ეზრა 7:1—28

  • ეზრა იერუსალიმში ჩადის (1—10).

  • არტაქსერქსეს მიერ ეზრასთვის მიწერილი წერილი (11—26).

  • ეზრა განადიდებს იეჰოვას (27, 28).

7  სპარსეთის მეფე არტაქსერქსეს+ მეფობის დროს დაბრუნდა ეზრა*. ეზრა+ იყო სერაიას+ ვაჟი, აზარიას ვაჟი, ხილკიას+ ვაჟი,  შალუმის ვაჟი, ცადოკის ვაჟი, ახიტუბის ვაჟი,  ამარიას ვაჟი, აზარიას+ ვაჟი, მერაიოთის ვაჟი,  ზერახიას ვაჟი, უზის ვაჟი, ბუკის ვაჟი,  აბიშუას ვაჟი, ფინხასის+ ვაჟი, ელეაზარის+ ვაჟი, მღვდელმთავარ აარონის+ ვაჟი.  სწორედ ეს ეზრა წამოვიდა ბაბილონიდან. ის იყო წმინდა წერილების გადამწერი, რომელმაც კარგად იცოდა მოსეს კანონი,+ ისრაელის ღმერთ იეჰოვას რომ ჰქონდა მიცემული მათთვის. მეფემ მას ყველა სათხოვარი შეუსრულა, რადგან ეზრას თავისი ღმერთი იეჰოვა ედგა მხარში.  მეფე არტაქსერქსეს მეფობის მე-7 წელს იერუსალიმში ჩავიდა ზოგი ისრაელი, მღვდელი, ლევიანი,+ მგალობელი,+ კარიბჭის მცველი+ და ტაძრის მსახური*.+  ჩავიდა ეზრა იერუსალიმში მე-5 თვეს, არტაქსერქსეს მეფობის მე-7 წელს.  პირველი თვის პირველ დღეს წამოვიდა ის ბაბილონიდან და მე-5 თვის პირველ დღეს ჩავიდა იერუსალიმში, რადგან თავისი ღმერთი უმართავდა ხელს.+ 10  ეზრას მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი*, რომ გამოეკვლია იეჰოვას კანონი,+ შეესრულებინა ის და ესწავლებინა ისრაელებისთვის წესები და სამართალი.+ 11  აი იმ წერილის ასლი, რომელიც მეფე არტაქსერქსემ მისცა ეზრას, მღვდელსა და გადამწერს, იეჰოვას მცნებებისა და ისრაელისთვის მიცემული წესების მცოდნეს: 12  * „მეფეთ მეფე არტაქსერქსე+ მღვდელ ეზრას, ზეციერი ღვთის კანონის გადამწერს: მშვიდობა შენდა! 13  ვბრძანებ, რომ ჩემს სამეფოში მცხოვრები ყველა ისრაელი, მათი მღვდლები და ლევიანები, რომლებსაც შენთან ერთად სურთ იერუსალიმში წამოსვლა, წამოვიდნენ!+ 14  მეფე და მისი შვიდი მრჩეველი გგზავნიან, რომ გამოიკვლიო, ცხოვრობს თუ არა ხალხი იუდასა და იერუსალიმში შენი ღვთის კანონის თანახმად, ხელთ რომ გაქვს, 15  და თან წაიღო ოქრო-ვერცხლი, რომელიც მეფემ და მისმა მრჩევლებმა ნებაყოფლობით გაიღეს ისრაელის ღვთისთვის, იერუსალიმში რომ მკვიდრობს; 16  ამასთანავე, წაიღე მთელი ის ოქრო-ვერცხლი, რომელსაც მოგცემენ ბაბილონის სამთავროებში, იერუსალიმში ღვთის ტაძრისთვის ხალხისა და მღვდლების მიერ ნებაყოფლობით გაღებულ ძღვენთან ერთად.