დანიელი 11:1—45

  • სპარსეთისა და საბერძნეთის მეფეები (1—4).

  • სამხრეთისა და ჩრდილოეთის მეფეები (5—45).

    • ხელქვეითის გაგზავნა (20).

    • შეთანხმების წინამძღოლის განადგურება (22).

    • ციხესიმაგრეთა ღვთის განდიდება (38).

    • სამხრეთისა და ჩრდილოეთის მეფეთა ორთაბრძოლა (40).

    • აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთიდან მოსული შემაშფოთებელი ამბები (44).

11  „დარიოს+ მიდიელის მეფობის პირველ წელს მიქაელს* მხარში ვედექი და ვაძლიერებდი.  რასაც ახლა გეტყვი, ნამდვილად მოხდება: სპარსეთში კიდევ სამი მეფე აღდგება; მეოთხე დანარჩენებზე მეტ სიმდიდრეს მოიხვეჭს. როგორც კი სიმდიდრით უფრო მეტ ძალაუფლებას მოიპოვებს, ყველაფერს საბერძნეთის სამეფოს+ წინააღმდეგ გამოიყენებს.  აღდგება ძლიერი მეფე და დიდ ძალაუფლებას მოიხვეჭს;+ რასაც მოინდომებს, გააკეთებს.  მისი აღზევების შემდეგ მისი სამეფო დაიშლება და ზეცის ოთხი ქარის მიმართულებით დაიყოფა;+ ის მის შთამომავლებს არ გადაეცემათ და მათ, ვისაც გადაეცემა, მისნაირი ძალაუფლება არ ექნებათ; დაემხობა მისი სამეფო და სხვებს გადაეცემათ.  გაძლიერდება სამხრეთის მეფე, მისი ერთ-ერთი მთავარი, მაგრამ მას სხვა სძლევს და უფრო მეტ ძალაუფლებას მოიპოვებს.  რამდენიმე წლის შემდეგ ისინი ერთმანეთის მოკავშირენი გახდებიან. სამხრეთის მეფის ასული შეთანხმების დასადებად ჩრდილოეთის მეფესთან მივა, მაგრამ ვერ შეინარჩუნებს ძალაუფლებას. მეფე დაემხობა და ძალაუფლებას დაკარგავს. მეფის ასული, მისი მხლებლები, მისი მშობელი და ის, ვინც გააძლიერა, სხვების ხელში ჩავარდებიან.  მეფის ასულის ფესვის ერთ-ერთი ამონაყარი მეფის ადგილს დაიკავებს, ჯარს შეუტევს და ჩრდილოეთის მეფის ციხესიმაგრის წინააღმდეგ გაილაშქრებს; შეებრძოლება და გაიმარჯვებს.  იგი ეგვიპტეში მათი ღმერთებით, ქანდაკებებით, ოქრო-ვერცხლითა და ტყვეებით მივა. რამდენიმე წელი აღარ შეებრძოლება ჩრდილოეთის მეფეს.  იგი სამხრეთის მეფის წინააღმდეგ გაილაშქრებს, მაგრამ თავის მიწას დაუბრუნდება. 10  მისი ვაჟები საბრძოლველად მოემზადებიან და დიდ ჯარს შეკრებენ. ის შეტევაზე გადავა და წარღვნასავით წალეკავს მიწას; შემდეგ დაბრუნდება და თავის ციხესიმაგრემდე ბრძოლა-ბრძოლით მივა. 11  გამწარდება სამხრეთის მეფე და ჩრდილოეთის მეფესთან საბრძოლველად გაემართება. ისიც დიდძალ ხალხს შეკრებს, მაგრამ მისი ხალხი იმ მეფეს ჩაუვარდება ხელში. 12  წაასხამენ ხალხს. ის გადიდგულდება და ათობით ათასს დასცემს; თუმცა თავისი მდგომარეობით არ ისარგებლებს. 13  დაბრუნდება ჩრდილოეთის მეფე და უფრო მეტ ხალხს შეკრებს, ვიდრე პირველად შეკრიბა; რაღაც დროის შემდეგ, რამდენიმე წელიწადში, გამოვა დიდი, შეიარაღებული და უზრუნველყოფილი ჯარით. 14  იმ დროს ბევრი აუმხედრდება სამხრეთის მეფეს. აიყოლიებენ მოძალადეებს შენი ხალხიდან, ხილვის ასრულებას რომ შეეცადონ, მაგრამ წაბორძიკდებიან. 