ეზეკიელი 38:1—23

  • გოგის თავდასხმა ისრაელზე (1—16).

  • იეჰოვა გოგს ურისხდება (17—23).

    • „გაიგებენ, რომ მე ვარ იეჰოვა“ (23).

38  კვლავ მეუწყა იეჰოვას სიტყვა:  «კაცის ძეო, პირი იბრუნე გოგისკენ, რომელიც მაგოგის მიწიდანაა+, მეშექისა და თუბალის მთავრისკენ,+ და იწინასწარმეტყველე მის საუბედუროდ.+  უთხარი, აი, რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა: „შენ წინააღმდეგ გამოვდივარ, გოგ, მეშექისა და თუბალის მთავარო!  მოგაბრუნებ, ყბებში კავებს გამოგდებ+ და გამოგიყვან მთელი შენი ჯარით,+ ცხენებითა და ბრწყინვალედ შემოსილი მხედრებითურთ, დიდი და პატარა ფარების მქონე მრავალრიცხოვანი ლაშქრით, მათთან ერთად, ვისაც ხელთ მახვილი უპყრია;  სპარსეთსაც გამოვიყვან, ეთიოპიასაც და ფუტსაც+ ფარებითა და მუზარადებით;  გამოვიყვან გომერსა და მის რაზმებს, თოგარმასა+ და მის რაზმებს ჩრდილოეთის კიდეებიდან — შენთან მყოფ მრავალ ხალხს.+  მოემზადე, მზად იყავი შენთან შეკრებილ ჯართან ერთად; შენ იქნები მათი მეთაური.  მრავალი დღის შემდეგ მოგიხმობ. უკანასკნელ წლებში შეიჭრები მათ მიწაზე, ვინც მახვილს გადაურჩა, ვინც მრავალი ხალხისგან გამოიკრიბა და დიდი ხნის მანძილზე გაუკაცრიელებულ ისრაელის მთებზე მოიყარა თავი. ამ მიწის მკვიდრნი ხალხთაგან გამოიკრიბნენ და უსაფრთხოდ ცხოვრობენ.+  შენ, შენი რაზმები და შენთან მყოფი დიდძალი ხალხი ქარიშხალივით დაატყდებით მათ და ღრუბელივით დაფარავთ მათ მიწას“. 10  აი, რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „იმ დღეს რაღაცას ჩაიფიქრებ და მზაკვრულ გეგმას დაისახავ; 11  იტყვი: შევიჭრები დაუცველ დასახლებაშიო;+ თავს დავესხმები უშფოთველად და უსაფრთხოდ მცხოვრებ ხალხს, მათ, ვისაც არც გალავანი აქვთ, არც ჭიშკრები და არც ურდულებიო. 12  დიდი ნადავლის ხელში ჩასაგდებად და გასაძარცვავად თავს დაესხმები ერთ დროს გავერანებულ, თუმცა ახლა უკვე დასახლებულ ადგილებს,+ და ერებიდან გამოკრებილ ხალხს,+ სიმდიდრესა და ქონებას რომ აგროვებენ+ და დედამიწის შუაგულში ცხოვრობენ. 13  შება,+ დედანი,+ თარშიშის+ ვაჭრები და მისი მებრძოლები გკითხავენ, იმიტომ ილაშქრებ, რომ გაძარცვო და დიდძალი ნადავლი ჩაიგდო ხელშიო? იმიტომ შეკრიბე ჯარი, რომ ოქრო-ვერცხლი, სიმდიდრე, ქონება და დიდძალი ნადავლი დაიტაცოო?“ 14  იწინასწარმეტყველე, კაცის ძეო, და უთხარი გოგს, აი, რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა: „იმ დროს ჩემი ხალხი, ისრაელი, უსაფრთხოდ იცხოვრებს და შენ ეს გეცოდინება!+ 15  გამოემართები შენი სამყოფლიდან, ჩრდილოეთის კიდეებიდან,+ ცხენებზე ამხედრებულ მრავალ ხალხთან ერთად — დიდ ლაშქართან, დიდძალ ჯართან ერთად.+ 16  გამოხვალ ჩემი ხალხის, ისრაელის წინააღმდეგ და ღრუბელივით დაფარავ მიწას. უკანასკნელ დღეებში გამოგიყვან ჩემი მიწის წინააღმდეგ,+ რათა გამიცნონ ხალხებმა, როცა, გოგ, შენით განვიწმინდები მათ თვალწინ“.+ 17  აი, რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „შენ ის არა ხარ, ვისზეც ჩემს მსახურთა, ისრაელის წინასწარმეტყველთა პირით ვლაპარაკობდი ძველ დროში, რომლებიც მრავალი წლის მანძილზე წინასწარმეტყველებდნენ, რომ ისრაელთა წინააღმდეგ გამოგიყვანდი?!“ 18  იმ დროს, როცა გოგი ისრაელის მიწაზე შეიჭრება, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა, — რისხვით ავენთები.+ 19  აღშფოთებული და განრისხებული ვილაპარაკებ; იმ დღეს ძლიერ შეზანზარდება ისრაელის მიწა. 20  აკანკალდებიან ჩემ წინაშე ზღვის თევზები, ცის ფრინველები, მინდვრის მხეცები, ქვეწარმავლები და მიწის ყველა მკვიდრი; დაემხობა მთები,+ ჩამოიქცევა ციცაბო ფერდობები და მიწასთან გასწორდება ყველა კედელი. 21  მახვილს მოვუვლენ მას მთელ ჩემს მთიან მხარეში, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა. — ყველა თავისი მოძმის წინააღმდეგ აღმართავს მახვილს.+ 22  გავასამართლებ მას; ჭირს მოვუვლენ+ და სისხლის ღვრა იქნება; თავსხმას, სეტყვას,+ ცეცხლსა+ და გოგირდს+ ვაწვიმებ მას, მის რაზმებსა და მასთან მყოფ მრავალ ხალხს.+ 23  განვდიდდები და განვიწმინდები მრავალი ერის თვალწინ; გამიცნობენ და გაიგებენ, რომ მე ვარ იეჰოვა».

სქოლიოები