ეზეკიელი 21:1—32

  • ღვთის მიერ განაჩენის აღსასრულებლად მახვილის აღმართვა (1—17).

  • ბაბილონის მეფის თავდასხმა იერუსალიმზე (18—24).

  • ისრაელის ბოროტი თავკაცის აღსასრული (25—27).

    • „მოიხსენი გვირგვინი“ (26).

    • „სანამ არ მოვა უფლებამოსილი“ (27).

  • ამონელთა წინააღმდეგ მახვილის აღმართვა (28—32).

21  კვლავ მეუწყა იეჰოვას სიტყვა:  «კაცის ძეო, შებრუნდი იერუსალიმისკენ და იწინასწარმეტყველე წმინდა ადგილებისა და ისრაელის შესახებ.  გადაეცი ისრაელს, აი, რას ამბობს-თქო იეჰოვა: „შენ წინააღმდეგ გამოვდივარ, ქარქაშიდან ამოვიღებ მახვილს+ და შევმუსრავ მართლებსაც და ბოროტებსაც.  ქარქაშიდან ამოვიღებ მახვილს, რათა მუსრი გავავლო მართლებსაც და ბოროტებსაც, ყოველ ხორციელს, სამხრეთიდან ჩრდილოეთამდე.  ყველა გაიგებს, რომ მე, იეჰოვამ, ამოვიღე მახვილი ქარქაშიდან და უკან აღარ ჩავაბრუნებ“.+  შენ კი, კაცის ძეო, აკანკალდი და ოხვრას მოჰყევი; სიმწრით მოჰყევი ოხვრას მათ თვალწინ.+  თუ გკითხეს, რატომ ოხრავო, უთხარი, იმ ამბის გამო, რომელიც უეჭველად მოხდება-თქო; შიშისგან ყველას გული შეუკრთება, ხელები მოუდუნდებათ, დამწუხრდებიან და მუხლებზე წყალი ჩამოუვათ*.+ ეს გარდაუვალია, უსათუოდ მოხდება, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა».  კვლავ მეუწყა იეჰოვას სიტყვა:  «კაცის ძეო, იწინასწარმეტყველე, თქვი, აი, რას ამბობს-თქო იეჰოვა: „თქვი, მახვილი, მახვილი,+ გალესილი და გაპრიალებულია-თქო! 10  მახვილი იმიტომ გაილესა, რომ ხოცოს, და იმიტომ გაპრიალდა, რომ ბზინავდეს-თქო“». „არ უნდა გვიხაროდეს?!“ «ისევე უარყოფს ის ჩემი ვაჟის კვერთხს,+ როგორც ყოველ ხეს?! 11  მახვილი უნდა გააპრიალონ და ხელში დაიჭირონ. გალესილი და გაპრიალებული მახვილი მკვლელს უნდა დააჭერინონ.+ 12  მოთქმა-გოდებას მოჰყევი,+ კაცის ძეო, რადგან მახვილი ჩემი ხალხისა და ისრაელის თავკაცების წინააღმდეგაა;+ მახვილი მათაც შემუსრავს და ჩემს ხალხსაც. მწუხარებისგან ხელები ირტყი ბარძაყებზე. 13  შემოწმებულია ჩემი ხალხი.+ რა მოხდება, თუ მახვილი კვერთხს უარყოფს? აღარ იარსებებს კვერთხი,+ — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა. 14  შენ კი, კაცის ძეო, იწინასწარმეტყველე, ხელი ხელს შემოჰკარი და სამჯერ თქვი: „მახვილი!“ დასახოცად მოღერებულა ეს მახვილი, სასაკლაო მოუწყვია, გარშემო ყველგან მახვილია.+ 15  შიშისგან გული შეუკრთებათ+ და მრავალი დაეცემა კარიბჭეებთან; მახვილით სასაკლაოს მოვაწყობ. ელვარებს და პრიალებს შემმუსვრელი მახვილი! 16  ბასრო მახვილო, ხოცე მარჯვნივ და ხოცე მარცხნივ! ყველგან წადი, საითაც პირი გექნება მიმართული! 