე+ გამეფდა.