დაბადება 45:1—28
45 იოსებმა თავი ვეღარ შეიკავა და მსახურების თანდასწრებით+ დაიყვირა: „ყველანი გადით აქედან!“ როცა ყველანი გავიდნენ, იოსებმა ძმებს თავისი ვინაობა გაუმხილა.+
2 ისე ხმამაღლა ატირდა, რომ ეგვიპტელებმა მისი ტირილის ხმა გაიგეს. ეს ამბავი ფარაონის კარზეც შეიტყვეს.
3 ბოლოს იოსებმა თავის ძმებს უთხრა: „იოსები ვარ. ცოცხალია მამაჩემი?“ შეცბნენ ძმები და ვეღარაფერი უპასუხეს.
4 იოსებმა ძმებს სთხოვა: „ახლოს მოდით“. ისინიც მივიდნენ.
შემდეგ უთხრა: «იოსები ვარ, თქვენი ძმა, ეგვიპტეში რომ გამყიდეთ.+
5 მაგრამ ახლა ამის გამო ნუ დამწუხრდებით და ნუ დაადანაშაულებთ ერთმანეთს, რადგან ღმერთმა აქ იმიტომ ჩამომიყვანა, რომ არ დახოცილიყავით.+
6 უკვე მეორე წელია, რაც შიმშილობაა;+ ხვნა და მკა კიდევ ხუთი წელი არ იქნება.
7 ღმერთმა იმიტომ ჩამომიყვანა, რომ სასწაულებრივად გადარჩენილიყავით და შთამომავლობაც დაგრჩენოდათ დედამიწაზე.+
8 აქ თქვენ კი არა, ჭეშმარიტმა ღმერთმა ჩამომიყვანა, რათა ფარაონის მთავარ მრჩევლად*, მთელი მისი სახლის ბატონად და მთელი ეგვიპტის მიწის მმართველად დავენიშნე.+
9 სასწრაფოდ დაბრუნდით მამაჩემთან და უთხარით, აი, რა დაგვაბარა-თქო შენმა ვაჟმა იოსებმა: „ღმერთმა მთელი ეგვიპტის ბატონად დამნიშნა.+ ჩამოდი ჩემთან, ნუ დააყოვნებ.+
10 იცხოვრე გოშენის მიწაზე,+ ჩემთან ახლოს, შენი ვაჟებით, შვილიშვილებით, ცხვარ-ძროხითა და მთელი შენი საბადებლით.
11 მე მოგამარაგებ საკვებით, რომ არ გაღარიბდეთ შენ და შენი სახლეულობა,+ და არ დაკარგოთ ყველაფერი, რაც გაგაჩნიათ, რადგან შიმშილობა კიდევ ხუთი წელი გასტანს“.
12 ახლა თქვენ და ჩემი ძმა ბენიამინი საკუთარი თვალით ხედავთ, რომ მართლა მე გელაპარაკებით.+
13 მოუყევით მამაჩემს ეგვიპტეში მთელი ჩემი დიდებისა და იმ ყოველივეს შესახებ, რაც იხილეთ. ახლა იჩქარეთ და ჩამოიყვანეთ მამაჩემი».
14 კისერზე მოეხვია ბენიამინს, თავის ძმას, და ატირდა; ბენიამინიც მოეხვია და ისიც ატირდა.+
15 კოცნიდა ძმებს იოსები და თან ტიროდა. მხოლოდ ამის შემდეგ დაელაპარაკნენ ძმები.
16 იოსების ძმების ჩამოსვლის ამბავი ფარაონის კარზეც შეიტყვეს. გაუხარდათ ფარაონსა და მის მსახურებს.
17 ფარაონმა იოსებს უთხრა: „უთხარი შენს ძმებს, ასე გააკეთეთ-თქო: დატვირთეთ პირუტყვები, წადით ქანაანის მიწაზე,
18 წამოიყვანეთ მამათქვენი, თქვენი სახლეულობა და ჩემთან ჩამოდით. მოგცემთ ყოველივე საუკეთესოს ეგვიპტის მიწაზე და ამ მიწის საუკეთესო ნაყოფს შეჭამთ.+
19 ასე გააკეთეთ-თქო:+ წაიყვანეთ ურმები+ ეგვიპტის მიწიდან თქვენი ცოლ-შვილის წამოსაყვანად; წამოიყვანეთ მამათქვენიც და ჩამოდით.+
20 ნუ დაგენანებათ თქვენი ქონება,+ რადგან ეგვიპტის მიწაზე ყოველივე საუკეთესო თქვენი იქნება“.
21 ისრაელის ვაჟებიც ასე მოიქცნენ. იოსებმა მისცა მათ ურმები ფარაონის ბრძანებისამებრ და საგზალიც გაატანა.
22 თითოეულს თითო ხელი ტანსაცმელი მისცა, ხოლო ბენიამინს — სამასი ვერცხლი და ხუთი ხელი ტანსაცმელი.+
23 სამგზავროდ მამამისს ეგვიპტის დოვლათით დატვირთული ათი მამალი ვირი და მარცვლეულით, პურითა და საჭმლით დატვირთული ათი ჭაკი ვირი გაუგზავნა.
24 გაგზავნა თავისი ძმები და უთხრა: „ნუ იდავებთ გზაში“.+
25 წამოვიდნენ ეგვიპტიდან, მივიდნენ ქანაანის მიწაზე თავიანთ მამასთან, იაკობთან,
26 და უთხრეს: „ცოცხალია იოსები, მთელი ეგვიპტის მიწის მმართველია!“+ ამის გაგონებაზე იაკობი გაქვავდა, თუმცა არ დაუჯერა მათ.+
27 შემდეგ იოსების დანაბარები რომ მოისმინა და თან ურმებიც დაინახა, რომლებიც იოსებს მის წასაყვანად გამოეგზავნა, სიცოცხლის ხალისი დაუბრუნდა* მათ მამას, იაკობს.
28 ისრაელმა თქვა: „ცოცხალი ყოფილა იოსები, ჩემი შვილი! სანამ ცოცხალი ვარ, უნდა წავიდე და ვნახო!“+
სქოლიოები
^ სიტყვასიტყვით — „მამად“.
^ სიტყვასიტყვით — „სული გაუცოცხლდა“; ებრ. „რუახ“. იხ. „სული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).