დაბადება 47:1—31
47 მივიდა იოსები ფარაონთან და უთხრა:+ „ჩამოვიდნენ მამაჩემი და ჩემი ძმები ქანაანიდან. თან წამოიყვანეს ცხვარ-ძროხა, წამოიღეს მთელი ქონება და ახლა გოშენის მიწაზე არიან“.+
2 წაიყვანა ხუთი ძმა და ფარაონს წარუდგინა.+
3 ფარაონმა მის ძმებს ჰკითხა: „რას საქმიანობთ?“ მათ მიუგეს: „შენი მსახურები მეცხვარეები არიან; ჩვენი წინაპრებიც მეცხვარეები იყვნენ“.+
4 შემდეგ ფარაონს უთხრეს: „იმიტომ ჩამოვედით, რომ ამ მიწას შევეხიზნოთ;+ დიდი შიმშილობაა ქანაანის მიწაზე+ და არ არის საძოვრები შენი მსახურების ფარისთვის. გთხოვთ, გოშენის მიწაზე დაგვასახლე“.+
5 ფარაონმა იოსებს უთხრა: „მამაშენი და შენი ძმები შენთან ჩამოვიდნენ.
6 შენს განკარგულებაშია ეგვიპტის მიწა. დაასახლე მამაშენი და შენი ძმები საუკეთესო ადგილზე.+ გოშენის მიწაზე იცხოვრონ; იმათ კი, ვინც მათ შორის მარჯვეა, ჩემი საქონელი ჩააბარე“.
7 მიიყვანა იოსებმა მამამისი იაკობი და წარუდგინა ფარაონს. დალოცა იაკობმა ფარაონი.
8 ფარაონმა იაკობს ჰკითხა: „რამდენი წლისა ხარ?“
9 იაკობმა მიუგო: „130 წლისა ვარ და მთელი ცხოვრება ხიზანი ვარ. ჩემი სიცოცხლის წლები ხანმოკლე იყო და მწუხარებით სავსე,+ არ გატოლებია ჩემი წინაპრების მიერ ხიზნობაში გატარებულ წლებს“.+
10 დალოცა იაკობმა ფარაონი და წავიდა.
11 დაასახლა იოსებმა მამამისი და თავისი ძმები ეგვიპტის მიწაზე და მისცა მათ საკუთრებად რამსესის მიწის+ საუკეთესო ნაწილი, როგორც ფარაონს ჰქონდა ნაბრძანები.
12 ამარაგებდა იოსები საკვებით მამამისს, თავის ძმებსა და მამამისის მთელ სახლეულობას ბავშვების რაოდენობის მიხედვით.
13 იმ მიწაზე საკვები არ იყო, რადგან შიმშილობა კვლავაც მძვინვარებდა. დაუძლურდნენ ეგვიპტისა და ქანაანის მკვიდრნი შიმშილობის გამო.+
14 აგროვებდა იოსები ეგვიპტესა და ქანაანში არსებულ მთელ ფულს, რასაც ხალხი მარცვლეულის სანაცვლოდ იხდიდა.+ ფული იოსებს ფარაონის სახლში შეჰქონდა.
15 ფული რომ გამოილია ეგვიპტისა და ქანაანის მიწაზე, ყველა ეგვიპტელი იოსებთან მიდიოდა და ეუბნებოდა: „მოგვეცი საკვები! უფულობის გამო რატომ უნდა დავიხოცოთ?!“
16 იოსებმა მიუგო: „თუ ფული გამოგელიათ, მომეცით თქვენი საქონელი და სანაცვლოდ საკვებს მოგცემთ“.
17 მათაც მოჰყავდათ თავიანთი საქონელი იოსებთან და აძლევდა მათ იოსები საკვებს ცხენების, ცხვარ-ძროხისა და ვირების სანაცვლოდ. უცვლიდა მათ საკვებს საქონელში იმ წელიწადს.
18 მიიწურა ის წელიწადიც. მომდევნო წელსაც მიდიოდნენ მასთან და ეუბნებოდნენ: „იცის ჩვენმა ბატონმა, რომ ფულიც მივეცით და პირუტყვიც მივუყვანეთ ჩვენს ბატონს; საკუთარი თავისა და მიწის გარდა აღარაფერი გვაბადია.
19 რატომ უნდა მოვისპოთ და რატომ უნდა გაპარტახდეს ჩვენი მიწა?! საკვების სანაცვლოდ ჩვენი მიწა იყიდეთ, ჩვენც მოგეყიდებით და ფარაონის მონები გავხდებით. მოგვეცი თესლი, რომ ვიცხოვროთ, არ დავიხოცოთ და არ გაპარტახდეს ჩვენი მიწა“.
20 იყიდა იოსებმა ფარაონისთვის ეგვიპტელთა მთელი მიწა; დიდი შიმშილობის გამო თითოეულმა ეგვიპტელმა გაყიდა თავისი მინდორი. ასე გახდა მთელი მიწა ფარაონისა.
21 იოსებმა ეგვიპტის მთელი მოსახლეობა ქალაქებში დაასახლა.+
22 მხოლოდ ქურუმების მიწა არ უყიდია,+ რადგან ქურუმები ფარაონისგან იღებდნენ საკვებს და თავს იმით ირჩენდნენ, რასაც ფარაონი აძლევდათ. ამიტომ მათ თავიანთი მიწა არ გაუყიდიათ.
23 იოსებმა ხალხს უთხრა: „იცოდეთ, დღეს თქვენი მიწიანად გიყიდეთ ფარაონისთვის. აი თესლი და დათესეთ ამ მიწაზე.
24 როცა მოსავალს მოიწევთ, მეხუთედი ფარაონს მიეცით,+ დანარჩენი ოთხი წილი კი თქვენ გქონდეთ თესლად და საკვებად თქვენს სახლში მყოფებისა და თქვენი ბავშვებისთვის“.
25 მათ უთხრეს: „შენ გადაგვარჩინე.+ ოღონდ წყალობის თვალით შემოგვხედოს ჩვენმა ბატონმა და დავემონებით ფარაონს“.+
26 იოსებმა ბრძანება გასცა, რომ ეგვიპტის მიწის მოსავლის მეხუთედი ფარაონისა ყოფილიყო. ეს ბრძანება დღემდე ძალაშია. მხოლოდ ქურუმების მიწა არ გამხდარა ფარაონისა.+
27 ცხოვრობდა ისრაელი ეგვიპტის მიწაზე, გოშენში.+ იქ დასახლდნენ ისინი და ძალიან გამრავლდნენ.+
28 იაკობმა ეგვიპტის მიწაზე 17 წელი იცხოვრა; მან სულ 147 წელი იცოცხლა.+
29 როცა მიხვდა ისრაელი, რომ დიდხანს ვეღარ იცოცხლებდა,+ მოუხმო თავის ვაჟს, იოსებს, და სთხოვა: „თუ გიყვარვარ*, ამომიდე ხელი ბარძაყქვეშ და სიკეთე* და ერთგულება გამოავლინე ჩემდამი: ნუ დამმარხავ ეგვიპტეში.+
30 როცა მოვკვდები, არ დამტოვო ეგვიპტეში და ჩემი წინაპრების სამარხში დამმარხე“.+ მან მიუგო: „რაც მთხოვე, შევასრულებ“.
31 ისრაელმა უთხრა: „შემომფიცე“. მანაც შეჰფიცა.+ ისრაელმა სასთუმალთან თავი ჩახარა.+
სქოლიოები
^ სიტყვასიტყვით — „თუ წყალობა ვპოვე შენს თვალში“.
^ ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).