+ 17  ამ ფულით დაუყოვნებლივ იყიდე მოზვრები,+ ვერძები,+ თოხლები,+ აგრეთვე მათთან ერთად მისატანი მარცვლეული შესაწირავი+ და დასაღვრელი შესაწირავი,+ და შესწირე ისინი იერუსალიმში, თქვენი ღვთის ტაძრის სამსხვერპლოზე. 18  დანარჩენი ოქრო-ვერცხლი ისე გამოიყენეთ, როგორც შენ და შენი მოძმეები ჩათვლით საჭიროდ თქვენი ღვთის ნებისამებრ. 19  მთელი ჭურჭელი, რომელიც შენი ღვთის ტაძარში მსახურებისთვის მოგეცა, ღვთის წინაშე მიიტანე იერუსალიმში.+ 20  სხვა ყველაფერი, რაც შენი ღვთის ტაძრისთვის იქნება საჭირო, რისი გაცემაც შენ გევალება, გაეცი სამეფო საგანძურიდან.+ 21  მე, მეფე არტაქსერქსე, გიბრძანებთ მდინარისგაღმელ ხაზინადრებს, რომ რაც არ უნდა გთხოვოთ მღვდელმა ეზრამ,+ ზეციერი ღვთის კანონის გადამწერმა, დაუყოვნებლივ მისცეთ მას: 22  100 ტალანტამდე* ვერცხლი, 100 ქორამდე* ხორბალი, 100 ბათამდე* ღვინო,+ 100 ბათამდე ზეთი+ და მარილი+ შეუზღუდავად. 23  ყველაფერი, რისი გაკეთებაც ზეციერმა ღმერთმა ბრძანა თავისი ტაძრისთვის,+ ზედმიწევნით შესრულდეს, რათა ზეციერი ღვთის რისხვა არ დაატყდეთ მეფის ვაჟებსა და ქვეშევრდომებს!+ 24  აგრეთვე ვბრძანებ, რომ მღვდლებს, ლევიანებს, მუსიკოსებს,+ კარის მცველებს, ღვთის ტაძრის მსახურებსა+ და სხვა იქ მომუშავეთ არც გადასახადი დააკისროთ, არც ხარკი+ და არც საგზაო ბეგარა! 25  შენ კი, ეზრა, შენი ღვთისგან ბოძებული სიბრძნით დანიშნე კანონის აღმსრულებლები და მოსამართლეები, რათა სამართალი გაუჩინონ მდინარისგაღმელებს, ყველას, ვინც იცის შენი ღვთის კანონები, ხოლო ვინც არ იცის, იმათ ასწავლეთ.+ 26  ვინც არ ასრულებს შენი ღვთის კანონსა და მეფის კანონს, განაჩენი გამოუტანეთ და დაუყოვნებლივ დასაჯეთ — ან მოკალით, ან განდევნეთ, ან დააჯარიმეთ, ან დააპატიმრეთ!“ 27  დიდება იეჰოვას, ჩვენი მამა-პაპის ღმერთს, რომელმაც აღძრა მეფე, შეემკო იეჰოვას ტაძარი იერუსალიმში!+ 28  მან სიკეთე* მიყო და წყალობა მაპოვნინა მეფის,+ მისი მრჩევლებისა+ და დიდებული მთავრების თვალში. მეც გამბედაობა მოვიკრიბე, რადგან ჩემი ღმერთი იეჰოვა მედგა მხარში და შევკრიბე ისრაელის თავკაცები ჩემთან ერთად წამოსასვლელად.

სქოლიოები

ნიშნავს „დახმარებას“.
ებრ. „ნეთინიმ“, ნიშნავს „გადაცემულებს“.
სიტყვასიტყვით — „გული ჰქონდა განწყობილი“.
ეზრას 7:12—26 არამეულ ენაზე დაიწერა.
ბათი უდრიდა 22 ლ-ს. იხ. დანართი ბ14.
ქორი იყო იმდენი, რამდენიც 220-ლიტრიან ჭურჭელში ჩაეტეოდა. იხ. დანართი ბ14.
ტალანტი უდრიდა 34,2 კგ-ს. იხ. დანართი ბ14.
ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).