გამოსვლა 24:1—18
24 ღმერთმა მოსეს უთხრა: „ამოდით იეჰოვასთან შენ, აარონი, ნადაბი, აბიჰუ+ და ისრაელის 70 უხუცესი და შორიდან მეცით თაყვანი.
2 მხოლოდ მოსე მიუახლოვდეს იეჰოვას; დანარჩენები არ მიუახლოვდნენ, არც ხალხი ავიდეს მასთან ერთად“.+
3 მივიდა მოსე ხალხთან და აუწყა მათ იეჰოვას ყველა სიტყვა და კანონი.+ მთელმა ხალხმა ერთხმად მიუგო: „იეჰოვას ყველა სიტყვას შევასრულებთ“.+
4 დაწერა მოსემ იეჰოვას ყველა სიტყვა.+ ადგა დილაადრიან, ააგო მთის ძირას სამსხვერპლო და 12 სვეტი ისრაელის 12 ტომის მიხედვით.
5 აირჩია მოსემ ახალგაზრდა კაცები, რომელთაც დასაწვავი მსხვერპლი და მოზვრები იეჰოვას სამშვიდობო მსხვერპლად+ შესწირეს.
6 აიღო მოსემ სისხლი, ნახევარი თასებში ჩაასხა, ნახევარი კი სამსხვერპლოს მოასხურა.
7 აიღო შეთანხმების წიგნი და ხალხს ხმამაღლა წაუკითხა.+ მათ თქვეს: „ყველაფერს შევასრულებთ, რაც იეჰოვამ გვიბრძანა, და დავემორჩილებით მას“.+
8 აიღო მოსემ სისხლი, ხალხს შეასხურა+ და უთხრა: „ამ სისხლით ძალაში შედის შეთანხმება, რომელიც იეჰოვამ ამ სიტყვების საფუძველზე დაგიდოთ“.+
9 ავიდნენ მთაზე მოსე, აარონი, ნადაბი, აბიჰუ, ისრაელის 70 უხუცესი
10 და იხილეს ისრაელის ღმერთი.+ მის ფეხქვეშ საფირონის ქვაფენილის მსგავსი რაღაც იყო, ზეცასავით წმინდა.+
11 მას არაფერი უვნია ისრაელებიდან ამორჩეული კაცებისთვის.+ მათ ხილვაში იხილეს ღმერთი. ჭამეს და სვეს.
12 იეჰოვამ მოსეს უთხრა: „ამოდი ჩემთან მთაზე და აქ დაიცადე; მოგცემ ქვის ფილებს, რომლებზეც დავწერ კანონსა და მცნებას მათ დასამოძღვრად“.+
13 ადგნენ მოსე და იესო ნავეს ძე, მისი მსახური;+ ავიდა მოსე ღვთის მთაზე.+
14 უხუცესებს კი დაუბარა: „აქ დაგველოდეთ, სანამ დავბრუნდებით.+ აარონი და ხური+ იქნებიან თქვენთან; ვისაც სადავო საქმე ექნება, მათ მიმართოს“.+
15 ავიდა მოსე მთაზე, რომელზეც ღრუბელი ჩამოწოლილიყო.+
16 იეჰოვას დიდებამ+ სინაის მთაზე დაივანა;+ ღრუბელი მთაზე ექვსი დღე იყო ჩამოწოლილი. მეშვიდე დღეს ღმერთმა ღრუბლის შუაგულიდან მოუხმო მოსეს.
17 ისრაელებისთვის იეჰოვას დიდება, რომელსაც უყურებდნენ, შთამნთქმელი ცეცხლივით იყო მთის წვერზე.
18 მოსე ღრუბელში შევიდა და მთაზე ავიდა.+ მან იქ 40 დღე და ღამე დაყო.+