ებრაელების მიმართ 5:1—14
5 კაცთაგან ამორჩეული ყოველი მღვდელმთავარი ისევ მათთვისაა დანიშნული ღვთის მსახურად,+ რათა შესწიროს ძღვენი და მსხვერპლი ცოდვებისთვის.+
2 მას შეუძლია თანაუგრძნოს მათ, ვინც გზას ასცდა უცოდინარობის გამო, რადგან თავადაც აქვს სისუსტეები,
3 რის გამოც მან მხოლოდ ხალხის კი არა, საკუთარი ცოდვებისთვისაც უნდა შესწიროს მსხვერპლი.+
4 თავისით ვერავინ გახდება ამ პატივის ღირსი, თუ აარონის მსგავსად ღმერთმა არ დანიშნა ის.+
5 არც ქრისტეს განუდიდებია თავი+ და არ დაუნიშნავს საკუთარი თავი მღვდელმთავრად; იგი მან განადიდა, ვინც უთხრა: „შენ ჩემი ძე ხარ, მე დღეს გავხდი შენი მამა“,+
6 სხვაგან კი მასზე ამბობს: „შენ ხარ მღვდელი მარადიულად, მელქისედეკის მსგავსი“.+
7 დედამიწაზე ყოფნისას ქრისტემ ძლიერი ღაღადითა და ცრემლებით აღუვლინა ვედრება+ და სათხოვარი მას, ვისაც სიკვდილისგან მისი ხსნა შეეძლო, და შესმენილ იქნა ღვთისმოშიშების გამო.
8 თუმცა ღვთის ძე იყო, მორჩილება ისწავლა იმით, რაც გადაიტანა,+
9 და ამგვარად გასრულყოფილებულს+ შეუძლია სამუდამოდ იხსნას თავისი მორჩილები,+
10 რადგან ღმერთმა ის მელქისედეკის მსგავს მღვდელმთავრად დანიშნა.+
11 ქრისტეს შესახებ ბევრი რამ გვაქვს სათქმელი, რისი ახსნაც ძნელია იმის გამო, რომ ყურმძიმენი გახდით.
12 აქამდე მასწავლებლები უნდა ყოფილიყავით, მაგრამ თქვენ ისევ გჭირდებათ ვინმე, რომ შეგასწავლოთ ღვთის წმინდა სიტყვის საფუძვლები.+ თქვენ მყარი საკვები კი არა, რძე გჭირდებათ.
13 ყველა, ვინც რძით იკვებება, ჯერ ისევ ბავშვია, რადგან არ გასცნობია სიმართლის სიტყვას,+
14 მყარი საკვები კი მოწიფულთათვის არის, რომლებმაც გაიწაფეს გონება კარგისა და ცუდის გასარჩევად.