2 სამუელი 19:1—43
19 შეატყობინეს იოაბს, ტირის და გლოვობს მეფე აბესალომსო.+
2 იმ დღეს გლოვად ექცა ხსნა მთელ ხალხს, რადგან იმ დღეს გაიგო ხალხმა, რომ წუხდა მეფე თავის შვილზე.
3 ჩუმად მოიპარებოდა ხალხი ქალაქში+ იმ დღეს, როგორც ბრძოლიდან გამოქცეული და შერცხვენილი ხალხი მოიპარება ხოლმე.
4 დაიფარა მეფემ სახე, ტიროდა და ხმამაღლა მოთქვამდა: „შვილო, აბესალომ! აბესალომ, შვილო, შვილო!“+
5 მივიდა იოაბი მეფესთან და უთხრა: „დღეს პირშერცხვენილი დატოვე ყველა შენი მსახური, რომლებმაც გადაგირჩინეს სული შენ,+ შენს ვაჟებს,+ შენს ასულებს,+ შენს ცოლებსა+ და შენს ხარჭებს,+
6 რადგან შეიყვარე შენი მოძულენი და შეიძულე შენი მოყვარულნი; დღეს აჩვენე, რომ არაფრად გიღირს არც შენი მთავრები და არც შენი მსახურები. კარგად ვიცი, რომ აბესალომის სიცოცხლე გირჩევნია ყველა ჩვენგანის სიცოცხლეს.
7 ადექი და წადი, მიმართე შენი მსახურების გულს,+ რადგან იეჰოვას ვფიცავ, თუ არ გახვალ, ერთი კაციც არ შეგრჩება ამ ღამით;+ ეს კი ყველა იმ უბედურებაზე უარესი იქნება, რაც ბავშვობიდან დღემდე დაგტეხია“.
8 ადგა მეფე და კარიბჭესთან დაჯდა;+ აცნობეს მთელ ხალხს, კარიბჭესთან ზისო მეფე, და მოდიოდა მთელი ხალხი მეფესთან.
ისრაელი კი თავ-თავის სახლებში გაიქცა.+
9 დავობდა ისრაელის ყველა ტომის ხალხი: „მეფემ გვიხსნა მტრების ხელიდან,+ მან დაგვიხსნა ფილისტიმელთა ხელიდან, ახლა კი აბესალომს გაექცა ქვეყნიდან.+
10 ბრძოლაში მოკვდა აბესალომი,+ რომელიც ჩვენს მეფედ ვცხეთ.+ რატომ არაფერს იღონებთ მეფის დასაბრუნებლად?“+
11 მეფე დავითმა შეუთვალა ცადოკსა+ და აბიათარს,+ მღვდლებს: «უთხარით იუდას უხუცესებს:+ „უკვე მიუვიდა მეფეს სახლში ისრაელის სიტყვა და რატომღა აყოვნებთ მეფის დაბრუნებას თავის სახლში?
12 ჩემი ძმები ხართ, ჩემი ძვალი და ხორცი+ და რატომ აყოვნებთ მეფის დაბრუნებას?“
13 ამასას უთხარით:+ „ჩემი ძვალი და ხორცი არა ხარ? ასე და ასე მიყოს ღმერთმა და უარესიც,+ თუ იოაბის+ ნაცვლად შენ არ გახდე ჩემი მხედართმთავარი“».
14 მოიგო მან მთელი იუდას გული, როგორც ერთი კაცისა,+ და შეუთვალეს მეფეს, დაბრუნდითო შენ და შენი მსახურები.
15 დაბრუნდა მეფე და მიადგა იორდანეს. იუდა გილგალში+ მივიდა და იქ შეეგებნენ მეფეს, რათა იორდანეზე გადაეყვანათ მეფე.
16 შიმეი,+ ბენიამინელი გერას ვაჟი+ ბახურიმიდან,+ სწრაფად ჩამოვიდა იუდას ხალხთან ერთად მეფე დავითთან შესაგებებლად.
17 ათასი ბენიამინელი ახლდა თან (მასთან ერთად იყვნენ ციბა,+ საულის სახლის მსახური, მისი თხუთმეტი ვაჟი+ და ოცი მსახური. მიასწრეს მათ მეფეს იორდანესთან მისვლა.
18 გადაკვეთა ფონი,+ რომ გადმოეყვანა მეფის სახლეულობა და კარგად მოქცეულიყო მის თვალში). როცა მეფემ იორდანის გადაკვეთა დააპირა, შიმეი, გერას ვაჟი, მის წინაშე დაემხო+
19 და უთხრა მეფეს: „ნუ ჩამითვლის ჩემი ბატონი დანაშაულად და ნუ გაიხსენებს თავისი მსახურის დანაშაულს, რომელიც იმ დღეს ჩაიდინა,+ როცა მეფე-ბატონი იერუსალიმიდან გავიდა; ნუ ჩაიდებს ამას მეფე გულში.+
20 იცის შენმა მსახურმა, რომ შევცოდე; ამიტომაც მოვედი დღეს პირველი იოსების+ სახლიდან მეფე-ბატონთან შესაგებებლად“.
