2 მეფეები 5:1—27
5 სირიის მეფის მხედართმთავარმა ნაამანმა+ დიდება და პატივი მოიხვეჭა თავისი ბატონის თვალში, რადგან მისი მეშვეობით იხსნა იეჰოვამ სირია.+ ძლიერი ვაჟკაცი იყო, მაგრამ კეთროვანი.
2 როცა სირიელები სათარეშოდ+ იყვნენ გასულები, ისრაელიდან ტყვედ წამოიყვანეს ერთი პატარა გოგონა,+ რომელიც ნაამანის ცოლის მსახური გახდა.
3 მან უთხრა+ თავის ქალბატონს: „ნეტავ მისულიყო ჩემი ბატონი წინასწარმეტყველთან+ სამარიაში, ხომ განკურნავდა ის კეთრისგან!“+
4 შეუთვალეს მის ბატონს, ასე და ასე თქვაო ისრაელმა გოგონამ.+
5 სირიის მეფემ მიუგო: „წადი, წერილს გაგატან ისრაელის მეფესთან“. წავიდა იგი და თან წაიღო+ ათი ტალანტი ვერცხლი, ექვსი ათასი ოქრო+ და ათი ხელი ტანსაცმელი.+
6 მიუტანა წერილი+ ისრაელის მეფეს, სადაც ეწერა: „წერილთან ერთად გიგზავნი ნაამანს, ჩემს მსახურს, რომ კეთრისგან განკურნო“.
7 როგორც კი წაიკითხა ისრაელის მეფემ წერილი, ტანსაცმელი შემოიხია+ და თქვა: „ღმერთი ვარ,+ რომ ვკლავდე და ვაცოცხლებდე?+ კაცს მიგზავნის, კეთრისგან განკურნეო. ნახეთ, როგორ ცდილობს ჩემთან დავის წამოწყებას!“+
8 გაიგო ელისემ, ჭეშმარიტი ღვთის კაცმა, ისრაელის მეფემ ტანსაცმელი შემოიხიაო+ და მაშინვე შეუთვალა: „რატომ შემოიხიე ტანსაცმელი? მოვიდეს ჩემთან, რათა გაიგოს, რომ არის ისრაელში წინასწარმეტყველი“.+
9 მივიდა ნაამანი თავისი ცხენებითა და საომარი ეტლებით და ელისეს სახლის შესასვლელთან გაჩერდა.
10 ელისემ მაცნე გაუგზავნა და შეუთვალა: „წადი და შვიდჯერ+ დაიბანე+ იორდანეში, გაგიახლდება ხორცი+ და განიწმინდები“.
11 განრისხდა+ ნაამანი, გაბრუნდა და თქვა: „მეგონა,+ ჩემთან მოვიდოდა, დადგებოდა, მოუხმობდა თავისი ღვთის, იეჰოვას სახელს, ხელს მომატარებდა დასნეულებულ ადგილზე და განმკურნავდა კეთრისგან.
12 განა დამასკოს+ მდინარეები, აბანა და ფარფარი, მთელი ისრაელის წყლებს+ არ სჯობია? იქ ვერ დავიბანდი და ვერ განვიწმინდებოდი?“+ გაბრუნდა და წავიდა განრისხებული.+
13 მივიდნენ მასთან მსახურები და უთხრეს: „მამა,+ ძნელი საქმე რომ დაევალებინა, არ გააკეთებდი? მით უმეტეს, როცა გეუბნება, დაიბანე და განიწმინდებიო“.
14 ჩავიდა იორდანეში და შვიდჯერ ჩაყვინთა, როგორც ჭეშმარიტი ღვთის კაცს ჰქონდა ნათქვამი;+ განუახლდა ხორცი პატარა ბავშვის ხორცივით+ და განიწმინდა.+
15 მთელ თავის ამალასთან ერთად დაბრუნდა ჭეშმარიტი ღვთის კაცთან,+ დადგა მის წინაშე და უთხრა: „ახლა ვიცი, რომ ისრაელის გარდა დედამიწაზე არსად არის ღმერთი.+ მიიღე ძღვენი+ შენი მსახურისგან კურთხევის ნიშნად“.
