გამოსვლა 9:1—35
9 იეჰოვამ მოსეს უთხრა: «წადი ფარაონთან და უთხარი, ასე დამაბარა-თქო იეჰოვამ, ებრაელთა ღმერთმა: „გაუშვი ჩემი ხალხი, რომ მემსახურონ.+
2 თუ არც ამჯერად გაუშვებ და დააკავებ,
3 იცოდე, იეჰოვა გაგიწყვეტს+ საქონელს, რომელიც მინდვრად გყავს! ცხენებს, ვირებს, აქლემებსა და ცხვარ-ძროხას მომაკვდინებელ ჭირს შეჰყრის.+
4 იეჰოვა გამოარჩევს ისრაელთა საქონელს ეგვიპტელთა საქონლისგან და ისრაელებს არაფერი დაეხოცებათ“».+
5 იეჰოვამ დრო დანიშნა და თქვა: „ამას იეჰოვა ხვალ მოიმოქმედებს ამ მიწაზე“.
6 მეორე დღეს ასეც გააკეთა იეჰოვამ. გაწყდა ეგვიპტელთა ყველანაირი საქონელი,+ მაგრამ ისრაელთა საქონელს არაფერი მოსვლია.
7 გამოიკითხა ფარაონმა ამბავი და გაიგო, რომ ისრაელების საქონელს არაფერი დაშავებოდა. მაგრამ კვლავ გაჯიუტდა ფარაონი და არ გაუშვა ხალხი.+
8 იეჰოვამ მოსესა და აარონს უთხრა: „აიღეთ ღუმლიდან ორი მუჭა ნაცარი და ცისკენ ააფრქვიოს მოსემ ფარაონის თვალწინ.
9 ნაცარი მტვრად მოეფინება მთელი ეგვიპტის მიწას და ჩირქოვანი მუწუკები გამოაყრის კაცსაც და ცხოველსაც მთელ ეგვიპტეში“.
10 მათაც აიღეს ნაცარი ღუმლიდან და დადგნენ ფარაონის წინ. ცისკენ ააფრქვია მოსემ ნაცარი და ჩირქოვანი მუწუკები გამოაყარა კაცსაც და ცხოველსაც.
11 ვერ შეძლეს მოსესთან მისვლა გრძნეულმა ქურუმებმა, რადგან მუწუკები ჰქონდათ გამოყრილი. მუწუკები ყველა ეგვიპტელს ჰქონდა გამოყრილი.+
12 გააჯიუტა იეჰოვამ ფარაონი* და არ მოუსმინა ფარაონმა მათ, როგორც ეს იეჰოვას მოსესთვის ჰქონდა ნათქვამი.+
13 იეჰოვამ მოსეს უთხრა: «დილით ადრე ადექი, წარდექი ფარაონის წინაშე და უთხარი, ასე დამაბარა-თქო იეჰოვამ, ებრაელთა ღმერთმა: „გაუშვი ჩემი ხალხი, რომ მემსახურონ,
14 თორემ უბედურებას უბედურებაზე დაგატეხთ შენ, შენს მსახურებსა და შენს ხალხს, რათა იცოდე, რომ არავინაა ჩემი მსგავსი მთელ დედამიწაზე.+
15 ახლავე აღვმართავდი ხელს და მომაკვდინებელ სენს შეგყრიდით შენც და შენს ხალხსაც და აღიგვებოდით მიწის პირიდან,
16 მაგრამ იმიტომ დაგტოვე ცოცხალი, რომ გაჩვენო ჩემი ძალა და მთელ დედამიწას ეუწყოს ჩემი სახელი.+
17 კიდევ ამპარტავნულად იქცევი და არ უშვებ ჩემს ხალხს?!
18 ხვალ ამ დროს საშინელ სეტყვას მოვავლენ, რომლის მსგავსიც ეგვიპტეს არ ახსოვს.
