ეზეკიელი 33:1—33
33 იეჰოვას სიტყვა მეუწყა:
2 «კაცის ძეო, დაელაპარაკე შენს ხალხს+ და უთხარი:
„თუ მახვილს მოვუვლენ ქვეყანას+ და ამ ქვეყნის ხალხი ვინმეს გუშაგად დააყენებს,
3 დაინახავს იგი თავისი ქვეყნის წინააღმდეგ აღმართულ მახვილს და ხალხის გასაფრთხილებლად საყვირს ჩაჰბერავს,+
4 ის, ვინც საყვირის ხმას გაიგონებს, მაგრამ გაფრთხილებას ყურად არ იღებს,+ მერე მახვილი მოვა და სიცოცხლეს გამოასალმებს, მისი სისხლი მისივე კისერზე იქნება.+
5 მან საყვირის ხმა კი გაიგონა, მაგრამ გაფრთხილება ყურად არ იღო; ამიტომაც იქნება მისი სისხლი მისივე კისერზე. ყურად რომ ეღო გაფრთხილება, გადარჩებოდა.
6 მაგრამ, თუ გუშაგი დაინახავს მახვილს და ხალხის გასაფრთხილებლად საყვირს არ ჩაჰბერავს,+ მახვილი მოვა და სიცოცხლეს გამოასალმებს მათ, ისინი თავიანთი დანაშაულის გამო დაიხოცებიან, მათ სისხლს კი გუშაგს მოვკითხავ“.+
7 კაცის ძეო, ისრაელის გუშაგად დაგაყენე. როცა ჩემი ბაგიდან გამოსულ სიტყვას გაიგებ, ჩემი სახელით გააფრთხილე ისინი.+
8 როცა ბოროტს ვეტყვი, ბოროტო, მოკვდები-მეთქი,+ შენ კი არ გააფრთხილებ მას, რომ მობრუნდეს თავისი გზიდან, მოკვდება ის თავისი დანაშაულის გამო,+ მის სისხლს კი შენ მოგკითხავ.
9 მაგრამ, თუ გააფრთხილებ ბოროტს, რომ მობრუნდეს თავისი გზიდან, მაგრამ ის არ მობრუნდება, მოკვდება ის თავისი დანაშაულის გამო,+ შენ კი იხსნი შენს თავს.+
10 კაცის ძეო, ისრაელებს გადაეცი: „თქვენ ამბობთ, ჩვენი ურჩობა და ცოდვები მძიმე ტვირთად გვაწევს, დავილიეთ+ და როგორღა ვიცოცხლებთო“.+
11 უთხარი: „ჩემს თავს ვფიცავ*, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა, — არ მიხარია ბოროტის სიკვდილი!+ მე ის მირჩევნია, რომ ბოროტი მობრუნდეს თავისი ბოროტი გზიდან+ და იცოცხლოს.+ მობრუნდით, მობრუნდით თქვენი ბოროტი გზებიდან!+ რატომ უნდა დაიღუპოთ, ისრაელებო?!“+
12 კაცის ძეო, გადაეცი შენს ხალხს: „მართალს ვერ დაიხსნის თავისი სიმართლე, თუ მეურჩება;+ ბოროტი არ წაფორხილდება, თუ მობრუნდება თავისი ბოროტი გზიდან;+ ვერ იცოცხლებს მართალი თავისი სიმართლით, თუ შემცოდავს.+
13 როცა მართალს ვეტყვი, იცოცხლებ-მეთქი, ის კი თავისი სიმართლის იმედად იქნება და ბოროტებას ჩაიდენს, უწინ რომ სიმართლეს იქმოდა,+ ეს არ ჩაეთვლება; მოკვდება იგი ჩადენილი ბოროტების გამო.+
14 როცა ბოროტს ვეტყვი, მოკვდები-მეთქი და ის შეწყვეტს ცოდვის ჩადენას და სამართლიანად და სიმართლით მოიქცევა,+
15 დააბრუნებს დაგირავებულს,+ ზღავს ნაძარცვს,+ არ ჩაიდენს ბოროტებას და სიცოცხლის გზას დაადგება, იცოცხლებს;+ არ მოკვდება.
16 არცერთი ჩადენილი ცოდვა არ მოეკითხება.+ თუ სამართლიანად და სიმართლით მოიქცევა, იცოცხლებს“.+
17 შენი ხალხი ამბობს, იეჰოვა არ არის სამართლიანიო. უსამართლოდ თვითონ იქცევიან!
