ეზეკიელი 18:1—32

  • თითოეული საკუთარ ცოდვებზე აგებს პასუხს (1—32).

    • შემცოდველი მოკვდება (4).

    • ვაჟი პასუხს არ აგებს მამის დანაშაულზე (19, 20).

    • ღმერთს არ ახარებს ბოროტის სიკვდილი (23).

    • მომნანიებელი იცოცხლებს (27, 28).

18  კვლავ მეუწყა იეჰოვას სიტყვა:  „რას ნიშნავს ანდაზა, ისრაელში რომ ამბობენ, მამებმა მკვახე ყურძენი ჭამეს და ვაჟებს კბილები მოეკვეთათო?+  ჩემს თავს ვფიცავ*, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა, — მეტად აღარ იტყვიან ამ ანდაზას ისრაელში.  ყველას სიცოცხლე* ჩემია, მამის სიცოცხლეც და ძის სიცოცხლეც, ყველას სიცოცხლე ჩემია. ის*, ვინც სცოდავს, მოკვდება.  თუ კაცი მართალია, სამართლიანად იქცევა და სიმართლეს იქმს,  კერპთშენაწირს არ ჭამს მთებზე,+ ისრაელის საზიზღარ კერპებზე* არ არის დაიმედებული, არ წვება არც თავისი მოძმის ცოლთან+ და არც ყოველთვიური სისხლდენით გაუწმინდურებულ ქალთან,+  ცუდად არავის ეპყრობა,+ გირაოს აბრუნებს,+ არავის ძარცვავს,+ პირიქით, მშიერს აპურებს+ და შიშველს აცმევს,+  სარგებლით არაფერს გასცემს, ვახშს არ იღებს,+ უსამართლოდ არ იქცევა,+ ყველას სამართალს უჩენს,+  ჩემი წესებით დადის და ჩემს სამართალს იცავს, რომ ერთგული იყოს, ასეთი კაცი მართალია და იცოცხლებს,+ — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა. — 10  თუ კაცს ყაჩაღი+ ან სისხლისმღვრელი+ ვაჟი ჰყავს ან ისეთი, უღირსად რომ იქცევა 11  (თუმცა მამა მსგავსს არაფერს სჩადის) — კერპთშენაწირს ჭამს მთებზე, თავისი მოძმის ცოლთან წვება, 12  ღარიბსა და ღატაკს ცუდად ეპყრობა,+ ძარცვავს ხალხს, გირაოს არ აბრუნებს, საზიზღარ კერპებზეა დაიმედებული,+ საძულველ საქმეებს სჩადის,+ 13  ყველაფერს სარგებლით გასცემს+ და ვახშს იღებს, ვერ იცოცხლებს იგი; ამ საძულველი საქმეების გამო მოკვდება. მისი სისხლი მისივე კისერზე იქნება. 14  თუ კაცს ჰყავს ვაჟი, რომელიც მამამისის ცოდვებს ხედავს, მაგრამ თვითონ მსგავსს არაფერს აკეთებს, 15  კერპთშენაწირს არ ჭამს მთებზე, ისრაელის საზიზღარ კერპებზე არ არის დაიმედებული, თავისი მოძმის ცოლთან არ წვება, 16  ცუდად არავის ეპყრობა, გირაოს აბრუნებს, არავის ძარცვავს, პირიქით, მშიერს აპურებს და შიშველს აცმევს, 17  ღარიბს არ ჩაგრავს, სარგებლით არაფერს გასცემს, ვახშს არ იღებს, ჩემი წესებით დადის და იცავს ჩემს სამართალს, მამის დანაშაულის გამო არ მოკვდება იგი, იცოცხლებს. 18  მამამისი კი, რომელიც თაღლითია, ძარცვავს მოძმეს და ბოროტებას სჩადის თავის ხალხში, მოკვდება თავისი დანაშაულის გამო. 19  თქვენ იკითხავთ, რატომ არ უნდა აგოს ვაჟმა პასუხი მამის დანაშაულზეო. იმიტომ რომ სამართლიანად იქცევა იგი და სიმართლეს იქმს, იცავს და ასრულებს ჩემს წესებს. არ მოკვდება იგი.+ 20  სული, რომელიც სცოდავს, მოკვდება.+ არც ვაჟი აგებს პასუხს მამის დანაშაულზე და არც მამა — ვაჟის დანაშაულზე. მართალს თავისი სიმართლისამებრ მიეზღვება, ბოროტს კი — თავისი ბოროტებისამებრ.+ 21  თუ ბოროტი აღარ შესცოდავს, დაიცავს ჩემს წესებს, სამართლიანად და სიმართლით მოიქცევა, იცოცხლებს, არ მოკვდება.+ 22  უწინ ჩადენილ ცოდვებზე პასუხი არ მოეკითხება;+ არ მოკვდება, რადგან სიმართლის გზას დაადგა.+ 23  გგონიათ, მიხარია ბოროტის სიკვდილი?!+ — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა, — ის არ მირჩევნია, რომ ბოროტი მობრუნდეს თავისი ბოროტი გზიდან და იცოცხლოს?!+ 24  მაგრამ, თუ მართალი სწორი გზიდან გადაუხვევს და უსამართლოდ მოიქცევა, ჩაიდენს ყველა იმ სისაძაგლეს, რასაც ბოროტები სჩადიან, გგონიათ, იცოცხლებს?! უწინ რომ კარგ საქმეებს იქმოდა, არ გავიხსენებ;+ მოკვდება იგი ორგულობისა და ჩადენილი ცოდვის გამო.+ 25  თქვენ იტყვით, იეჰოვა სამართლიანი არ არისო.+ ყური დამიგდეთ, ისრაელებო! მე არა ვარ სამართლიანი?!+ უსამართლოდ თქვენ იქცევით!+ 26  თუ მართალი სწორი გზიდან გადაუხვევს და უსამართლოდ მოიქცევა, მოკვდება ის თავისი უსამართლობის გამო, 27  ხოლო, თუ ბოროტი სწორ გზას დაადგება, სამართლიანად და სიმართლით მოიქცევა, იცოცხლებს.+ 28  როცა ის გონს მოეგება და ბოროტებას აღარ ჩაიდენს, იცოცხლებს, არ მოკვდება. 29  ისრაელები იტყვიან, იეჰოვა სამართლიანი არ არისო. მართლა გგონიათ, რომ არა ვარ სამართლიანი?!+ უსამართლოდ თქვენ იქცევით! 30  ისრაელებო, თითოეულს თქვენი საქმეებისამებრ გაგასამართლებთ,+ — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა. — მობრუნდით, ნუღარ ჩაიდენთ ცოდვებს, თორემ დაბრკოლების ლოდად გექცევათ ეს და დამნაშავენი იქნებით. 31  ნუღარ შესცოდავთ,+ ისრაელებო, შეიძინეთ ახალი გული და ახალი სული;+ რატომ უნდა დაიხოცოთ,+ ისრაელებო?! 32  არავის სიკვდილი არ მიხარია,+ — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა. — მობრუნდით და იცოცხლეთ!“+

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — „ცოცხალი ვარ“.
ებრ. „ნეფეშ“. იხ. „სული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
ებრ. „ნეფეშ“. იხ. „სული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
ამ ფრაზად ნათარგმნი ებრაული სიტყვა შესაძლოა ენათესავებოდეს სიტყვა „ნეხვს“.