19 უთხარი შენს მსახურებს, რომ თავშესაფარში შეიყვანონ მინდვრად მყოფი შენი ხალხი, მთელი შენი საქონელი და შეინახონ, რაც კი რამ გაქვს მინდორში. სეტყვა დახოცავს კაცსაც და ცხოველსაც, რომლებიც გარეთ დარჩებიან“».
20 ფარაონის კარისკაცებმა, რომლებსაც იეჰოვას სიტყვისა ეშინოდათ, თავიანთი მსახურები და საქონელი მაშინვე თავშესაფარში შეიყვანეს,
21 მაგრამ ვინც იეჰოვას სიტყვა არაფრად ჩააგდო, თავისი მსახურებიცა და საქონელიც მინდორში დატოვა.
22 იეჰოვამ მოსეს უთხრა: „ცისკენ აღაპყარი ხელი, რომ დაისეტყვოს მთელი ეგვიპტის მიწა,+ კაციც, ცხოველიცა და მინდვრის მცენარეულობაც ეგვიპტის მიწაზე“.+
23 მოსემაც აღაპყრო ცისკენ ჯოხი და მოავლინა იეჰოვამ გრგვინვა და სეტყვა. ცეცხლი* ჩამოდიოდა მიწაზე. სეტყვავდა იეჰოვა ეგვიპტის მიწას.
24 მოდიოდა სეტყვა და მოჰყვებოდა ცეცხლი. მეტისმეტად ძლიერი იყო სეტყვა; ასეთი სეტყვა ეგვიპტეში არასოდეს ყოფილა.+
25 დაისეტყვა მთელი ეგვიპტის მიწა. ყველაფერი დაისეტყვა მინდორში, კაციც, ცხოველიც და მცენარეულობაც. ყველა ხე დაილეწა მინდორში.+
26 მხოლოდ გოშენის მიწა არ დასეტყვილა, სადაც ისრაელები ცხოვრობდნენ.+
27 დაიბარა ფარაონმა მოსე და აარონი და უთხრა: „ამჯერად მართლა შევცოდე. იეჰოვაა მართალი, მე და ჩემი ხალხი კი დამნაშავეები ვართ.
28 შეევედრეთ იეჰოვას, რომ შეწყვიტოს გრგვინვა და სეტყვა, და გაგიშვებთ, აღარ დაგაყოვნებთ“.
29 მოსემ მიუგო: „როგორც კი გავალ ქალაქიდან, იეჰოვასკენ აღვაპყრობ ხელებს. შეწყდება გრგვინვა და აღარ წამოვა სეტყვა, რათა იცოდე, რომ დედამიწა იეჰოვასია.+
30 მაგრამ ვიცი, რომ შენ და შენს მსახურებს მაინც არ გექნებათ იეჰოვა ღმერთის შიში“.
31 განადგურდა ქერიცა და სელიც; ქერს თავთავი უკვე გაკეთებული ჰქონდა, ხოლო სელი ყვაოდა.
32 ხორბალი და ასლი* კი გადარჩა, რადგან საგვიანო იყო.
33 წავიდა მოსე ფარაონისგან, ქალაქიდან გავიდა და იეჰოვასკენ აღაპყრო ხელები; შეწყდა გრგვინვა და სეტყვა და გადაიღო წვიმამ.+
34 დაინახა ფარაონმა, რომ შეწყდა წვიმა, სეტყვა და გრგვინვა; ისევ შესცოდა და გაჯიუტდნენ+ ისიც და მისი მსახურებიც.
35 გაჯიუტებულმა ფარაონმა არ გაუშვა ისრაელები, როგორც ეს იეჰოვას ჰქონდა მოსესთვის ნათქვამი.+
სქოლიოები
^ სხვაგვარად — „დაუშვა იეჰოვამ, რომ გული გაჯიუტებოდა ფარაონს“.
^ შესაძლოა იგულისხმებოდეს მეხი.
^ მდარე ხარისხის ხორბალი.