დანიელი 4:1—37

  • მეფე ნაბუქოდონოსორი აღიარებს ღვთის სამეფოს არსებობას (1—3).

  • მეფის მიერ სიზმარში ნანახი ხე (4—18).

    • ხის დაცემიდან შვიდმა დრომ უნდა გადაიაროს (16).

    • ღმერთი მეფობს კაცთა სამეფოზე (17).

  • დანიელი ხსნის სიზმარს (19—27).

  • წინასწარმეტყველების თავდაპირველი შესრულება (28—36).

    • მეფე შვიდი დროის განმავლობაში შეშლილია (32, 33).

  • მეფე განადიდებს ცათა ღმერთს (37).

4  «მეფე ნაბუქოდონოსორის სიტყვა მთელი დედამიწის ხალხებს, ერებსა და სხვადასხვა ენაზე მოსაუბრეთ: მუდამ მშვიდობა გქონდეთ!  მინდა, გაუწყოთ ის ნიშნები და საკვირველებანი, უზენაესმა ღმერთმა რომ მიჩვენა.  რაოდენ დიდებულია მისი ნიშნები და რაოდენ გასაოცარია მისი საკვირველებანი! მისი სამეფო მარადიულია და მისი მმართველობა თაობიდან თაობამდეა.+  მე, ნაბუქოდონოსორი, უდარდელად ვიყავი ჩემს სახლში, უზრუნველად — ჩემს სასახლეში.  სიზმარი ვნახე და შევშინდი. როცა საწოლში ვიწექი, წარმოსახვებმა და ხილვებმა შემაშინა.+  ვბრძანე, მოეყვანათ ბაბილონის ყველა ბრძენკაცი, ჩემთვის სიზმარი რომ აეხსნათ.+  მოვიდნენ გრძნეული ქურუმები, შემლოცველები, ქალდეველები* და ასტროლოგები,+ ვუამბე მათ სიზმარი, მაგრამ ვერ ამიხსნეს.+  ბოლოს ჩემ წინაშე დანიელი წარდგა, რომელსაც ჩემი ღვთის სახელის პატივსაცემად+ ბელტეშაცარი+ ჰქვია; მასში წმინდა ღმერთების სულია.+ სიზმარი მასაც ვუამბე:  ბელტეშაცარ, გრძნეულ ქურუმთა უფროსო,+ კარგად ვიცი, რომ შენში წმინდა ღმერთების სულია+ და არ არსებობს შენთვის აუხსნელი საიდუმლო.+ ამიხსენი ხილვები, სიზმარში რომ ვიხილე. 10  საწოლში რომ ვიწექი, ხილვები ვიხილე. დედამიწის შუაგულში უზარმაზარი ხე იდგა.+ 11  ხე გაიზარდა და გამაგრდა, კენწეროთი ცას მისწვდა და დედამიწის კიდეებიდანაც კი მოჩანდა. 12  ლამაზად იყო შეფოთლილი, უხვად ესხა ნაყოფი, ყველასთვის სამყოფი. მის ჩრდილს მინდვრის მხეცები აფარებდნენ თავს, მის ტოტებზე ცის ფრინველები ბუდობდნენ და ყოველი ხორციელი მისი ნაყოფით იკვებებოდა. 13  საწოლში რომ ვიწექი და ხილვები მქონდა, დავინახე გუშაგი, წმინდა მაცნე, რომელიც ზეციდან ჩამოდიოდა.+ 14  მან ხმამაღლა დაიძახა: „მოჭერით ეს ხე,+ აკაფეთ მისი ტოტები, დააცალეთ ფოთლები და მიმოფანტეთ მისი ნაყოფი! გაეცალონ მხეცები მის ჩრდილს და ფრინველები — მის ტოტებს! 15  მის ძირკვს რკინისა და სპილენძის ბორკილები დაადეთ და ფესვებიანად მიწაში, მინდვრის ბალახში ჩატოვეთ. ცის ნამით მოირწყოს და მხეცებთან ერთად დაიდოს ბინა მიწის მცენარეებს შორის.+ 16  კაცის გულის ნაცვლად მას მხეცის გული მიეცეს და შვიდმა დრომ+ გადაიაროს.+ 17  ეს არის გუშაგთა დადგენილება+ და წმინდათა მოთხოვნა, რათა ცოცხლებმა იცოდნენ, რომ უზენაესი მეფობს კაცთა სამეფოზე,+ ვისაც უნდა, იმას ამეფებს, და მმართველად ყველაზე დამცირებულს აყენებს“. 18  აი, ეს სიზმარი ვნახე მე, მეფე ნაბუქოდონოსორმა. ამიხსენი სიზმარი, ბელტეშაცარ, რადგან ჩემი სამეფოს არცერთ ბრძენკაცს არ შეუძლია მისი ახსნა.+ შენ შეგიძლია ეს, რადგან წმინდა ღმერთების სულია შენში». 19  მაშინ გაოგნდა დანიელი, იგივე ბელტეშაცარი,+ და საკუთარმა ფიქრებმა შეაშინა. მეფემ მას უთხრა: „ბელტეშაცარ, ნუ შეგაშინებს სიზმარი და მისი ახსნა“. ბელტეშაცარმა მიუგო: «ჩემო ბატონო, შენს მოძულეებზე ახდეს ეს სიზმარი და შენს მტრებზე — მისი ახსნა. 