2 სამუელი 15:1—37
15 ყოველივე ამის შემდეგ აბესალომმა ეტლი გაიკეთა და ცხენები შეიძინა, ორმოცდაათი კაცი მიუძღოდა ხოლმე წინ.+
2 დგებოდა აბესალომი დილით ადრე+ და კარიბჭისკენ+ მიმავალ გზასთან ჩერდებოდა. თუ ვინმეს რაიმე საჩივარი ჰქონდა მეფესთან,+ ეძახდა მას აბესალომი და ეკითხებოდა, რომელი ქალაქიდან ხარო? ისიც პასუხობდა, ისრაელის ერთ-ერთი ტომიდან არისო შენი მსახური.
3 აბესალომი ეუბნებოდა: „კარგი და სამართლიანია შენი საქმე, მაგრამ მეფეს არავინ ჰყავს, რომ მოგისმინოს“.+
4 აი კიდევ რას ეუბნებოდა აბესალომი: „მე რომ ვყოფილიყავი მოსამართლე ამ მიწაზე+ და ჩემთან მოსულიყო ყველა, ვისაც სადავო საქმე ან საჩივარი ექნებოდა, მე გავუჩენდი მას სამართალს“.+
5 ვინც მივიდოდა მასთან და მდაბლად თაყვანს სცემდა, ის ხელს გაუწვდიდა, მოეხვეოდა+ და აკოცებდა.
6 ასე ექცეოდა აბესალომი მეფესთან სამართლის დასადგენად მისულ ყველა ისრაელს. ასე იგებდა აბესალომი ისრაელების გულს.+
7 ორმოცი წლის თავზე* აბესალომმა მეფეს სთხოვა: „გამიშვი ხებრონში+ იეჰოვასთვის დადებული აღთქმის შესასრულებლად.+
8 სირიაში, გეშურში+ ცხოვრებისას, შენმა მსახურმა აღთქმა+ დადო, თუ იეჰოვა იერუსალიმში დამაბრუნებს, მსხვერპლს შევწირავ-მეთქი იეჰოვას“.+
9 მიუგო მეფემ: „წადი მშვიდობით“.+ ისიც ადგა და ხებრონში წავიდა.
10 აბესალომმა მზვერავები+ გაგზავნა ისრაელის ყველა ტომში, რომ ეთქვათ: „როგორც კი საყვირის ხმას გაიგებთ, თქვით: აბესალომი გამეფდაო+ ხებრონში!“+
11 ორასი კაცი, რომლებსაც აბესალომმა მოუხმო, გულუბრყვილოდ+ გაჰყვა მას იერუსალიმიდან; მათ არაფერი იცოდნენ.
12 როცა მსხვერპლი შესწირა, აბესალომმა დავითის მრჩეველი,+ გილოელი+ ახითოფელი+ დაიბარა მისი ქალაქიდან, გილოდან.+ ძლიერდებოდა შეთქმულება+ და აბესალომის მხარეზე სულ უფრო მეტი ხალხი გადადიოდა.+
13 მივიდა მაცნე დავითთან და მოახსენა, ისრაელების გული+ აბესალომს მიემხროო.
14 მაშინ უთხრა დავითმა თავის მსახურებს, რომლებიც მასთან ერთად იყვნენ იერუსალიმში: „ადექით, გავიქცეთ,+ თორემ ვერ გადავურჩებით აბესალომს! ვიჩქაროთ, რომ არ მოგვისწროს, უბედურება არ დაგვატეხოს და მახვილით არ გაანადგუროს ქალაქი!“+
15 მიუგეს მეფეს მისმა მსახურებმა: „გადაწყვიტოს მეფე-ბატონმა და ჩვენ აქა ვართ, შენი მსახურები“.+
16 გავიდა მეფე და მთელი სახლეულობა ფეხდაფეხ+ მიჰყვა. ათი ხარჭა+ დატოვა მეფემ სასახლის მოსავლელად.
17 მიდიოდა მეფე და ფეხდაფეხ მიჰყვებოდა მთელი ხალხი. ისინი ბეთ-ჰამერხაკში შეჩერდნენ.
18 მისი მსახურები მასთან ერთად გადადიოდნენ გაღმა. ყველა ქერეთელი, ფელეთელი+ და გათელი+ — ექვსასი კაცი, რომლებიც გათიდან+ გამოჰყვნენ მას, მეფის წინ გადადიოდნენ გაღმა.
19 უთხრა მეფემ გათელ ითაის:+ „შენ რატომღა უნდა წამოგვყვე? დაბრუნდი+ და იცხოვრე მეფესთან, რადგან უცხოელი ხარ და გადმოხვეწილი.