21 მიუგო მას აბიშაიმ,+ ცერუიას+ ვაჟმა: „განა არ უნდა მოკვდეს შიმეი იეჰოვას ცხებულის წყევლისთვის?“+
22 დავითმა უთხრა მათ: „თქვენ რა გესაქმებათ,+ ცერუიას ძეებო, რომ მეწინააღმდეგებით დღეს?+ შეიძლება დღეს ისრაელში ვინმეს მოკვლა?+ განა არ ვიცი, რომ დღეს მეფე ვარ ისრაელში?“
23 უთხრა მეფემ შიმეის: „არ მოკვდები“. და შეჰფიცა მას მეფემ.+
24 საულის შვილიშვილი მეფიბოშეთიც+ ჩამოვიდა მეფესთან შესაგებებლად; მას არც ფეხი დაუბანია,+ არც წვერ-ულვაშისთვის მოუვლია+ და არც ტანსაცმელი გაურეცხავს მეფის წასვლის დღიდან მის მშვიდობით დაბრუნებამდე.
25 როცა იერუსალიმში ჩამოვიდა მეფესთან შესაგებებლად, ჰკითხა მას მეფემ: „მეფიბოშეთ, რატომ არ წამომყევი?“
26 მან მიუგო: „მეფე-ბატონო, მომატყუა ჩემმა მსახურმა.+ თქვა შენმა მსახურმა, შევკაზმავ ვირს, შევჯდები და მეფეს გავყვები-მეთქი, რადგან კოჭლია შენი მსახური,+
27 მან კი ცილი დასწამა+ შენს მსახურს მეფე-ბატონის წინაშე, მაგრამ მეფე-ბატონი ჭეშმარიტი ღვთის ანგელოზივითაა;+ როგორც გენებოს, ისე მოიქეცი.
28 მამაჩემის მთელი სახლი სასიკვდილოდ იყო განწირული მეფე-ბატონის წინაშე, შენ კი შენი მსახური მათ შორის დასვი, ვინც შენი სუფრიდან იკვებება.+ რაღა მაქვს მეფესთან დასაჩივლი?“+
29 მიუგო მას მეფემ: „რისთვის ლაპარაკობ ამას? მე ვთქვი, რომ შენ და ციბამ უნდა გაიყოთ მიწები“.+
30 მიუგო მეფიბოშეთმა მეფეს: „სულ მისი იყოს,+ რაკი მეფე-ბატონი მშვიდობით დაბრუნდა სახლში“.
31 ჩამოვიდა როგელიმიდან გალაადელი ბარზილაი,+ რომ მეფესთან ერთად მისულიყო იორდანემდე და მეფე იორდანემდე მიეცილებინა.
32 ღრმად მოხუცი იყო ბარზილაი, ოთხმოცი წლისა;+ საკვებით ამარაგებდა მეფეს მახანაიმში,+ რადგან ძალიან მდიდარი+ კაცი იყო.
33 უთხრა მეფემ ბარზილაის: „გადმომყევი იორდანის გაღმა და არ მოგაკლებ საჭმელს იერუსალიმში“.+
34 მიუგო მეფეს ბარზილაიმ: „განა კიდევ რამდენს ვიცოცხლებ, რომ მეფეს იერუსალიმში წავყვე?
35 ოთხმოცი წლისა ვარ.+ განა კიდევ გავარჩევ კარგსა და ცუდს ან შეიგრძნობს შენი მსახური საჭმლისა და სასმლის გემოს?+ განა მოვუსმენ+ მომღერალ ქალ-ვაჟებს?+ რატომ უნდა დააწვეს ტვირთად+ შენი მსახური მეფე-ბატონს?
36 შენმა მსახურმა სულ ცოტაზე მიაცილა მეფე იორდანემდე და რატომ უნდა მიუზღოს მეფემ ამისთვის?+
37 უკან გაუშვი შენი მსახური, რათა ჩემს ქალაქში, ჩემი დედ-მამის სამარხთან+ ახლოს მოვკვდე.+ აი შენი მსახური ქიმჰამი,+ ის გაჰყვეს მეფე-ბატონს და ისე მოექეცი მას, როგორც გენებოს“.
38 უთხრა მას მეფემ: „ქიმჰამი გადმომყვეს, და შენი სურვილისამებრ მოვექცევი; რასაც მთხოვ, ყველაფერს შეგისრულებ“.
39 გადალახა ხალხმა იორდანე და მათთან ერთად მეფემაც. აკოცა+ მეფემ ბარზილაის, აკურთხა+ და ის თავის სახლში დაბრუნდა.
40 მეფე გილგალისკენ+ გაემართა, თან გაჰყვა ქიმჰამიც, მთელი იუდა და ნახევარი ისრაელი, რომ გაეცილებინათ მეფე.
41 მიდიოდა მეფესთან მთელი ისრაელი და ეუბნებოდა მეფეს: „რატომ+ მოგიტაცეს ჩვენმა ძმებმა იუდეველებმა, რომ მეფე, მისი სახლეულობა და დავითის ხალხი იორდანეზე გადაეყვანათ?“+
42 მიუგეს იუდეველებმა ისრაელებს: „იმიტომ, რომ ჩვენიანია მეფე;+ რატომ ბრაზობთ ამაზე? რა, გვაჭმევდა მეფე თუ ძღვენს გვიგზავნიდა?“
43 მიუგეს ისრაელებმა იუდეველებს: „ჩვენ ათი წილი გვაქვს მეფეში+ და ჩვენი უფროა დავითი, ვიდრე თქვენი. რატომ დაგვამცირეთ? და პირველებს+ ჩვენ რატომ არ უნდა დაგვებრუნებინა მეფე?“ თუმცა იუდა ისრაელზე მკაცრად ლაპარაკობდა.