გამოსვლა 18:1—27

  • ითროსა და ციფორას ჩამოსვლა (1—12).

  • ითრო მოსეს მსაჯულების დანიშვნას ურჩევს (13—27).

18  გაიგო ითრომ, მიდიანის მღვდელმა, მოსეს სიმამრმა,+ ყველაფერი, რაც ღმერთმა გაუკეთა მოსესა და ისრაელს, თავის ხალხს, როგორ გამოიყვანა იეჰოვამ ისრაელი ეგვიპტიდან.+  ითროს თავისთან ჰყავდა მოსეს ცოლი ციფორა, რომელიც მასთან მოსეს ჰყავდა გაგზავნილი,  და მისი ორი ვაჟი.+ ერთს ერქვა გერშომი*,+ რადგან თქვა მოსემ, უცხო მიწას შევეხიზნეო,  მეორეს კი — ელიეზერი*, რადგან თქვა, მამაჩემის ღმერთია ჩემი შემწე, მან მიხსნა ფარაონის მახვილისგანო.+  მივიდნენ მოსესთან ითრო, მისი სიმამრი, ვაჟები და ცოლი უდაბნოში, სადაც ის იყო დაბანაკებული, ჭეშმარიტი ღვთის მთასთან.+  მან მოსეს შეუთვალა, შენი სიმამრი ითრო+ შენს ცოლთან და ვაჟებთან ერთად მოვედიო.  მოსე მაშინვე გაემართა სიმამრთან შესახვედრად, მის წინაშე დაემხო და გადაკოცნა. მოიკითხეს ერთმანეთი და კარავში შევიდნენ.  მოუყვა მოსე თავის სიმამრს ყველაფერს, რაც იეჰოვამ ისრაელის გულისთვის ფარაონსა და ეგვიპტეს დამართა;+ იმასაც მოუყვა, რაც გზად გადახდათ,+ და იმასაც, თუ როგორ დაიფარა ისინი იეჰოვამ.  გაიხარა ითრომ, როცა გაიგო, თუ რა სიკეთე გაუკეთა იეჰოვამ ისრაელს, როგორ დაიხსნა ეგვიპტელთა ხელიდან. 10  შემდეგ ითრომ თქვა: „დიდება იეჰოვას, რომელმაც დაგიხსნათ ფარაონისგან და ეგვიპტელთაგან და რომელმაც გაათავისუფლა ხალხი ეგვიპტელთა ბატონობისგან. 11  ყველა ღმერთზე აღმატებული ყოფილა იეჰოვა,+ ასე რომ გაუსწორდა მათ, ვინც მის ხალხს ჩაგრავდა“. 12  შემდეგ მოსეს სიმამრმა ითრომ დასაწვავი მსხვერპლი და შესაწირავი მიიტანა ღვთისთვის აღსავლენად. მივიდნენ აარონი და ისრაელის ყველა უხუცესი, რომ მოსეს სიმამრთან ერთად ეჭამათ ღვთის წინაშე. 13  მეორე დღეს, ჩვეულებისამებრ, დაჯდა მოსე, რომ ხალხისთვის სამართალი გაეჩინა; ხალხიც დილიდან საღამომდე იდგა მოსეს წინაშე. 14  დაინახა მოსეს სიმამრმა, თუ როგორ უჩენდა მოსე ხალხს სამართალს, და უთხრა: „ასე რატომ იქცევი?! მარტო რატომ აკეთებ ამ საქმეს?! მთელი ხალხი დილიდან საღამომდე დგას შენ წინაშე!“ 15  მოსემ თავის სიმამრს მიუგო: „მოდის ხალხი ჩემთან, ღმერთს რომ დავეკითხო. 16  როცა რაიმე საკითხი აქვთ გადასაწყვეტი, მე მომმართავენ; მე უნდა გავუჩინო სამართალი და ვამცნო ჭეშმარიტი ღვთის გადაწყვეტილებები და კანონები“.+ 17  სიმამრმა მოსეს მიუგო: „ასე გაგიჭირდება. 18  შენც დაიქანცები და ეს ხალხიც. მეტისმეტად დიდი ტვირთია ეს შენთვის; მარტო ვერ გაუმკლავდები. 19  მომისმინე, რჩევას მოგცემ და ღმერთი შენთან იქნება.+ კვლავაც უშუამავლე ხალხს ჭეშმარიტ ღმერთთან+ და წარუდგინე მათი საქმეები;+ 20  აუხსენი წესები და კანონები,+ ასწავლე, რა გზით უნდა იარონ და რა უნდა აკეთონ. 21  ამოარჩიე ხალხიდან უნარიანი,+ ღვთისმოშიში, სანდო და ანგარების მოძულე კაცები;+ დააყენე ისინი ათასისთავებად, ასისთავებად, ორმოცდაათისთავებად და ათისთავებად.+ 22  მათ გაუჩინონ სამართალი ხალხს, როცა რაიმე საკითხი ექნებათ გადასაწყვეტი. ყველა რთული საქმე შენ გადმოგცენ,+ იოლი საქმეები კი თავად განიხილონ. თუ მათაც გაუნაწილებ ტვირთს, საქმე შეგიმსუბუქდება.+ 23  თუ ასე მოიქცევი და ღმერთიც ასე გიბრძანებს, არც შენ დაიქანცები და ხალხიც კმაყოფილი წავა შინ“. 24  დაუჯერა მოსემ სიმამრს და ყველაფერი მისი ნათქვამისამებრ გააკეთა. 25  ამოარჩია მოსემ მთელი ისრაელიდან უნარიანი კაცები და დააყენა ისინი ხალხის თავკაცებად: ათასისთავებად, ასისთავებად, ორმოცდაათისთავებად და ათისთავებად. 26  უჩენდნენ ისინი ხალხს სამართალს, როცა რაიმე საკითხი ჰქონდათ გადასაწყვეტი. რთულ საქმეებს მოსეს გადასცემდნენ,+ იოლ საქმეებს კი თავად განსჯიდნენ. 27  გააცილა მოსემ სიმამრი+ და გაუდგა იგი თავისი ქვეყნისკენ მიმავალ გზას.

სქოლიოები

ნიშნავს „შეხიზნულს“.
ნიშნავს: „ჩემი ღმერთია შემწე“.