17  მეც შემოვკრავ ხელს ხელზე და დაცხრება ჩემი რისხვა.+ მე, იეჰოვა, ვამბობ ამას». 18  კვლავ მეუწყა იეჰოვას სიტყვა: 19  «შენ კი, კაცის ძეო, ორი გზა მონიშნე, რომ ბაბილონის მეფის მახვილმა გაიაროს. ორივე გზა ერთი ქვეყნიდან უნდა გამოდიოდეს, საგზაო ნიშანი აღმართე იქ, სადაც გზები იყრება და ორი სხვადასხვა ქალაქისკენ მიდის. 20  მონიშნე ამონელთა რაბისა+ და იუდასკენ მიმავალი გზა, გამაგრებული იერუსალიმისკენ მიმავალი გზები,+ რათა მახვილმა გაიაროს. 21  ბაბილონის მეფე სამკითხაოდ ჩერდება გზის გასაყარზე, სადაც გზები იყოფა. ისრებს არხევს, რჩევისთვის თერაფიმს მიმართავს და ღვიძლს დასცქერის. 22  მარჯვენა ხელით მკითხაობა აჩვენებს, რომ იერუსალიმში წავლენ, დადგამენ კედლის სანგრევ იარაღებს, გასცემენ დახოცვის ბრძანებას, დასცემენ საბრძოლო ყიჟინას, დადგამენ კედლის სანგრევ იარაღებს კარიბჭეებზე იერიშის მისატანად, გააკეთებენ მიწაყრილს და ალყად კედელს აღმართავენ.+ 23  ეს მკითხაობა მათ*, ვინც მათთან ფიცი დადო, ცრუდ მოეჩვენებათ.+ თუმცა მას არ დავიწყებია მათი დანაშაული და დაატყვევებს მათ.+ 24  ამიტომ აი, რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „თქვენ თქვენი დანაშაულით დაამახსოვრეთ მას თავი, როცა აშკარად სცოდავდით, ყოველი ფეხის ნაბიჯზე რომ სცოდავდით; ახსოვხართ და ამიტომაც წაგიყვანენ იძულებით“. 25  დადგა შენი დრო, სასიკვდილოდ დაჭრილო ისრაელის ბოროტო თავკაცო,+ მოაწია შენმა აღსასრულმა. 26  აი, რას გეუბნება უზენაესი უფალი იეჰოვა: „მოიხადე თავსაბურავი, მოიხსენი გვირგვინი!+ ამიერიდან ყველაფერი სხვაგვარად იქნება.+ დამდაბლებული ამაღლდება+ და ამაღლებული დამდაბლდება!+ 27  ნანგრევებად, ნანგრევებად, ნანგრევებად ვაქცევ მას! გვირგვინი არავის არ მიეცემა, სანამ არ მოვა უფლებამოსილი;+ მას გადავცემ“.+ 28  კაცის ძეო, იწინასწარმეტყველე, აი, რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა ამონელებსა და მათ შეურაცხმყოფელ საქმეებზე. თქვი: „მახვილი, მახვილია მოღერებული, რომ ხოცოს, და გაპრიალებულია, რომ მუსრავდეს და ბზინავდეს. 29  მიუხედავად ცრუ ხილვებისა და მკითხაობისა, დახოცილთა გვერდით დახვავდებით; მოვიდა თქვენი დრო, ბოროტებო, დადგა თქვენი აღსასრული. 30  ჩააბრუნე მახვილი ქარქაშში. შენი გაჩენის ადგილას, შენს სამშობლოში გაგასამართლებ. 31  შენზე გადმოვღვრი ჩემს რისხვას. შენზე გადმოვაფრქვევ ჩემი მრისხანების ცეცხლს და სასტიკი ხალხის ხელში ჩაგაგდებ, შემმუსვრელთა ხელში.+ 32  შენით აგიზგიზდება ცეცხლი.+ შენი სისხლი დაიღვრება, აღარავინ გაგიხსენებს. ამას მე, იეჰოვა, ვამბობ“».

სქოლიოები

იგულისხმება შიშისგან მოშარდვა.
იგულისხმებიან იერუსალიმის მკვიდრნი.