15  მოვა ჩრდილოეთის მეფე, მიწაყრილს აღმართავს და აიღებს გამაგრებულ ქალაქს. ვერ გაუძლებს მას სამხრეთის მეფის ჯარი, ვერც მისი რჩეული მებრძოლები გაუწევენ წინააღმდეგობას; ძალა არ ეყოფათ. 16  მის წინააღმდეგ გამოსული მეფე იმას გააკეთებს, რასაც მოინდომებს, და წინ ვერავინ აღუდგება. ის მშვენიერ ქვეყანაში+ დაფუძნდება და შემუსვრის ძალა ექნება. 17  ის მთელი თავისი შეიარაღებული ჯარით გამოსვლას განიზრახავს; მას შეთანხმებას დაუდებენ. იგი იმოქმედებს. ქალთა ასული მიეცემა მას დასაღუპავად; ვერ გაუძლებს ქალი და მისი აღარ იქნება. 18  პირს ზღვისპირეთისკენ იბრუნებს და მრავალს დაიპყრობს. მეთაური მას თავს აღარ დაამცირებინებს; დასრულდება მისი დამცირება და ვინც მას ამცირებდა, ის თავად დაამცირებს მას. 19  შემდეგ პირს იბრუნებს თავისი ქვეყნის ციხესიმაგრეებისკენ, წაიბორძიკებს, დაეცემა და აღარ იარსებებს. 20  მის ადგილს ის დაიკავებს, ვინც ხელქვეითს* დიდებულ სამეფოში გაგზავნის. განადგურდება ის რამდენიმე დღეში, მაგრამ არა რისხვითა და ბრძოლით. 21  მის ადგილს საძულველი კაცი დაიკავებს. არ მისცემენ მას სამეფო დიდებას. მშვიდობიანობის დროს* მოვა და მლიქვნელობით* ჩაიგდებს ხელში სამეფოს. 22  მის გამო წაილეკება და განადგურდება წამლეკავი ჯარი; იგივე დაემართება შეთანხმების+ წინამძღოლსაც.+ 23  მას მოკავშირეები ეყოლება და ამიტომ იგი მზაკვრულად იმოქმედებს, აღზევდება და მცირეოდენი ხალხი გააძლიერებს. 24  მშვიდობიანობის დროს იმ სამთავროს საუკეთესო მხარეებში შევა და იმას გააკეთებს, რაც მის მამა-პაპას არ გაუკეთებია. ნაძარცვს, ნადავლსა და ქონებას მათ დაუნაწილებს. გამაგრებული ადგილების წინააღმდეგ ხრიკებს მოაწყობს, მაგრამ დროებით. 25  ის ძალასა და გაბედულებას მოიკრებს და სამხრეთის მეფის წინააღმდეგ დიდი ჯარით გამოვა. სამხრეთის მეფეც მოემზადება საბრძოლველად და უდიდეს და უძლიერეს ჯარს დარაზმავს. ის დაეცემა, რადგან ხრიკებს მოუწყობენ. 26  მისი ნუგბარის მჭამელნი დაამხობენ მას. მისი ჯარი წაილეკება და მრავალი დაიხოცება. 27  ეს ორი მეფე გულში ბოროტების ჩადენას განიზრახავს; ერთ მაგიდას მიუსხდებიან და ერთმანეთს ტყუილებს ეტყვიან, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწევენ, რადგან აღსასრული დანიშნულ დროს დადგება.+ 28  დიდძალი ქონებით დაბრუნდება ის თავის ქვეყანაში. ის არად ჩააგდებს წმინდა შეთანხმებას. იმოქმედებს და დაბრუნდება თავის ქვეყანაში. 29  დანიშნულ დროს ის კვლავ სამხრეთის წინააღმდეგ გაილაშქრებს, მაგრამ ამჯერად ისე არ იქნება, როგორც წინა ჯერზე. 30  მის წინააღმდეგ ქითიმის+ ხომალდები გამოვლენ და დამცირდება იგი. დაბრუნდება ის, რისხვას გადმოანთხევს წმინდა შეთანხმებაზე+ და იმოქმედებს; დაბრუნდება და ყურადღებას გადაიტანს წმინდა შეთანხმების მიმტოვებლებზე. 