ეზეკიელი 13:1—23

  • ცრუწინასწარმეტყველთათვის გამოტანილი განაჩენი (1—16).

    • გალესილი კედელი ჩამოიქცევა (10—12).

  • განაჩენი ცრუწინასწარმეტყველი ქალების წინააღმდეგ (17—23).

13  კვლავ მეუწყა იეჰოვას სიტყვა:  «კაცის ძეო, იწინასწარმეტყველე ისრაელის წინასწარმეტყველებზე+ და უთხარი მათ, ვინც თავიანთ გულის წადილს წინასწარმეტყველებს,+ ისმინეთ იეჰოვას სიტყვა,  აი, რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა: „ვაი სულელ წინასწარმეტყველებს, რომლებიც თავიანთ ნააზრევს წინასწარმეტყველებენ, მაშინ როცა არაფერი უხილავთ!+  ისრაელო, შენი წინასწარმეტყველნი ნანგრევების ბინადარ მელიებს ჰგვანან.  ვერ მიხვალთ დანგრეულ გალავანთან და ვერ აღუდგენთ მას ისრაელს,+ მტკიცედ რომ იდგეს ისრაელი იეჰოვას ბრძოლის დღეს.+  ცრუ ხილვებს ხედავენ და სიცრუეს წინასწარმეტყველებენ, ამბობენ, იეჰოვა ამბობსო, მაშინ როცა იეჰოვას არ გაუგზავნია ისინი, და ელოდებიან თავიანთი ნათქვამის შესრულებას.+  განა ცრუ ხილვას არ ხედავთ და სიცრუეს არ წინასწარმეტყველებთ, როცა ამბობთ, ასე ამბობსო იეჰოვა, მაშინ როცა მე არაფერი მითქვამს?!“  ამიტომ აი, რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „რაკი ტყუილს ამბობთ და ცრუ ხილვებს ხედავთ, თქვენ წინააღმდეგ გამოვდივარ, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა.+ —  აღმართული მაქვს ხელი წინასწარმეტყველებზე, რომლებიც ცრუ ხილვებს ხედავენ და სიცრუეს წინასწარმეტყველებენ.+ აღარ იქნებიან ისინი იმ ხალხის გვერდით, ვისაც ვენდობი, აღარც ისრაელთა შორის აღირიცხებიან და ვეღარც ისრაელის მიწაზე დაბრუნდებიან; გაიგებთ, რომ მე ვარ უზენაესი უფალი იეჰოვა.+ 10  ეს ყოველივე იმიტომ დაემართებათ, რომ ჩემს ხალხს გზა-კვალს ურევენ და ეუბნებიან, მშვიდობააო, მაშინ როცა არ არის მშვიდობა;+ მყიფე კედელს აშენებენ და ბათქაშით ლესავენ“.+ 11  გადაეცი მლესავებს, რომ კედელი დაინგრევა. თავსხმა მოვა, სეტყვა წამოვა და ქარიშხალი ჩამოაქცევს კედელს.+ 12  როცა კედელი ჩამოინგრევა, გკითხავენ, სად არის თქვენი ბათქაშიო.+ 13  ამიტომ აი, რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „გავბრაზდები და ამოვაგდებ ქარიშხალს, განვრისხდები და მოვავლენ თავსხმას, გავცეცხლდები და სეტყვა წამოვა. 14  დავანგრევ და მიწასთან გავასწორებ კედელს, რომელიც ბათქაშით გალესეთ, და გამოჩნდება მისი საძირკველი. დაეცემა ქალაქი და თქვენც მოგეღებათ ბოლო; გაიგებთ, რომ მე ვარ იეჰოვა. 15  გადმოვღვრი ჩემს რისხვას ამ კედელზე და მათზე, ვინც ის ბათქაშით გალესა, და გეტყვით: აღარც კედელია და აღარც მისი მლესავები არიან.+ 16  აღარ არიან ისრაელის წინასწარმეტყველნი, რომლებიც იერუსალიმს უწინასწარმეტყველებდნენ და ხილვებში მის მშვიდობიან მომავალს ხედავდნენ, მაშინ როცა არ იყო მშვიდობა“,+ — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა. 17  კაცის ძეო, მიუბრუნდი შენი ხალხის ასულებს, რომლებიც თავიანთ გულის წადილს წინასწარმეტყველებენ, და იწინასწარმეტყველე მათ წინააღმდეგ. 18  გადაეცი, აი, რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა: „ვაი ქალებს, რომლებიც ადამიანთა მოსანადირებლად ერთმანეთზე აკერებენ სამკლავე* ზონრებს და აკეთებენ რიდეებს ყველანაირი ზომის თავისთვის! ჩემს ხალხზე რომ ნადირობთ, გგონიათ, გადარჩებით?! 19  როგორ ბედავთ ერთი მუჭა ქერისა და ლუკმაპურისთვის ჩემს შეურაცხყოფას+ ჩემი ხალხის წინაშე?! ხოცავთ მათ, ვინც უნდა იცოცხლოს და ცოცხლად ტოვებთ მათ, ვინც არ უნდა იცოცხლოს; ამას ჩემი ხალხის მოტყუებით აღწევთ და ისინიც გიჯერებენ!“+ 20  ამიტომ აი, რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „ქალებო, მძულს თქვენი ზონრები, რითაც ხალხზე ნადირობთ, თითქოს ჩიტები იყვნენ; მოგგლეჯთ ზონრებს მკლავებიდან და გავათავისუფლებ მათ, ვისზეც ისე ნადირობთ, როგორც ჩიტებზე. 21  ჩამოგგლეჯთ რიდეებს და დავიხსნი ჩემს ხალხს თქვენი ხელიდან; ვეღარ ინადირებთ მათზე; მაშინ გაიგებთ, რომ მე ვარ იეჰოვა.+ 22  სიცრუით გულს უტეხთ მართალს,+ მაშინ როცა მე არ მსურს მისთვის ტკივილის მიყენება. ხელს უწყობთ ბოროტს,+ რომ არ მიატოვოს თავისი ბოროტი გზა და მოკვდეს.+ 23  ამიტომ, ქალებო, ვეღარ ნახავთ ცრუ ხილვებს და ვეღარ იმკითხავებთ;+ დავიხსნი ჩემს ხალხს თქვენი ხელიდან და გაიგებთ, რომ მე ვარ იეჰოვა“».

სქოლიოები

იგულისხმება იდაყვებსა და მაჯებზე გასაკეთებელი ზონრები, რომლებსაც თილისმად მიიჩნევდნენ.