დაბადება 39:1—23
39 ჩაიყვანეს იოსები ეგვიპტეში.+ ის ეგვიპტელმა ფოტიფარმა,+ ფარაონის კარისკაცმა, მცველთა უფროსმა, იყიდა ისმაელელებისგან,+ რომლებმაც იქ ჩაიყვანეს.
2 იეჰოვა იყო იოსებთან,+ ამიტომ ყველაფერში ხელი ემართებოდა. მას თავისი ეგვიპტელი ბატონის სახლში სხვადასხვა საქმე მიანდეს.
3 დაინახა მისმა ბატონმა, რომ იეჰოვა იყო მასთან და ყველა საქმეში იეჰოვა უმართავდა ხელს.
4 იოსებმა ბატონის კეთილგანწყობა მოიპოვა და მისი მსახური გახდა. ამიტომაც დანიშნა იგი თავისი სახლის ზედამხედველად და მთელი თავისი ქონება მას ჩააბარა.
5 მას შემდეგ, რაც მან თავისი სახლის ზედამხედველად დანიშნა იგი და მთელი ქონება ჩააბარა, არ აკლებდა იეჰოვა კურთხევას ეგვიპტელის სახლს იოსების გამო. იეჰოვასგან იყო კურთხეული ყველაფერი მის სახლშიც და მის მინდორშიც.+
6 ბოლოს ყველაფერი იოსებს ჩააბარა და ჭამა-სმის გარდა სხვა საფიქრალი აღარ ჰქონდა. იოსები თვალტანადი კაცი დადგა.
7 მისი ბატონის ცოლმა თვალი დაადგა იოსებს; ეუბნებოდა: „დაწექი ჩემთან“,
8 მაგრამ არ თანხმდებოდა თავისი ბატონის ცოლს: „ამ სახლში ჩემს ბატონს არაფერი აქვს საზრუნავი, ყველაფერი მე ჩამაბარა.
9 ჩემზე დიდი არავინაა ამ სახლში და არაფერი დაუკავებია ჩემთვის შენ გარდა, რადგან მისი ცოლი ხარ. როგორ ჩავიდინო ეს დიდი ბოროტება და როგორ შევცოდო ღმერთს?!“+
10 ყოველდღე ელაპარაკებოდა იგი იოსებს, რომ მასთან დაწოლილიყო და მასთან ერთად ყოფილიყო, მაგრამ ვერ დაიყოლია.
11 ერთ დღესაც იოსები სახლში თავის საქმეზე შევიდა. მსახურთაგან იქ არავინ იყო.
12 სტაცა ქალმა ხელი ტანსაცმელზე და უთხრა: „დაწექი ჩემთან!“ მაგრამ მან ტანსაცმელი ხელში შეატოვა და გარეთ გავარდა.
13 როცა დაინახა, რომ ხელში შეატოვა ტანსაცმელი და გარეთ გაიქცა,
14 კივილი მორთო და მსახურებს დაუძახა: „ნახეთ! ჩვენ დასაცინად მოგვიყვანა ეს ებრაელი კაცი. ჩემთან დაწოლას შეეცადა, მაგრამ მე მთელი ხმით მოვრთე კივილი.
15 როგორც კი გაიგო, რომ ხმას ავუწიე და კივილი მოვრთე, ტანსაცმელი შემომატოვა და გარეთ გავარდა“.
16 გვერდით ედო მას მისი ტანსაცმელი, სანამ იოსების ბატონი დაბრუნდებოდა სახლში.
17 მასაც იგივე უთხრა: „ის ებრაელი მსახური, შენ რომ მოიყვანე, ჩემ დასაცინად მოვიდა.
18 მაგრამ, როგორც კი ხმას ავუწიე და კივილი მოვრთე, ტანსაცმელი შემომატოვა და გარეთ გავარდა“.
19 გაიგო თუ არა იოსების ბატონმა ცოლის ნათქვამი, ასე და ასე მომექცაო შენი მსახური, გაცეცხლდა.
20 წაიყვანა იოსები და საპყრობილეში ჩააგდო, სადაც მეფის პატიმრები იყვნენ, და მას შემდეგ იქ იყო იგი.+
21 მაგრამ იეჰოვა იყო იოსებთან, სიკეთეს* არ აკლებდა მას და საპყრობილის ზედამხედველის კეთილგანწყობა მოაპოვებინა.+
22 საპყრობილის ზედამხედველმა იოსები დაუყენა მეთვალყურედ ყველა პატიმარს; მისი განკარგულების გარეშე არაფერი კეთდებოდა.+
23 საპყრობილის ზედამხედველს აღარ უწევდა იმაზე ზრუნვა, რაც იოსებს ჩააბარა, რადგან იეჰოვა იყო მასთან და ყველა საქმეში იეჰოვა უმართავდა ხელს.+
სქოლიოები
^ ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).