ეზეკიელი 5:1—17

  • იერუსალიმის დაცემის განსახიერება (1—17).

    • წინასწარმეტყველი თავს იპარსავს და თმას სამ ნაწილად ყოფს (1—4).

    • იერუსალიმის მკვიდრნი მეზობელ ერებზე უარესად იქცევიან (7—9).

    • ურჩთათვის გამოტანილი განაჩენი (12).

5  «კაცის ძეო, აიღე ბასრი მახვილი და დალაქის სამართებელივით გამოიყენე. გადაიპარსე თავი და მოიპარსე წვერი. აიღე სასწორი, აწონე თმა და ნაწილებად დაყავი.  ალყის დღეების გასრულებისთანავე+ აიღე მესამედი და შუაგულ ქალაქში ცეცხლში დაწვი. შემდეგ აიღე კიდევ ერთი მესამედი და ქალაქის გარშემო მახვილით დაკუწე,+ ბოლო მესამედი კი ქარს გაატანე; მახვილს ვიშიშვლებ და დავადევნებ მათ.+  აიღე ბოლო მესამედიდან ცოტაოდენი თმა და ტანსაცმლის კალთაში შეახვიე;  დანარჩენი კი ცეცხლში ჩაყარე და დაწვი; ეს ცეცხლი მთელ ისრაელს მოედება.+  აი, რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „ეს იერუსალიმია, რომელიც ერებს შორის, ქვეყნების შუაგულში მოვაქციე,  მაგრამ არ იცავდა ის ჩემს სამართალსა და წესებს; უფრო დიდ ბოროტებას სჩადიოდა, ვიდრე მის გარშემო მყოფი ერები და ქვეყნები სჩადიოდნენ.+ არად აგდებდნენ ჩემს სამართალს და არღვევდნენ ჩემს წესებს“.  ამიტომ აი, რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „მეზობელ ერებზე უარესად იქცეოდით, არ იცავდით ჩემს წესებს; თქვენ ჩემს კანონებს კი არ იცავდით, არამედ თქვენ გარშემო მცხოვრები ხალხების კანონებს.+  ამიტომ აი, რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: შეგებრძოლები, ქალაქო,+ და შენზე აღვასრულებ ჩემს სამართალს ხალხების თვალწინ;+  შენი საძულველი საქმეების გამო ისეთ რამეს გაგიკეთებ, რაც ჯერ არ გამიკეთებია და არც აღარასოდეს გავაკეთებ.+ 10  მამები ვაჟებს შეჭამენ,+ ვაჟები კი — მამებს; აღვასრულებ შენზე სამართალს და დარჩენილებს ყველა მიმართულებით გავფანტავ.+ 11  ჩემს თავს ვფიცავ*, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა, — რაკი შენი საძულველი კერპებითა და ამაზრზენი საქმეებით+ წაბილწე ჩემი წმინდა ადგილი, დაგამცირებ, არ შეგიბრალებ და არ შეგიწყალებ.+ 12  შენი მესამედი ან ჭირით გაწყდება, ან შიმშილით; კიდევ ერთ მესამედს მახვილი შემუსრავს,+ ბოლო მესამედს კი ყველა მიმართულებით გავფანტავ, მახვილს ვიშიშვლებ და დავადევნებ.+ 13  მაშინ დაცხრება ჩემი რისხვა, დავმშვიდდები და დავისვენებ.+ როცა დავასრულებ მათზე ჩემი რისხვის გადმონთხევას, მიხვდებიან, რომ მე ველაპარაკებოდი, იეჰოვა, რომელიც არ იწყნარებს ორგულობას.+ 14  აგაოხრებ და შეგარცხვენ მეზობელი ერებისა და ყველა გამვლელის თვალში.+ 15  როცა განრისხებული სამართალს აღვასრულებ შენზე და დაგსჯი,+ შენს დანახვაზე გარშემომყოფ ერებს თავზარი დაეცემათ; დაგძრახავენ და აბუჩად აგიგდებენ; ეს მათთვის გამაფრთხილებელი მაგალითი იქნება. ამას მე ვამბობ, იეჰოვა. 16  მოვუვლენ მათ შიმშილის მომაკვდინებელ ისრებს და ბოლოს მოვუღებ. ჩემ მიერ მოვლენილი ისრები გაგანადგურებთ.+ გამოგილევთ პურის მარაგს* და აუტანელ შიმშილობას ჩამოვაგდებ.+ 17  შიმშილს მოგივლენთ და გამძვინვარებულ მხეცებს მოგისევთ;+ ისინი შვილებს გაგიწყვეტენ. ჭირი და სისხლის ღვრა გშთანთქავთ; მოგივლენთ მახვილს.+ ამას მე ვამბობ, იეჰოვა“».

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — „ცოცხალი ვარ“.
სიტყვასიტყვით — „დავამტვრევ პურის ჯოხებს“. შესაძლოა იგულისხმებოდეს ჯოხები, რომლებზეც პურს ჰკიდებდნენ და ინახავდნენ.