გამოსვლა 3:1—22
3 მოსემ თავისი სიმამრის, ითროს,+ მიდიანის მღვდლის, ფარის მწყემსვა დაიწყო. ერთხელ, როცა ფარას უდაბნოში დასავლეთით მიერეკებოდა, ჭეშმარიტი ღვთის მთას, ხორებს,+ მიადგა.
2 გამოეცხადა მას იეჰოვას ანგელოზი ცეცხლმოდებული ეკლიანი ბუჩქის ალში.+ ხედავდა, რომ ბუჩქს ცეცხლი ეკიდა, მაგრამ არ იწვოდა.
3 მოსემ თქვა: „მივალ, ვნახავ ამ საოცრებას, ნეტავ რატომ არ იწვის ეს ბუჩქი“.
4 როცა იეჰოვამ დაინახა, რომ იგი ბუჩქის სანახავად მივიდა, ბუჩქიდან დაუძახა: „მოსე! მოსე!“ მან მიუგო: „გისმენ, უფალო!“
5 ღმერთმა უთხრა: „ამაზე ახლოს არ მოხვიდე. გაიხადე სანდლები, რადგან წმინდა მიწაზე დგახარ“.
6 შემდეგ უთხრა: „მე ვარ შენი წინაპრების, აბრაამის,+ ისაკისა+ და იაკობის,+ ღმერთი“. სახე დაიფარა მოსემ, რადგან ჭეშმარიტი ღვთის დანახვის შეეშინდა.
7 იეჰოვამ უთხრა: „ვიხილე ეგვიპტეში ჩემი ხალხის ტანჯვა, მონურად რომ ამუშავებენ, და შევისმინე მათი ღაღადი. კარგად ვიცი, რა ტკივილსაც განიცდიან.+
8 ჩავალ, დავიხსნი მათ ეგვიპტელთა ხელიდან,+ გამოვიყვან იმ მიწიდან და წავიყვან კარგ და ვრცელ მიწაზე, სადაც რძე და თაფლი მოედინება+ და სადაც ქანაანელები, ხეთელები, ამორეველები, ფერიზელები, ხიველები და იებუსელები ცხოვრობენ.+
9 ისრაელთა ღაღადმა ჩემამდე მოაღწია და ვიხილე, როგორ ჩაგრავენ მათ ეგვიპტელები.+
10 გაგგზავნი ფარაონთან და გამოიყვან ეგვიპტიდან ჩემს ხალხს, ისრაელს“.+
11 მოსემ ღმერთს უთხრა: „მე ვინა ვარ, რომ ფარაონთან წავიდე და ეგვიპტიდან ისრაელი გამოვიყვანო?!“
12 ღმერთმა მიუგო: „მე ვიქნები შენთან+ და აი, რა იქნება იმის ნიშანი, რომ ჩემი გაგზავნილი ხარ: ეგვიპტიდან ხალხის გამოყვანის შემდეგ ამ მთაზე+ სცემთ თაყვანს ჭეშმარიტ ღმერთს“.
13 მოსემ ღმერთს უთხრა: „კარგი, მივედი ისრაელებთან და ვუთხარი, თქვენი მამა-პაპის ღმერთმა გამომგზავნა-მეთქი. თუ მკითხეს, რა ჰქვიაო,+ რა ვუპასუხო?“
14 ღმერთმა მოსეს მიუგო: „მე ვიქცევი იმად, რადაც მოვისურვებ*“,+ და განაგრძო: «ასე უთხარი ისრაელებს: „მან გამომგზავნა, ვინც თქვა, მე ვიქცევიო“».+
15 შემდეგ ღმერთმა მოსეს უთხრა:
„ასე უთხარი ისრაელებს: იეჰოვამ, თქვენი მამა-პაპის, აბრაამის,+ ისაკისა+ და იაკობის,+ ღმერთმა გამომგზავნა-თქო თქვენთან. ეს არის ჩემი სახელი მარადიულად+ და ამ სახელით უნდა ვიხსენიებოდე თაობიდან თაობაში.
16 წადი, შეკრიბე ისრაელის უხუცესები და უთხარი, იეჰოვა, თქვენი მამა-პაპის, აბრაამის, ისაკისა და იაკობის, ღმერთი გამომეცხადა და მითხრა-თქო: ვხედავ, რა დღეში ხართ+ და როგორ გექცევიან ეგვიპტეში.
17 გეუბნებით, რომ დაგიხსნით+ ეგვიპტელთაგან, რომლებიც გჩაგრავენ, და წაგიყვანთ ქანაანელების, ხეთელების, ამორეველების,+ ფერიზელების, ხიველებისა და იებუსელების მიწაზე,+ სადაც რძე და თაფლი მოედინება.+
18 დაგიჯერებენ ისინი;+ წახვალთ შენ და ისრაელის უხუცესები ეგვიპტის მეფესთან და ეტყვით: იეჰოვა, ებრაელთა ღმერთი,+ გამოგვეცხადა-თქო. გაგვიშვი უდაბნოში სამი დღის სავალზე, რომ ჩვენს ღმერთს, იეჰოვას, მსხვერპლი შევწიროთ-თქო.+
19 თუმცა ვიცი, რომ არ გაგიშვებთ ეგვიპტელთა მეფე, თუ ძლიერმა ხელმა არ აიძულა.+
20 გავიწვდი ხელს, უბედურებას დავატეხ ეგვიპტეს და მოვახდენ საოცარ საქმეებს. მაშინღა გაგიშვებთ იგი.+
21 კეთილგანწყობას მოგაპოვებინებთ ეგვიპტელთა თვალში და ხელცარიელნი არ წამოხვალთ.+
22 თითოეულმა ქალმა სთხოვოს თავის მეზობელსა და თავის სახლში მცხოვრებ ქალს ოქრო-ვერცხლის ნაკეთობანი, აგრეთვე ტანსაცმელი, რომელსაც თქვენს ვაჟებსა და ქალიშვილებს ჩააცვამთ. ასე გაძარცვავთ ეგვიპტელებს“.+
სქოლიოები
^ სხვაგვარად — „მე ვიქცევი იმად, რადაც ვიქცევი“. იხ. დანართი ა4.