20  ის ხე, რომელიც შენ იხილე, დიდი რომ გაიზარდა და გამაგრდა, კენწეროთი ცას მისწვდა და მთელი დედამიწიდან მოჩანდა,+ 21  ლამაზად რომ იყო შეფოთლილი და უხვად რომ ესხა ნაყოფი, ყველასთვის სამყოფი, მის ქვეშ მინდვრის მხეცები რომ ბინადრობდნენ და მის ტოტებზე ცის ფრინველები ბუდობდნენ,+ 22  შენა ხარ, მეფეო, რადგან გაიზარდე და გაძლიერდი, განდიდდი და ცას+ მისწვდა შენი სიდიადე, შენი მმართველობა კი დედამიწის კიდეებამდე განივრცო.+ 23  მეფემ იხილა გუშაგი, წმინდა მაცნე,+ რომელიც ზეციდან ჩამოდიოდა და ამბობდა: „მოჭერით ხე და მოსპეთ. მის ძირკვს რკინისა და სპილენძის ბორკილები დაადეთ და ფესვებიანად მიწაში, მინდვრის ბალახში ჩატოვეთ. ცის ნამით მოირწყოს და მხეცებთან ერთად დაიდოს ბინა მიწის მცენარეებს შორის, სანამ შვიდი დრო არ გადაივლის“.+ 24  აი ამის ახსნა, მეფეო. უზენაესის დადგენილებაა ის, რაც ჩემს მეფე-ბატონს უნდა შეემთხვეს: 25  გაძევებული იქნები ადამიანთაგან და მინდვრის მხეცებთან დაიდებ ბინას; ბალახს შეჭამ ხარივით; ცის ნამით დასველდები,+ სანამ შვიდი დრო+ არ გადაივლის+ და არ გაიგებ, რომ უზენაესი მეფობს კაცთა სამეფოზე და ვისაც უნდა, იმას ამეფებს.+ 26  ძირკვის+ დატოვება რომ იყო ნაბრძანები, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ შენი სამეფო დაგიბრუნდება, როცა გაიგებ, რომ ზეცა მეფობს. 27  მეფეო, გაითვალისწინე ჩემი რჩევა! აკეთე ის, რაც სწორია, და ნუღარ ჩაიდენ ცოდვებს; შეიწყალე ღარიბები და უსამართლოდ ნუღარ მოიქცევი; იქნებ მეტხანს გასტანოს შენმა კეთილდღეობამ».+ 28  სწორედ ასე დაემართა მეფე ნაბუქოდონოსორს. 29  მეფე 12 თვის შემდეგ ბაბილონის სამეფო სასახლის ბანზე მიმოდიოდა 30  და ამბობდა: „ეს ის დიდი ბაბილონი არ არის, თავად მე, ჩემი ძლევამოსილებით რომ ავაშენე სამეფო სასახლედ და ჩემი სიდიადის საჩვენებლად?!“ 31  ჯერ სიტყვა არ დაემთავრებინა მეფეს, რომ ზეციდან ხმა გაისმა: „შენ გეუბნები, მეფე ნაბუქოდონოსორ, წაგერთმევა სამეფო,+ 32  გაგაძევებენ ადამიანთაგან და მინდვრის მხეცებთან დაიდებ ბინას. ბალახს შეჭამ ხარივით, სანამ შვიდი დრო არ გადაივლის და არ გაიგებ, რომ უზენაესი მმართველობს კაცთა სამეფოზე და ვისაც უნდა, იმას ამეფებს“.+ 33  მაშინვე შესრულდა ეს ყოველივე ნაბუქოდონოსორზე. გაძევებულ იქნა იგი ადამიანთაგან, ბალახს ჭამდა ხარივით, ცის ნამი უსველებდა სხეულს, თმა გაეზარდა და არწივის ბუმბულს დაემსგავსა, ფრჩხილები კი — ფრინველის კლანჭებს.+ 34  „იმ დროის გასვლის შემდეგ მე,+ ნაბუქოდონოსორმა, ზეცისკენ აღვაპყარი თვალი და დამიბრუნდა შეგნება. განვადიდე უზენაესი, ხოტბა შევასხი და ქებით შევამკე მარად ცოცხალი, რადგან მისი სამეფო მარადიულია და მისი მმართველობა თაობიდან თაობამდეა.+ 35  დედამიწის ყველა მკვიდრი არარაობაა. ის თავისი ნებისამებრ ექცევა ზეციერ ლაშქარსა და დედამიწის მკვიდრთ. ვერავინ შეაკავებს მას+ და ვერავინ ეტყვის, რა გააკეთეო.+ 36  მაშინ დამიბრუნდა შეგნება, დამიბრუნდა ჩემი სამეფოს დიდება, სიდიადე და ბრწყინვალება.+ დამიწყეს ძებნა ჩემმა უმაღლესმა სამეფო მოხელეებმა და დიდგვაროვნებმა, კვლავ დავუბრუნდი ჩემს სამეფოს და უფრო განვდიდდი. 37  ახლა მე, ნაბუქოდონოსორი, ვადიდებ, ხოტბას ვასხამ და ქებით ვამკობ ზეციერ მეფეს,+ რადგან ჭეშმარიტია ყველა მისი საქმე და სამართლიანია მისი გზები;+ მას შეუძლია მედიდურთა დამდაბლება“.+

სქოლიოები

იგულისხმება მკითხავთა და ასტროლოგთა ჯგუფი.