დაბადება 19:1—38

  • ანგელოზების სტუმრობა ლოტთან (1—11).

  • ანგელოზები ლოტსა და მის ოჯახს აჩქარებენ (12—22).

  • სოდომისა და გომორის განადგურება (23—29).

    • ლოტის ცოლი მარილის სვეტად იქცევა (26).

  • ლოტი და მისი ქალიშვილები (30—38).

    • მოაბელთა და ამონელთა წინაპრები (37, 38).

19  საღამო ხანს, როცა ის ორი ანგელოზი სოდომში მივიდა, ლოტი სოდომის კარიბჭესთან იჯდა. თვალი რომ მოჰკრა მათ, წამოდგა შესაგებებლად და პირქვე დაემხო.+  სთხოვა: „ჩემო ბატონებო, შემოდით თქვენი მსახურის სახლში და ღამეს გაგათევინებთ, ფეხებსაც დაგაბანინებთ. დილით კი ადრე ადექით და თქვენს გზას დაადექით“. მათ მიუგეს: „მოედანზე გავათევთ ღამეს“.  მაგრამ არ მოეშვა მათ ლოტი და ისინიც წაჰყვნენ მას სახლში. ლოტმა სუფრა გაუშალა, ხმიადები დაუცხო და მათაც ჭამეს.  სანამ დასაძინებლად დაწვებოდნენ, სახლს გარს შემოეხვია სოდომელი კაცების ბრბო, ყმაწვილებიცა და მოხუცებიც.  ეძახდნენ ლოტს და ეუბნებოდნენ: „სად არიან ის კაცები, შენთან რომ მოვიდნენ საღამოს? გამოგვიყვანე, რომ დავწვეთ მათთან“.+  გავიდა ლოტი მათთან და კარი გაიკეტა.  სთხოვა: „ძმებო, ნუ ჩაიდენთ ბოროტებას.  ორი ქალიშვილი მყავს, რომლებიც კაცთან არ წოლილან. მათ გამოგიყვანთ და რაც გინდათ, ის უყავით, ოღონდ ამ კაცებს არაფერი ავნოთ, რადგან ჩემს ჭერქვეშ არიან“.+  მათ მიუგეს: „გაგვეცალე!“ შემდეგ თქვეს: „ეს ხიზნად მოსული კაცი მოსამართლედაც გვიდგება. იცოდე, შენ უარესს გიზამთ“. მთელი ძალით მიაწყდნენ ლოტს და ლამის კარი შეამტვრიეს. 10  იმ კაცებმა კი ხელი სტაცეს ლოტს, სახლში შეიყვანეს და კარი დაკეტეს. 11  სახლის შესასვლელთან მდგომ კაცებს კი, ყმაწვილებსაც და მოხუცებსაც, ყველას სიბრმავე მოჰგვარეს და ამის გამო ისინი შესასვლელის ძებნით დაიქანცნენ. 12  იმ კაცებმა ლოტს უთხრეს: „კიდევ ვინა გყავს აქ? სიძეები, ვაჟები, ქალიშვილები და ვინც შენიანია ამ ქალაქში, ყველა გაიყვანე აქედან! 13  უნდა გავანადგუროთ აქაურობა, რადგან იმატა მათზე სამდურავმა და იეჰოვამდე მიაღწია.+ ამიტომაც გამოგვგზავნა იეჰოვამ, რომ გავანადგუროთ ეს ქალაქი“. 14  წავიდა ლოტი თავის სასიძოებთან, რომლებსაც მისი ქალიშვილები უნდა შეერთოთ, და უთხრა: „ადექით, წავიდეთ აქედან, რადგან იეჰოვამ ეს ქალაქი უნდა გაანადგუროს!“ მაგრამ სიძეებს ლოტის ნათქვამი ხუმრობა ეგონათ.+ 15  გარიჟრაჟზე ანგელოზებმა ლოტი დააჩქარეს, უთხრეს: „ადექი! წაიყვანე შენი ცოლი და შენი ორივე ქალიშვილი, რომ არ განადგურდეთ ამ ქალაქის ცოდვის გამო“.+ 16  ლოტი აყოვნებდა, ამიტომ მისადმი იეჰოვას გულმოწყალების გამო+ იმ კაცებმა ხელი ჩაჰკიდეს მას, მის ცოლს, მის ორივე ქალიშვილს და ქალაქიდან გაიყვანეს.