ესთერი 6:1—14

  • მეფე მორდოქაის პატივს მიაგებს (1—14).

6  ღამით ძილი გაუკრთა მეფეს, ამიტომ ბრძანა, რომ მოეტანათ მისთვის მატიანე.+ როცა უკითხავდნენ მას მეფეს,  მიაკვლიეს ჩანაწერს იმის შესახებ, თუ როგორ ამხილა მორდოქაიმ ორი კარისკაცი, ბიგთანი და თერეში, კარის მცველები, რომლებსაც მეფე ახაშვეროშის მოკვლა ჰქონდათ განზრახული.+  მაშინ იკითხა მეფემ: „რა პატივი და დიდება მიაგეს მორდოქაის ამისთვის?“ მიუგეს მეფეს მსახურებმა, არაფერი გაუკეთებიათო მისთვის.  იკითხა მეფემ: „ვინ არის ეზოში?“ მეფის სასახლის გარეთა ეზოში+ ჰამანი მოსულიყო მეფისთვის იმის სათქმელად, რომ მორდოქაი მისთვის გამზადებულ ძელზე ჩამოეკიდათ.+  მსახურებმა მეფეს მოახსენეს, ჰამანი+ დგასო ეზოში. თქვა მეფემ: „შემოვიდეს!“  შევიდა ჰამანი და ჰკითხა მას მეფემ: „როგორ უნდა მოექცნენ კაცს, რომლისთვისაც მეფეს პატივის მიგება სურს?“ ჰამანმა გულში გაიფიქრა, ვისთვის ენდომება მეფეს პატივის მიგება, თუ არა ჩემთვისო.+  მიუგო ჰამანმა მეფეს: „იმ კაცს, რომლისთვისაც მეფეს პატივის მიგება სურს,  მიართვან მეფის სამოსელი+ და სამეფო თავსამკაულით მორთული მეფის ცხენი.  ჩააბარონ სამოსელი და ცხენი მეფის ერთ-ერთ წარჩინებულ მთავარს. შემოსონ ეს კაცი, რომლისთვისაც მეფეს პატივის მიგება სურს, მოატარონ ცხენით ქალაქის მოედანი და იძახონ მის წინაშე: აი, ასე ექცევიანო კაცს, რომლისთვისაც მეფეს პატივის მიგება სურს!“+ 10  მაშინ მეფემ ჰამანს უთხრა: „სასწრაფოდ აიღე სამოსელი და წაიყვანე ცხენი, და როგორც ახლა თქვი, ისე მოექეცი იუდეველ მორდოქაის, მეფის კარიბჭესთან რომ ზის. ყველაფერი ზუსტად შენი ნათქვამისამებრ გააკეთე!“ 11  აიღო ჰამანმა სამოსელი და წაიყვანა ცხენი, შემოსა მორდოქაი,+ ცხენით მოატარა ქალაქის მოედანი, და გაიძახოდა: „აი, ასე ექცევიან კაცს, რომლისთვისაც მეფეს პატივის მიგება სურს!“ 12  შემდეგ მორდოქაი დაბრუნდა მეფის კარიბჭესთან, ჰამანი კი დამწუხრებული და თავდაფარული გაეშურა შინისკენ. 13  მოუყვა ჰამანი თავის ცოლს, ზერეშს,+ და თავის მეგობრებს ყველაფერს, რაც შეემთხვა. მაშინ უთხრეს მას მისმა მრჩევლებმა და მისმა ცოლმა ზერეშმა: „თუ ეს მორდოქაი, რომელთანაც ერთხელ უკვე დამარცხდი, იუდეველთა შთამომავალია, მაშინ ვერ სძლევ მას, საბოლოოდ დამარცხდები!“ 14  ჯერ კიდევ ლაპარაკობდნენ, როცა ჰამანთან მეფის კარისკაცები მივიდნენ და საჩქაროდ წაიყვანეს ესთერის მიერ გამართულ ნადიმზე.+

სქოლიოები