ეკლესიასტე 3:1—22
3 ყველაფერს თავისი დრო აქვს;
ყველა საქმეს თავისი დრო აქვს ამ ცისქვეშეთში.
2 არის შობის დრო და სიკვდილის დრო,დარგვის დრო და დარგულის ამოძირკვის დრო,
3 მოკვლის დრო და განკურნების დრო,ნგრევის დრო და შენების დრო,
4 ტირილის დრო და სიცილის დრო,მოთქმის დრო და ცეკვის დრო,
5 ქვების გადაყრის დრო და ქვების შეგროვების დრო,ხვევნის დრო და ხვევნისგან თავის შეკავების დრო,
6 ძებნის დრო და დაკარგვასთან შეგუების დრო,შენახვის დრო და გადაგდების დრო,
7 დახევის დრო+ და დაკერების დრო,დუმილის დრო+ და ლაპარაკის დრო,+
8 სიყვარულის დრო და სიძულვილის დრო,+ომის დრო და მშვიდობის დრო.
9 რას არგებს მშრომელს გარჯა?+
10 ვნახე, რა საქმეებშიც ჩააბა ღმერთმა კაცთა მოდგმა.
11 მან თავის დროზე ყველაფერი მშვენივრად შექმნა;+ მარადიულობაც კი ჩადო ადამიანთა გულებში; თუმცა ისინი თავიდან ბოლომდე ვერასოდეს ჩასწვდებიან ღვთის საქმეებს.
12 მივხვდი, რომ არაფერია კაცისთვის იმაზე კარგი, რომ იხაროს და სიკეთე აკეთოს მთელი სიცოცხლე.+
13 ყოველმა კაცმა უნდა ჭამოს, სვას და სიამე ნახოს თავის გარჯაში. ეს ღვთისგან ნაბოძები ძღვენია.+
14 მივხვდი, რომ ყველაფერი, რასაც ღმერთი აკეთებს, მარადიულად გასტანს. მის ნამოქმედარს ვერც ვერაფერს დაუმატებ და ვერც ვერაფერს მოაკლებ; ეს ყველაფერი ღმერთმა ასე იმიტომ მოაწყო, რომ ხალხს მისი შიში ჰქონოდა.+
15 რაც დღეს ხდება, ადრეც მომხდარა, და რაც მომავალში იქნება, უკვე იყო.+ რასაც კაცი ელტვის, ღმერთი მოიძიებს*.
16 ისიც ვიხილე ცისქვეშეთში, რომ სამართლიანობის ადგილიც და სიმართლის ადგილიც ბოროტებას დაუკავებია.+
17 გულში ვთქვი: „ღმერთი გაასამართლებს მართალსაც და ბოროტსაც,+ რადგან ყველაფერს, ყველა საქმეს, თავისი დრო აქვს“.
18 გულში ისიც ვთქვი, რომ ღმერთი სცდის კაცთა მოდგმას და ანახვებს, რომ ცხოველებივით არიან.
19 ადამიანებსაც და ცხოველებსაც ერთი ბოლო აქვთ.+ როგორც ერთი კვდება, ისე კვდება მეორეც; ყველას ერთი სული* უდგას;+ ასე რომ, ადამიანი ცხოველზე არაფრით უპირატესობს, რადგან ყველაფერი ამაოა.
20 ყველა ერთსა და იმავე ადგილას მიდის;+ მტვრისგან არიან შექმნილნი+ და მტვერსვე უბრუნდებიან.+
21 ვინ იცის, მართლა ადის ადამიანის სული მაღლა ან მართლა ჩადის ცხოველის სული დაბლა მიწაში?+
22 დავინახე, რომ კაცისთვის იმაზე კარგი არაფერია, რომ სიამე ნახოს თავის გარჯაში,+ რადგან ეს არის მისი ჯილდო; თორემ ვინ ანახვებს მას, რაც მისი სიკვდილის შემდეგ მოხდება?!+
სქოლიოები
^ ან შესაძლოა: „გარდასულს ღმერთი მოიძიებს“.
^ ებრ. „რუახ“. იხ. „სული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).