იოანეს გამოცხადება 21:1—27
21 ვიხილე ახალი ცა და ახალი დედამიწა;+ წინანდელი ცა და წინანდელი დედამიწა განადგურებულიყო,+ და აღარც ზღვა+ იყო.
2 ვიხილე აგრეთვე წმინდა ქალაქი, ახალი იერუსალიმი, ზეციდან, ღვთისგან ჩამომავალი+ და ქმრისთვის მორთული პატარძალივით გამზადებული.+
3 გავიგონე ტახტიდან დიდი ხმა: „აი, ღვთის კარავი ადამიანებთანაა! ღმერთი მათთან დამკვიდრდება, ისინი მისი ხალხი იქნებიან და თავად ღმერთი იქნება მათთან.+
4 მოსწმენდს მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან+ და აღარ იქნება სიკვდილი,+ აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი,+ რადგან წინანდელი ყველაფერი მოისპო“.
5 ტახტზე მჯდომმა+ თქვა: „ვქმნი ყოველივე ახალს“.+ შემდეგ დასძინა: „დაწერე, რადგან ეს სიტყვები სარწმუნო და ჭეშმარიტია“.
6 მან მითხრა: „აღსრულდა! მე ვარ ალფა და ომეგა*, დასაწყისი და დასასრული.+ მწყურვალს უსასყიდლოდ დავალევინებ წყალს სიცოცხლის წყაროდან.+
7 მძლეველი დაიმკვიდრებს ამ ყოველივეს, მე ვიქნები მისი ღმერთი და ის იქნება ჩემი ძე.
8 მხდალთა, ურწმუნოთა,+ უწმინდურთა, მკვლელთა,+ მეძავთა,+ სპირიტიზმის მიმდევართა, კერპთაყვანისმცემელთა და ყველა მატყუარას+ ხვედრი ცეცხლისა და გოგირდის+ ტბაშია. ეს მეორე სიკვდილს განასახიერებს“.+
9 მოვიდა ერთ-ერთი იმ შვიდი ანგელოზიდან, რომელთაც შვიდი უკანასკნელი უბედურებით+ სავსე შვიდი თასი ჰქონდათ, და მითხრა: „მოდი, გაჩვენებ პატარძალს, კრავის ცოლს“.+
10 მან სულით ძალიან დიდ და მაღალ მთაზე ამიყვანა და მაჩვენა წმინდა ქალაქი იერუსალიმი, რომელიც ზეციდან ღვთისგან ჩამოდიოდა+
11 და რომელიც ღვთის დიდებით იყო მოსილი.+ ის ძვირფასი ქვასავით ბზინავდა, იასპივით მოელვარე და ბროლივით გამჭვირვალე+ იყო.
12 მას დიდი, მაღალი გალავანი და 12 კარიბჭე ჰქონდა. კარიბჭეებთან 12 ანგელოზი იდგა და იქ ისრაელის 12 ტომის სახელი ეწერა.
13 სამი კარიბჭე აღმოსავლეთით იყო, სამი — ჩრდილოეთით, სამი — სამხრეთით და სამიც — დასავლეთით.+
14 ქალაქის გალავანს საძირკვლად ჰქონდა 12 ქვა კრავის 12 მოციქულის 12 სახელით.+
15 მას, ვინც მელაპარაკებოდა, ოქროს ლერწამი ეჭირა, რათა გაეზომა ქალაქი, მისი კარიბჭეები და გალავანი.+
16 ქალაქს ოთხკუთხედის ფორმა ჰქონდა, თანაბარი სიგრძე-სიგანისა იყო. მან ქალაქი ლერწმით გაზომა და 12 000 სტადიონი* გამოვიდა. სიგრძე, სიგანე და სიმაღლე თანაბარი ჰქონდა.
17 გაზომა მისი გალავანი და 144 წყრთა* გამოვიდა ადამიანის საზომით, რაც ანგელოზის საზომის ტოლია.
18 გალავანი იასპით+ იყო ნაგები, ხოლო ქალაქი ხალასი ოქროსი იყო, მინასავით გამჭვირვალე.
19 ქალაქის გალავნის საძირკველი ყველანაირი ძვირფასი ქვით იყო ნაშენი: საძირკვლის პირველი ქვა იყო იასპი, მეორე — საფირონი, მესამე — ქალცედონი, მეოთხე — ზურმუხტი,
20 მეხუთე — სარდონიქსი, მეექვსე — სარდიონი, მეშვიდე — ქრიზოლითი, მერვე — ბივრილი, მეცხრე — ტოპაზი, მეათე — ქრიზოპრაზი, მეთერთმეტე — ჰიაცინტი, მეთორმეტე — ამეთვისტო.
21 12–ვე კარიბჭე 12 მარგალიტისა იყო, თითო კარიბჭე — თითო მარგალიტისა. ქალაქის მთავარი ქუჩა ხალასი ოქროსი იყო, მინასავით გამჭვირვალე.
22 ტაძარი არ მიხილავს მასში, რადგან მისი ტაძარია ყოვლისშემძლე ღმერთი+ იეჰოვა* და კრავი.
23 ქალაქს გასანათებლად არც მზე სჭირდებოდა და არც მთვარე, რადგან ღვთის დიდებით იყო განათებული+ და კრავი იყო მისი ლამპარი.+
24 ხალხები მისი სინათლით ივლიან+ და დედამიწის მეფეები იქ თავიანთ დიდებას შეიტანენ.
25 დღისით მისი კარიბჭეები არ დაიკეტება, რადგან იქ ღამე საერთოდ არ იქნება.+
26 ხალხები დიდებასა და პატივს მიაგებენ მას.+
27 ვერ შევა იქ ვერცერთი უწმინდური, ვერცერთი სისაძაგლის ჩამდენი და მატყუარა.+ მხოლოდ ისინი შევლენ, ვინც კრავის სიცოცხლის გრაგნილში იქნებიან ჩაწერილნი.+
სქოლიოები
^ ალფა და ომეგა ბერძნული ანბანის პირველი და ბოლო ასოებია.
^ დაახლ. 2 220 კმ. სტადიონი უდრიდა 185 მ-ს. იხ. დანართი ბ14.
^ დაახლ. 65 მ. იხ. დანართი ბ14.
^ იხ. დანართი ა5.