16 მან მიუგო: „ცოცხალია იეჰოვა,+ რომლის წინაშეც ვდგავარ, არ ავიღებ“.+ ის კი აძალებდა, მაგრამ ეს უარზე იყო.
17 ბოლოს ნაამანმა უთხრა: „მაშინ იმდენი მიწა მიეცი შენს მსახურს,+ რამდენსაც წყვილი ჯორი წაიღებს, რადგან ამიერიდან შენი მსახური იეჰოვას გარდა სხვა ღმერთებს აღარ შესწირავს აღარც დასაწვავ შესაწირავს და აღარც მსხვერპლს.+
18 ეს კი აპატიოს იეჰოვამ შენს მსახურს: როცა მიდის ჩემი ბატონი რიმონის+ სახლში თაყვანსაცემად, ჩემს ხელს ეყრდნობა+ და ამიტომ მეც მომიწევს რიმონის სახლში დახრა,+ და როცა დავიხრები რიმონის სახლში, აპატიოს ეს იეჰოვამ შენს მსახურს“.+
19 მან მიუგო: „მშვიდობით წადი“.+ ისიც წავიდა მისგან და კარგა მანძილით დაშორდა.
20 ელისეს, ჭეშმარიტი ღვთის კაცის,+ მსახურმა გეხაზმა+ თქვა: „არ გამოართვა ჩემმა ბატონმა სირიელ ნაამანს,+ რაც მოტანილი ჰქონდა. ცოცხალია იეჰოვა,+ გავეკიდები და რაღაცას მაინც გამოვართმევ“.+
21 გაეკიდა გეხაზი ნაამანს. დაინახა ნაამანმა, რომ ვიღაც მისდევდა, ჩამოვიდა ეტლიდან, შეეგება და უთხრა: „ხომ მშვიდობაა?“+
22 მან მიუგო: «მშვიდობაა. ჩემმა ბატონმა+ გამომგზავნა+ და დამაბარა: „სულ ახლახანს ეფრემის მთიდან ორი ყმაწვილი მეწვია, წინასწარმეტყველთა ძეები*.+ მიეცი მათ ერთი ტალანტი ვერცხლი და ორი ხელი ტანსაცმელი“».+
23 ნაამანმა უთხრა: „წადი, წაიღე ორი ტალანტი“. აძალებდა+ და ბოლოს ორ ტომარაში ორი ტალანტი ვერცხლი და ორი ხელი ტანსაცმელი ჩაუწყო და თავის ორ მსახურს მისცა წასაღებად.
24 ოფელში* მისვლისთანავე გამოართვა მათ, რაც წამოიღეს, სახლში დააწყო+ და გაუშვა ისინი. ისინიც წავიდნენ.
25 მივიდა იგი თავის ბატონთან.+ ელისემ ჰკითხა: „გეხაზ, საიდან მოდიხარ?“ მან მიუგო: „არსად წასულა შენი მსახური“.+
26 მან უთხრა: „განა იქ არ იყო ჩემი გულიც, როცა ის კაცი ეტლიდან ჩამოვიდა შენთან შესაგებებლად? ახლა იმის დროა, რომ აიღო ვერცხლი, ტანსაცმელი, ზეთისხილი, ვენახი, ცხვარ-ძროხა, მსახურები თუ მოახლეები?+
27 მარადიულად შეგეყრებათ ნაამანის კეთრი+ შენ და შენს შთამომავლობას“.+ მაშინვე გავიდა იგი მისგან კეთროვანი, თოვლივით თეთრი.+
სქოლიოები
^ იხილეთ 2:3-ის სქოლიო.
^ ნიშნავს ამოზნექილს, ამობურცულს, ამოშვერილს, ამაღლებულს. მდებარეობდა სამარიაში.