ესთერი 5:1—14

  • ესთერი მეფესთან შედის (1—8).

  • ჰამანის ბრაზი და სიამაყე (9—14).

5  მესამე დღეს+ ესთერი სადედოფლო სამოსელში გამოეწყო და მეფის სასახლის შიდა ეზოში მისი სასახლის წინ დადგა. ამ დროს მეფე დარბაზში თავის ტახტზე იჯდა, რომელიც შესასვლელს უყურებდა.  თვალი მოჰკრა თუ არა მეფემ ეზოში მდგომ დედოფალ ესთერს, მან წყალობა პოვა მის თვალში. მაშინ გაიშვირა მისკენ ოქროს კვერთხი,+ ხელში რომ ეჭირა, ესთერიც მიუახლოვდა და კვერთხის წვერს შეეხო.  ჰკითხა მას მეფემ: „რა მოხდა, დედოფალო ესთერ? რა სათხოვარი გაქვს? ნახევარი სამეფოც რომ მთხოვო, მოგცემ!“  ესთერმა მიუგო: „თუ მეფე ისურვებს, მობრძანდეს დღეს ჰამანთან+ ერთად ნადიმზე, რომელიც მეფეს მოვუმზადე“.  თქვა მეფემ: „საჩქაროდ მოუხმეთ ჰამანს, რათა შესრულდეს ესთერის თხოვნა!“ მივიდნენ მეფე და ჰამანი ნადიმზე, რომელიც ესთერმა გამართა.  ღვინის სმის დროს უთხრა მეფემ ესთერს: „რა სათხოვარი გაქვს? შეგისრულდება! ნახევარი სამეფოც რომ მთხოვო, მოგცემ!“+  მაშინ ესთერმა მიუგო: „აი ჩემი სათხოვარი:  თუ წყალობა მიპოვია მეფის თვალში და, თუ მეფე ინებებს ჩემი სათხოვრის შესრულებას, მოვიდეს ჰამანთან ერთად ნადიმზე, რომელსაც ხვალ გავუმართავ მათ, და მაშინ ვამცნობ მეფეს ჩემს სათხოვარს“.  იმ დღეს გულმხიარული და გახალისებული წამოვიდა ჰამანი იქიდან, მაგრამ როგორც კი თვალი მოჰკრა მეფის კარიბჭესთან მორდოქაის, რომელიც არც ამდგარა და არც შემდრკალა მის დანახვაზე, განრისხდა მასზე.+ 10  მაგრამ თავი შეიკავა ჰამანმა, სახლში წავიდა და მოუხმო თავის მეგობრებსა და თავის ცოლ ზერეშს.+ 11  სიამაყით უყვებოდა მათ თავის აურაცხელ სიმდიდრეზე, თავის მრავალ ვაჟზე+ და იმაზე, თუ როგორ განადიდა მეფემ და როგორ აღაზევა ის სხვა მთავრებსა და მსახურებზე მეტად.+ 12  თქვა ჰამანმა: „თანაც დედოფალ ესთერს მეფესთან ერთად ჩემ გარდა არავინ მიუწვევია ნადიმზე.+ ხვალაც მასთან ვარ დაპატიჟებული მეფესთან ერთად.+ 13  მაგრამ ეს ყველაფერი არაფრად მიღირს, ვიდრე მეფის კარიბჭესთან იუდეველ მორდოქაის ვხედავ!“ 14  უთხრეს მას მისმა ცოლმა ზერეშმა და მისმა მეგობრებმა: „აღამართვინე 50-წყრთიანი* ძელი, და დილით უთხარი მეფეს, რომ მასზე ჩამოკიდონ მორდოქაი.+ მერე კი წადი მეფესთან ერთად ნადიმზე და მოილხინე!“ მოეწონა ეს აზრი ჰამანს და აღამართვინა ძელი.

სქოლიოები

დაახლ. 22,5 მ. იხ. დანართი ბ14.