2 სამუელი 17:1—29
17 სთხოვა ახითოფელმა აბესალომს: „ამომარჩევინე თორმეტი ათასი კაცი და ამაღამვე დავედევნები+ დავითს.
2 დავეცემი დაღლილსა და მკლავმოდუნებულს+ და შიშის ზარს დავცემ; გაიქცევა მასთან მყოფი ხალხი და მოვკლავ მარტო დარჩენილ მეფეს.+
3 უკან დაგიბრუნებ მთელ ხალხს. მათი დაბრუნება იმ კაცზეა დამოკიდებული, რომელსაც ეძებ, და მთელი ხალხი დამშვიდდება“.
4 მოიწონეს ეს სიტყვა აბესალომმა+ და ისრაელის უხუცესებმა.
5 აბესალომმა თქვა: „მოდი, დავუძახოთ არქიელ ხუშაის,+ მასაც მოვუსმინოთ, რას იტყვის“.
6 მივიდა ხუშაი აბესალომთან. აბესალომმა უთხრა: „ასე და ასე გვითხრა ახითოფელმა. მოვიქცეთ მისი სიტყვისამებრ? თუ არა და შენ გვითხარი“.
7 უთხრა ხუშაიმ აბესალომს: „ამჯერად არ გამოდგება ახითოფელის რჩევა“.+
8 ხუშაიმ უთხრა მას: „კარგად იცი, რომ მამაშენი და მისი ხალხი ძლიერები+ არიან და ბელებდაკარგული ძუ დათვივით+ არიან სულგამწარებულები.+ მებრძოლი კაცია მამაშენი+ და ხალხთან არ გაათევს ღამეს.
9 ახლა რომელიმე გამოქვაბულში ან სხვაგან სადმე იმალება,+ და როგორც კი დაეცემა ის მათ, ამის გამგონე იტყვის, დამარცხდა აბესალომის ხალხიო.
10 ლომგული+ ხალხიც კი დაძაბუნდება,+ რადგან მთელმა ისრაელმა იცის მამაშენისა და მასთან მყოფი ხალხის+ სიმამაცე.+
11 გირჩევ, შეკრიბო მთელი ისრაელი დანიდან ბეერ-შებამდე,+ ზღვის ქვიშასავით ურიცხვი,+ და შენ თვითონ გახვიდე საბრძოლველად.+
12 მივადგებით მას იქ, სადაც არის,+ და დავეცემით, როგორც ნამი+ მიწას; მასთან მყოფი არავინ გადარჩება.
13 თუ ის რომელიმე ქალაქში შევა, მთელი ისრაელი თოკებს მიიტანს იმ ქალაქთან და ხევში ჩავათრევთ ისე, რომ კენჭიც კი არ დარჩება იმ ადგილზე“.+
14 თქვეს აბესალომმა და მთელმა ისრაელმა: „არქიელი ხუშაის რჩევა სჯობია+ ახითოფელის რჩევას“. იეჰოვამ ბრძანა,+ რომ ჩაშლილიყო ახითოფელის კარგი რჩევა,+ რათა უბედურება დაეტეხა აბესალომისთვის იეჰოვას.+
15 უთხრა ხუშაიმ ცადოკსა+ და აბიათარს, მღვდლებს: «ასე და ასე ურჩია ახითოფელმა აბესალომსა და ისრაელის უხუცესებს, მე კი ასე და ასე ვურჩიე.
16 სასწრაფოდ შეუთვალეთ დავითს:+ „არ გაათიო ეს ღამე უდაბნოს უკაცრიელ ველზე, გაღმა გადი,+ რომ არც მეფე დაიღუპოს და არც მასთან მყოფი ხალხი“».+
17 ენ-როგელთან+ იდგნენ იონათანი+ და ახიმააცი,+ როცა მივიდა მოახლე ქალი და შეატყობინა ეს ამბავი. ისინიც წავიდნენ, რომ ეცნობებინათ ეს მეფე დავითისთვის, რადგან ვერ გამოჩნდებოდნენ ისინი ქალაქში.
18 დაინახა ისინი ერთმა ყმაწვილმა და აბესალომს შეატყობინა. ისინი სწრაფად გაიქცნენ და ბახურიმში+ მივიდნენ ერთი კაცის სახლში, რომელსაც ეზოში ჭა ჰქონდა და შიგ ჩავიდნენ.
19 ქალმა ჭას დააფარა და ზედ ბურღული დააყარა;+ ვერავინ ვერაფერი გაიგო.
20 მივიდნენ აბესალომის მსახურები იმ ქალის სახლში და ჰკითხეს მას: „სად არიან ახიმააცი და იონათანი?“ ქალმა მიუგო: „წყლის გაღმა გავიდნენ“.+ ეძებეს, მაგრამ ვერ იპოვეს+ და იერუსალიმში დაბრუნდნენ.
21 მათი წასვლის შემდეგ ამოვიდნენ ჭიდან, წავიდნენ და ამბავი მიუტანეს მეფე დავითს; უთხრეს დავითს: „ადექით და სასწრაფოდ გადადით გაღმა, რადგან ასე და ასე ურჩია+ თქვენ წინააღმდეგ ახითოფელმა“.
22 მაშინვე ადგნენ დავითი და მისი ხალხი და განთიადამდე გადავიდნენ იორდანეზე,+ არავინ დარჩენილა იორდანის გამოღმა.
23 როცა დაინახა ახითოფელმა, რომ არ მოიქცნენ მისი რჩევისამებრ,+ შეკაზმა ვირი და სახლში წავიდა, თავის ქალაქში,+ დაარიგა თავისი სახლეულობა,+ მერე კი თავი ჩამოიხრჩო.+ დამარხეს+ ის თავისი მამა-პაპის სამარხში.
24 დავითი მახანაიმში+ მივიდა, აბესალომი კი მთელ ისრაელთან ერთად იორდანის გაღმა გავიდა.
25 აბესალომმა იოაბის+ ნაცვლად ამასა+ დანიშნა მხედართმთავრად. ამასას მამა იყო ისრაელი ითრა,+ რომელიც ნახაშის ასულთან, აბიგაილთან+ დაწვა, იოაბის დედის, ცერუიას დასთან.
26 ისრაელი და აბესალომი გალაადის+ მიწაზე დაბანაკდნენ.
27 როგორც კი დავითი მახანაიმში ჩავიდა, ნახაშის ვაჟმა შობიმ ამონის+ ძეების რაბადან,+ ამიელის+ ვაჟმა მაქირმა+ ლო-დებარიდან და გალაადელმა ბარზილაიმ+ როგელიმიდან+
28 მოიტანეს საწოლები, თასები, თიხის ჭურჭელი, ხორბალი, ქერი, ფქვილი,+ ქუმელი,+ ცერცვი,+ ოსპი,+ მოხალული მარცვლეული,
29 თაფლი,+ კარაქი,+ ცხვარი და საქონლის ხაჭო დავითისთვის და მასთან მყოფი ხალხისთვის საჭმელად,+ რადგან ამბობდნენ, დაღლილი და მშიერ-მწყურვალი მოვიდაო ხალხი უდაბნოდან.+