ეზეკიელი 34:1—31

  • წინასწარმეტყველება ისრაელის მწყემსების წინააღმდეგ (1—10).

  • იეჰოვა ზრუნავს თავის ცხვარზე (11—31).

    • „ჩემი მსახური დავითი“ დამწყემსავს მათ (23).

    • „მშვიდობის შეთანხმება“ (25).

34  კვლავ მეუწყა იეჰოვას სიტყვა:  «კაცის ძეო, იწინასწარმეტყველე ისრაელის მწყემსების საუბედუროდ, იწინასწარმეტყველე და უთხარი მწყემსებს, აი, რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა: „ვაი თქვენ, ისრაელის მწყემსებო,+ თავად რომ იკვებებით და ფარა მშიერი გყავთ!+  ქონს ჭამთ, შალით იმოსებით, ნასუქ პირუტყვს კლავთ,+ ფარას კი არ კვებავთ.+  დაუძლურებულს არ აძლიერებთ, ავადმყოფს არ კურნავთ, მოტეხილობას არ უხვევთ, გზასაცდენილს უკან არ აბრუნებთ და დაკარგულს არ ეძებთ;+ მათ სასტიკად და უმოწყალოდ ექცევით.+  მწყემსი რომ არ ჰყავდათ, იმიტომ დაიფანტნენ;+ დაიფანტნენ და მინდვრის მხეცების ლუკმად იქცნენ.  ჩემი ცხვარი ყოველ მთასა და გორაზე გზააბნეული დაეხეტებოდა; ჩემი ცხვარი მიმოფანტული იყო მთელ დედამიწაზე. არავინ ეძებდა და არავინ ცდილობდა მათ პოვნას.  ამიტომ მოისმინეთ, მწყემსებო, იეჰოვას სიტყვა:  ჩემს თავს ვფიცავ*, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა, — რაკი ჩემი ცხვარი მსხვერპლი გახდა, მინდვრის მხეცების ლუკმად იქცა, ვინაიდან არ ჰყავდათ მწყემსი, არ ეძებდნენ ჩემი მწყემსები ჩემს ცხვარს, საკუთარ თავს კვებავდნენ, ჩემს ცხვარს კი — არა,  მოისმინეთ, მწყემსებო, იეჰოვას სიტყვა! 10  აი, რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: გამოვდივარ მწყემსების წინააღმდეგ და ჩემი ცხვრის გამო პასუხს ვაგებინებ, აღარ გამოვაკვებინებ ჩემს ცხვარს+ და ვეღარც საკუთარ თავს გამოკვებავენ; პირიდან გამოვტაცებ მათ ჩემს ცხვარს და მეტად აღარ იქცევიან მათ ლუკმად“. 11  აი, რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „მე თავად მოვძებნი ჩემს ცხვარს და თავადვე ვიზრუნებ მათზე.+ 12  იმ მწყემსივით ვიზრუნებ, რომელიც დაკარგულ ცხვარს პოულობს და კვებავს;+ გამოვკრებ მათ იმ ადგილებიდან, სადაც გაიფანტნენ ღრუბლებისა და წყვდიადის დღეს.+ 13  გამოვიყვან მათ ხალხებიდან და გამოვკრებ მათ ქვეყნებიდან, მივიყვან მათ თავიანთ მიწაზე და გამოვკვებავ ისრაელის მთებზე,+ მდინარეებთან და მიწის დასახლებულ ადგილებთან. 14  საუკეთესო საძოვარზე მოძოვენ; მათი საძოვრები ისრაელის მაღალ მთებში იქნება.+ დაწვებიან საუკეთესო საძოვრებზე+ და ისრაელის მთების საუკეთესო საძოვრებზე გამოიკვებებიან. 15  მე გამოვკვებავ+ და მე მოვასვენებ+ ჩემს ცხვარს, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა. — 16  დაკარგულს მოვძებნი,+ გზააბნეულს დავაბრუნებ, დაშავებულს სახვევებს დავადებ და დასუსტებულს მოვაძლიერებ, მაგრამ მსუქანსა და ძლიერს მოვსპობ; განაჩენით გამოვკვებავ. 17  ჩემო ცხვარო, აი, რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: მსაჯული ვიქნები ცხვარსა და ცხვარს შორის, ვერძსა და ვაცს შორის.+ 18  ნუთუ ის არ გყოფნით, საუკეთესო საძოვარზე რომ იკვებებით?! დანარჩენ საძოვარს რატომღა თელავთ?! ანკარა წყალს რომ სვამთ, დანარჩენს რატომღა ამღვრევთ?! 19  განა ჩემი ცხვარი თქვენ გათელილ საძოვარზე უნდა ბალახობდეს და თქვენ ამღვრეულ წყალს უნდა სვამდეს?! 20  ამიტომ აი, რას ეუბნება მათ უზენაესი უფალი იეჰოვა: მე თავად ვიქნები მსაჯული ნასუქ და გამხდარ ცხვარს შორის, 21  რადგან თქვენ ფერდებსა და ბეჭებს ურტყამდით ყველა დაუძლურებულს და რქენდით, სანამ არ გაფანტეთ. 22  მე დავიხსნი ჩემს ცხვარს და ვეღარ ინადირებენ მათზე.+ მე ვიქნები მსაჯული ცხვარსა და ცხვარს შორის. 23  დავუყენებ მათ ერთ მწყემსს,+ ჩემს მსახურ დავითს,+ და ის გამოკვებავს მათ. ის თავად გამოკვებავს მათ და ის იქნება მათი მწყემსი.+ 24  მე, იეჰოვა, ვიქნები მათი ღმერთი,+ ჩემი მსახური დავითი კი მათი თავკაცი იქნება.+ მე, იეჰოვა, ვამბობ ამას. 25  მშვიდობის შეთანხმებას დავუდებ მათ+ და მოვაშორებ მათ მიწას მძვინვარე მხეცებს,+ რათა უსაფრთხოდ იცხოვრონ უდაბნოში და იძინონ ტყეებში.+ 26  მათ და ჩემი გორის შემოგარენს კურთხევად ვაქცევ;+ თავის დროზე ვაწვიმებ; წვიმასავით წამოვა მათზე კურთხევები.+ 27  მინდვრის ხეები ნაყოფს გამოიღებს, მიწაზე მოსავალი მოვა+ და უსაფრთხოდ იცხოვრებს ჩემი ხალხი თავის მიწაზე. დავამტვრევ მათ უღელს და გავათავისუფლებ დამპყრობელთა ხელიდან; მაშინ გაიგებენ, რომ მე ვარ იეჰოვა.+ 28  ვეღარ ინადირებენ ერები მათზე; ვეღარც მიწის მხეცები შეჭამენ მათ; უსაფრთხოდ იცხოვრებენ და აღარავისი შეეშინდებათ.+ 29  ნერგს დავურგავ და სახელს გავუთქვამ; აღარ გაწყდებიან შიმშილით იმ მიწაზე+ და მეტად აღარ დაამცირებენ მათ ხალხები.+ 30  მაშინ გაიგებენ, რომ მე, იეჰოვა, მათი ღმერთი, მათთან ვარ და ისინი, ისრაელები, ჩემი ხალხი არიან,+ — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა. — 31  ჩემო ცხვარო,+ ჩემს მზრუნველ კალთას შეფარებულნო, თქვენ ადამიანები ხართ, მე კი თქვენი ღმერთი ვარ“, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა».

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — „ცოცხალი ვარ“.