20 გუშინ მოხვედი და დღეს როგორ გახეტიალო+ ჩვენთან ერთად, როგორ გატარო იქ, სადაც მე მივდივარ. დაბრუნდი შენს ძმებთან ერთად. სიკეთე*+ და ერთგულება+ გამოავლინოს შენდამი იეჰოვამ!“
21 მიუგო ითაიმ მეფეს: „ცოცხალია იეჰოვა და ცოცხალია მეფე,+ სადაც ჩემი მეფე-ბატონი იქნება, სასიკვდილოდ თუ სასიცოცხლოდ, იქ იქნება შენი მსახურიც!“+
22 მაშინ უთხრა დავითმა ითაის:+ „გადმოდი“. გადავიდა გათელი ითაი თავის ხალხთან და ბავშვებთან ერთად.
23 ხმამაღლა ტიროდა+ იმ მიწაზე მცხოვრები მთელი ხალხი, ყველა გაღმა გადადიოდა. მეფე კედრონის ხევთან+ იდგა, მთელი ხალხი კი უდაბნოსკენ მიმავალ განიერ გზაზე გადადიოდა.
24 იქ იყო ცადოკი+ და მასთან ერთად ლევიანები,+ რომლებსაც ჭეშმარიტი ღვთის შეთანხმების კიდობანი+ მიჰქონდათ.+ ჭეშმარიტი ღვთის კიდობანი აბიათართან+ დადგეს და იქ იდგა, სანამ ქალაქიდან მომავალი მთელი ხალხი გაღმა არ გავიდა.
25 უთხრა მეფემ ცადოკს: „ქალაქში დააბრუნეთ+ ჭეშმარიტი ღვთის კიდობანი.+ თუ წყალობას ვპოვებ იეჰოვას თვალში, მეც დამაბრუნებს და მახილვინებს მას და მის სამყოფელს.+
26 თუ მეტყვის, აღარ მინდიხარო, მაშინ ისე მომექცეს, როგორც ენებოს“.+
27 კვლავ უთხრა მეფემ ცადოკ მღვდელს: „განა წინასწარმხილველი+ არა ხარ?! მშვიდობით დაბრუნდი ქალაქში შენს ვაჟთან, ახიმააცთან, და აბიათარის ვაჟთან, იონათანთან+ ერთად, ორივე ვაჟთან ერთად.
28 მე უდაბნოში ვიქნები ფონთან, სანამ ამბავს არ შემატყობინებთ“.+
29 მაშინ ცადოკმა და აბიათარმა იერუსალიმში დააბრუნეს ჭეშმარიტი ღვთის კიდობანი და იქ დარჩნენ.
30 აუყვა დავითი ზეთისხილის+ აღმართს; ადიოდა და ტიროდა თავდაფარული,+ ფეხშიშველი მიდიოდა და მასთან მყოფი მთელი ხალხიც თავდაფარული მიჰყვებოდა მოთქმა-მოთქმით.+
31 შეატყობინეს დავითს, ახითოფელიც აბესალომთან+ ერთად არისო შეთქმულთა+ შორის. მაშინ თქვა დავითმა:+ „იეჰოვა,+ უგუნურებად+ აქციე ახითოფელის რჩევა“.
32 როცა ავიდა დავითი მწვერვალზე, სადაც ხალხი ღმერთს ეთაყვანებოდა, შეხვდა ტანსაცმელშემოხეული და თავზე მტვერდაყრილი+ არქიელი+ ხუშაი.+
33 უთხრა მას დავითმა: „თუ ჩემთან ერთად გადმოხვალ, ტვირთად დამაწვები,+
34 მაგრამ თუ ქალაქში დაბრუნდები და ეტყვი აბესალომს, შენი მსახური ვარ, მეფეო, მეც მამაშენის მსახური ვიყავი, მაგრამ ახლა შენი მსახური ვარო,+ მაშინ ჩაშალე+ ახითოფელის რჩევა ჩემი გულისთვის.
35 შენთან ერთად არ არიან მღვდლები,+ ცადოკი და აბიათარი? რასაც მეფის სასახლეში გაიგონებ, უთხარი მღვდლებს — ცადოკსა და აბიათარს.+
36 მათთან ერთად არიან მათი ვაჟები — ცადოკის ვაჟი ახიმააცი+ და აბიათარის ვაჟი იონათანი.+ მათი პირით შემომითვალეთ ყველაფერი, რასაც გაიგებთ“.
37 შევიდა ქალაქში ხუშაი, დავითის მეგობარი,+ და აბესალომიც+ შევიდა იერუსალიმში.