31  გამოიყვანს ჯარს, შებღალავენ წმინდა ადგილს,+ ციხესიმაგრეს, და შეწყდება ყოველდღიური მსხვერპლის შეწირვა.+ ისინი ფეხზე წამოაყენებენ გამაპარტახებელ სისაძაგლეს.+ 32  ის პირფერული სიტყვებით განდგომილებამდე მიიყვანს მათ, ვინც ბოროტებას სჩადის შეთანხმების წინააღმდეგ. ხალხი კი, რომელიც იცნობს თავის ღმერთს, იმოქმედებს და გაიმარჯვებს. 33  ხალხს შორის გამჭრიახნი+ მრავალს შეაგონებენ. მათ რამდენიმე დღე მახვილი, ცეცხლის ალი, ტყვეობა და ძარცვა დააბრკოლებთ. 34  როცა დაბრკოლდებიან, მცირეოდენ დახმარებას მიიღებენ. მლიქვნელობით მრავალი შეუერთდება მათ. 35  გამჭრიახთაგან ზოგიერთი დაბრკოლდება, რათა გამოიბრძმედონ, განიწმინდონ და გასპეტაკდნენ+ აღსასრულამდე, რადგან ეს დანიშნული დროისთვისაა. 36  მეფე იმას გააკეთებს, რაც მოუნდება, ყველა ღმერთზე აიმაღლებს და განიდიდებს თავს. უზენაესი ღმერთის წინააღმდეგ+ საოცარ რაღაცებს იტყვის. რისხვის დასასრულამდე წარმატებული იქნება; რაც გადაწყვეტილია, უნდა მოხდეს. 37  იგი არად ჩააგდებს თავისი მამა-პაპის ღმერთს; არც ქალების სურვილს გაითვალისწინებს და სხვა ღმერთებსაც არად ჩააგდებს. ყველაზე მაღლა საკუთარ თავს დააყენებს. 38  თუმცა ის დიდებას ციხესიმაგრეთა ღმერთს მიაგებს, იმ ღმერთს, რომელსაც მისი მამა-პაპა არ იცნობდა. მას ოქრო-ვერცხლით, ძვირფასი ქვებითა და სხვა ძვირფასეულობით განადიდებს. 39  ის სხვა ღმერთის დახმარებით ყველაზე მეტად გამაგრებული ციხესიმაგრეების წინააღმდეგ იმოქმედებს. ვინც მას აღიარებს*, ყველას განადიდებს და მრავალთა მმართველად დააყენებს. საფასურის სანაცვლოდ ის მიწებს დაანაწილებს. 40  უკანასკნელ დროს სამხრეთის მეფე და ჩრდილოეთის მეფე ერთმანეთს შეებმებიან; ჩრდილოეთის მეფე სამხრეთის მეფის წინააღმდეგ ეტლებს, მხედრებსა და მრავალ ხომალდს გამოიყვანს. შეიჭრება ის ქვეყნებში და წარღვნასავით წალეკავს. 41  ის მშვენიერ ქვეყანაშიც შევა;+ ბევრი ქვეყანა დამარცხდება. მისი ხელიდან თავს დააღწევენ ედომი, მოაბი და ამონელთა უმრავლესობა. 42  მას ხელი გაშვერილი ექნება ქვეყნებისკენ. ეგვიპტე ვერ დაუსხლტება ხელიდან. 43  მის განკარგულებაში იქნება ოქრო-ვერცხლის დამალული საგანძური და ეგვიპტის მთელი ძვირფასეულობა. ლიბიელები და ეთიოპები მას გაჰყვებიან. 44  აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთიდან მოსული ამბები შეაშფოთებს მას; გამოვა იგი, დიდად განრისხებული, რათა მოსპოს და გაანადგუროს მრავალი. 45  თავის სამეფო კარვებს დიდ ზღვასა და მშვენიერ წმინდა მთას შორის გაშლის;+ მიაღწევს თავის აღსასრულს და მშველელი არავინ ეყოლება“.

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — „მას“.
შესაძლოა იგულისხმებოდეს გადასახადების ამკრეფი.
ან შესაძლოა: „გაუფრთხილებლად“.
სხვაგვარად — „ხრიკებით“.
ან შესაძლოა: „ვისაც ის აღიარებს“.