18 თუ მართალი სწორი გზიდან გადაუხვევს და უსამართლოდ მოიქცევა, მოკვდება იგი ამის გამო.+
19 თუ ბოროტი აღარ შესცოდავს და სამართლიანად და სიმართლით მოიქცევა, იცოცხლებს.+
20 თქვენ ამბობთ, იეჰოვა არ არის სამართლიანიო.+ თითოეულს თქვენ-თქვენი საქმეებისამებრ გაგასამართლებთ, ისრაელებო».
21 ჩვენი გადასახლებიდან მე-12 წელს, მე-10 თვის მე-5 დღეს, მოვიდა ჩემთან იერუსალიმიდან გადარჩენილი კაცი+ და მითხრა, დაეცაო ქალაქი!+
22 წინა საღამოს იეჰოვას სულმა მომიცვა და ბაგე გამეხსნა. დილით, როცა გადარჩენილი კაცი ჩემთან მოვიდა, ბაგე გახსნილი მქონდა და აღარ ვდუმდი.+
23 იეჰოვას სიტყვა მეუწყა:
24 «კაცის ძეო, ამ ნანგრევების მკვიდრნი+ ისრაელის მიწაზე ამბობენ, აბრაამი ერთი იყო, მაგრამ ამ მიწას დაეუფლაო,+ ჩვენ კი ბევრნი ვართ და ამიტომაც გადმოგვეცა ეს მიწა საკუთრებადო.
25 გადაეცი მათ, აი, რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა: „სისხლიან საკვებს ჭამთ,+ თქვენს საზიზღარ კერპებს* შეჰყურებთ, სისხლს ღვრით,+ და ამის მერე გინდათ, რომ კვლავ ამ მიწაზე მკვიდრობდეთ?!
26 თქვენს მახვილზე ამყარებთ იმედს,+ საძულველ საქმეებს სჩადიხართ, თქვენ-თქვენი მოძმის ცოლს ბილწავთ,+ და კვლავაც ამ მიწაზე ცხოვრება გინდათ?!“+
27 უთხარი მათ, აი, რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა: „ჩემს თავს ვფიცავ, მახვილი გაავლებს მუსრს ნანგრევებში მცხოვრებთ, მინდორში მყოფთ მხეცებს მივუგდებ საჯიჯგნად, ხოლო ციხესიმაგრეებსა და გამოქვაბულებში მყოფთ ჭირით გავწყვეტ.+
28 გავაპარტახებ ამ მიწას+ და გაქრება მისი საამაყო ძლევამოსილება, გაუკაცრიელდება ისრაელის მთები+ და აღარავინ გაივლის იქ.
29 როცა გავაპარტახებ ამ მიწას+ მათ მიერ ჩადენილი საძულველი საქმეების გამო,+ მაშინ გაიგებენ, რომ მე ვარ იეჰოვა“.
30 კაცის ძეო, შენი ხალხი კედლებთან და სახლების შესასვლელებთან ერთმანეთში შენზე ლაპარაკობს, ერთი მეორეს ელაპარაკება;+ ელაპარაკებიან ერთმანეთს, თითოეული თავის მოძმეს ეუბნება, წავიდეთ, გავიგოთ, რას გვაუწყებსო იეჰოვა.
31 მოვლენ და დასხდებიან შენთან, როგორც ჩემი ხალხი; მოგისმენენ, მაგრამ არ შეასრულებენ;+ პირფერულად დაგელაპარაკებიან, არადა, უპატიოსნო შემოსავალს არიან დახარბებულნი.
32 მათთვის მომღერალივით ხარ, ლამაზად რომ მღერის სატრფიალო სიმღერებს და სიმებიან საკრავს უკრავს; მოგისმენენ, მაგრამ არ გაითვალისწინებენ.
33 როცა ეს სიტყვები ახდება, და ნამდვილად ახდება, მაშინ გაიგებენ, რომ წინასწარმეტყველი იყო მათ შორის».+
სქოლიოები
^ სიტყვასიტყვით — „ცოცხალი ვარ“.
^ ამ ფრაზად ნათარგმნი ებრაული სიტყვა შესაძლოა ენათესავებოდეს სიტყვა „ნეხვს“.