დაბადება 22:1—24
22 ამის შემდეგ აბრაამი ღმერთმა გამოსცადა.+ მან დაუძახა: „აბრაამ!“ აბრაამმა მიუგო: „გისმენ, უფალო!“
2 მან სთხოვა: „წაიყვანე შენი ერთადერთი საყვარელი ვაჟი,+ ისაკი.+ წადი მორიას+ მიწაზე და შესწირე იგი დასაწვავ მსხვერპლად იმ მთაზე, რომელზეც გეტყვი“.
3 დილაადრიან ადგა აბრაამი, შეკაზმა ვირი, დაუძახა თავის ორ მსახურს და ისაკს, თავის ვაჟს. დაჩეხა შეშა დასაწვავი მსხვერპლისთვის, ადგა და გაუდგა გზას, რომ იმ ადგილზე მისულიყო, რომელზეც ღმერთმა მიუთითა.
4 მესამე დღეს აბრაამმა შორიდან დაინახა ის ადგილი.
5 მან თავის მსახურებს უთხრა: „თქვენ აქ დარჩით, ვირსაც აქ დავტოვებ. მე და ჩემი ვაჟი კი იქ ავალთ თაყვანსაცემად და დავბრუნდებით“.
6 აიღო შეშა დასაწვავი მსხვერპლისთვის და თავის ვაჟს, ისაკს, აჰკიდა, თვითონ კი აიღო ცეცხლი, დასაკლავი დანა და ორივენი ერთად წავიდნენ.
7 ისაკმა მამამისს, აბრაამს, უთხრა: „მამა!“ მან მიუგო: „ჰო, შვილო!“ ისაკმა უთხრა: „ცეცხლი და შეშა კი გვაქვს, მაგრამ დასაწვავ მსხვერპლად შესაწირი ცხვარი სადღაა?“
8 აბრაამმა მიუგო: „შვილო, ღმერთი გამოაჩენს დასაწვავ მსხვერპლს“,+ და გზა განაგრძეს.
9 ბოლოს მიადგნენ იმ ადგილს, რომელზეც ღმერთმა მიუთითა. ააგო აბრაამმა სამსხვერპლო, ზედ შეშა დაალაგა, ხელ-ფეხი შეუკრა ისაკს, თავის ვაჟს, და სამსხვერპლოზე დალაგებულ შეშაზე დააწვინა.+
10 გაიწოდა ხელი აბრაამმა და აიღო დანა შვილის მოსაკლავად,+
11 მაგრამ ზეციდან იეჰოვას ანგელოზმა დაუძახა: „აბრაამ! აბრაამ!“ მან მიუგო: „გისმენ, უფალო!“
12 ანგელოზმა მას უთხრა: „არაფერი ავნო ყმაწვილს, არაფერი დაუშავო. ახლა ვხედავ, რომ ღვთისმოშიში კაცი ყოფილხარ, ჩემთვის ერთადერთი ვაჟიც კი არ დაგენანა“.+
13 აბრაამმა გაიხედა და იქვე ბუჩქებში რქებით გახლართული ვერძი დაინახა. მივიდა, წამოიყვანა და თავისი ვაჟის ნაცვლად შესწირა დასაწვავ მსხვერპლად.
14 იმ ადგილს აბრაამმა იეჰოვა-ირე* უწოდა. ამიტომაც ამბობენ დღემდე, იეჰოვას მთაზე გამოჩნდებაო.+
15 იეჰოვას ანგელოზმა მეორედაც დაუძახა აბრაამს ზეციდან:
16 „ჩემს თავს ვფიცავ, — ამბობს იეჰოვა,+ — ასე რომ მოიქეცი და ჩემთვის ერთადერთი ვაჟიც+ კი არ დაგენანა,
17 გაკურთხებ, ცის ვარსკვლავებივითა და ზღვის ქვიშასავით გავამრავლებ შენს შთამომავალს+ და თავისი მტრების კარიბჭეს დაეუფლება იგი.+
18 შენი შთამომავლის+ მეშვეობით იკურთხება დედამიწის ყველა ერი, რადგან დამემორჩილე“.+
19 დაბრუნდა აბრაამი თავის მსახურებთან და ერთად დაადგნენ ბეერ-შებისკენ+ მიმავალ გზას. აბრაამი კვლავაც ბეერ-შებაში ცხოვრობდა.
20 ამის შემდეგ აბრაამს შეატყობინეს: „ნახორს, შენს ძმას, მილქამ ვაჟები გაუჩინა:+
21 უცი — პირმშო, ბუზი — მისი ძმა, კემუელი — არამის მამა,
22 ქესედი, ხაზო, ფილდაში, იდლაფი და ბეთუელი“.+
23 ბეთუელს შეეძინა რებეკა.+ მილქამ ეს რვა ვაჟი გაუჩინა ნახორს, აბრაამის ძმას.
24 ნახორს ხარჭამაც გაუჩინა ვაჟები: ტებახი, გახამი, თახაში და მააქა.
სქოლიოები
^ ნიშნავს: „იეჰოვა გამოაჩენს“, „იეჰოვა იზრუნებს“.