+ 17  როცა გაიყვანეს ისინი, ერთ-ერთმა უთხრა მათ: „გაიქეცით, რომ გადარჩეთ! უკან არ მიიხედოთ+ და არ გაჩერდეთ ამ მხარეში!+ მთებში გაიქეცით, რომ არ განადგურდეთ!“ 18  ლოტმა მათ სთხოვა: „ოღონდ იქ არა, იეჰოვა! 19  შენმა მსახურმა წყალობა პოვა შენს თვალში და შენც დიდი სიყვარული* გამოიჩინე ჩემდამი, რომ გადამარჩინე,+ მაგრამ მთებში ვერ გავიქცევი, მეშინია, უბედურება არ მეწიოს და არ მოვკვდე.+ 20  ეს ქალაქი ახლოსაა, თანაც პატარა ქალაქია, იქ გავიქცევი და გადავრჩები; დიდ რამეს ხომ არ გთხოვ?“ 21  მან უთხრა მას: „კარგი, ამაშიც გაგიწევ ანგარიშს+ და არ დავამხობ იმ ქალაქს, რომელიც ახსენე.+ 22  ჩქარა, გაიქეცი, რადგან სანამ იქ არ მიხვალ, ვერაფერს გავაკეთებ!“+ ამიტომ ეწოდა იმ ქალაქს ცოარი*.+ 23  მზე უკვე ამოსული იყო, როცა ლოტი ცოარში ჩავიდა. 24  აწვიმა ციდან იეჰოვამ სოდომსა და გომორას გოგირდი და ცეცხლი — ეს იეჰოვასგან იყო.+ 25  გაანადგურა ის ქალაქები, მთელი ის მხარე, იმ ქალაქების მცხოვრებნიცა და მცენარეებიც.+ 26  ლოტის ცოლმა, რომელიც მას მიჰყვებოდა, უკან მიიხედა და მარილის სვეტად იქცა.+ 27  დილით ადრე ადგა აბრაამი და მივიდა იმ ადგილას, სადაც მანამდე იდგა იეჰოვას წინაშე.+ 28  გადახედა სოდომსა და გომორას, მთელ იმ მხარეს, და დაინახა, რომ იმ მიწას ისეთი სქელი კვამლი ასდიოდა, როგორიც ღუმლიდან ამოდის ხოლმე.+ 29  იმ მხარის ქალაქების განადგურებისას ღმერთს არ დავიწყებია აბრაამი — გაარიდა ლოტი იმ ქალაქებს, რომლებიც დაამხო და რომლებშიც ლოტი ცხოვრობდა.+ 30  წავიდა ლოტი ცოარიდან თავის ორივე ქალიშვილთან ერთად და მთიან მხარეში დასახლდა,+ რადგან ცოარში+ ცხოვრებისა შეეშინდა. გამოქვაბულში დაიწყეს ცხოვრება მან და მისმა ორივე ქალიშვილმა. 31  უთხრა უფროსმა უმცროსს: „მამაჩვენი მოხუცია და კაციც არ არის ამ მიწაზე, რომ დაწვეს ჩვენთან, როგორც წესი და რიგია. 32  მოდი დავალევინოთ მამაჩვენს ღვინო, დავწვეთ მასთან და შევუნარჩუნოთ მამაჩვენს შთამომავლობა“. 33  იმ ღამით ღვინო ასვეს თავიანთ მამას და დაათვრეს. შევიდა უფროსი და დაწვა მამამისთან; მას კი არც მისი დაწოლა გაუგია და არც ადგომა. 34  მეორე დღეს უფროსმა უმცროსს უთხრა: „წუხელ მამაჩემთან ვიწექი. ამ საღამოსაც დავალევინოთ ღვინო. შენც შედი, დაწექი მასთან და შევუნარჩუნოთ მამაჩვენს შთამომავლობა“. 35  იმ ღამითაც ასვეს ღვინო თავიანთ მამას. წავიდა უმცროსი და დაწვა მასთან; მას კი არც მისი დაწოლა გაუგია და არც ადგომა. 36  ლოტის ორივე ქალიშვილი დაორსულდა მამისგან. 37  უფროსს ვაჟი შეეძინა და მოაბი+ დაარქვა. ის არის დღევანდელი მოაბელების მამა.+ 38  უმცროსმაც გააჩინა ვაჟი და ბენ-ამი დაარქვა. ის არის დღევანდელი ამონელების+ მამა.

სქოლიოები

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
ნიშნავს „სიმცირეს“.