ეფესოელების მიმართ 2:1—22

  • ქრისტესთან ერთად აღდგენილნი (1—10).

  • აღმართული კედლის დანგრევა (11—22).

2  თქვენ ღმერთმა გაგაცოცხლათ, თუმცა მკვდრები იყავით თქვენი დანაშაულისა და ცოდვების გამო,+  რომლებსაც იმ დროს სჩადიოდით, როცა ქვეყნიერების* ყაიდაზე ცხოვრობდით+ და იმ გაბატონებული ჰაერის+ ანუ იმ სულის მთავარი+ გმართავდათ, რომელიც ახლა ურჩობის ძეებში მოქმედებს.  მათთან ერთად ჩვენც ცოდვილ სურვილებს ვიყავით აყოლილნი,+ საკუთარი ხორცისა და გონების კარნახით ვმოქმედებდით+ და სხვებივით ღვთის რისხვას ვიმსახურებდით,+  მაგრამ დიდად მოწყალე ღმერთმა+ განუზომელი სიყვარულით შეგვიყვარა+  და ქრისტესთან ერთად გაგვაცოცხლა, როცა მკვდრები ვიყავით დანაშაულის გამო.+ დიახ, წყალობით ხართ გადარჩენილნი!  მეტიც, იესო ქრისტესთან ერთად აღგვადგინა და ზეცაში დაგვსხა მასთან ერთობაში,+  რათა მომავალში* თავისი გულუხვობით განუზომელი წყალობა გამოიჩინოს ჩვენდამი, ვინც ქრისტე იესოსთან ვართ გაერთიანებულნი.  ამ წყალობით გადარჩით, რადგან რწმენა გაქვთ,+ და ეს თქვენი დამსახურება კი არა, ღვთის ძღვენია.  ეს თქვენი საქმეების გამო არ მომხდარა,+ რომ არავის ჰქონოდა კვეხნის მიზეზი. 10  ჩვენ ღვთის ქმნილება ვართ;+ მან ქრისტე იესოსთან ერთობაში შეგვქმნა+ და წინასწარ განსაზღვრა ის კარგი საქმეები, რაც უნდა გვეკეთებინა. 11  ამიტომ გახსოვდეთ, რომ ერთ დროს თქვენ, უცხოტომელებს, წინადაუცვეთელებს გიწოდებდნენ ისინი, ვისაც წინადაცვეთილები ეწოდებოდათ, რადგან კაცთაგან იყვნენ წინადაცვეთილნი. 12  მაშინ არ იცნობდით ქრისტეს, არც ისრაელთან გქონდათ რამე საერთო და არც შეთანხმებები იყო თქვენთან დადებული ღვთის დანაპირებით,+ უიმედოდ და უღმერთოდ იყავით ქვეყნიერებაში.+ 13  ერთ დროს ღვთისგან შორს იყავით, მაგრამ ახლა ქრისტე იესოსთან ერთობაში მყოფნი ქრისტეს სისხლით დაუახლოვდით მას; 14  ქრისტეს მეშვეობით გვაქვს მშვიდობა,+ მან გააერთიანა ორი ჯგუფი+ და დაანგრია მათ შორის აღმართული კედელი.+ 15  თავისი სიკვდილით* მან მოსპო მტრობა, გააუქმა კანონი თავისი მცნებებითა და დადგენილებებით, რათა ორი ჯგუფისგან ერთი ჯგუფი* შეექმნა თავისთან ერთობაში,+ მშვიდობა დაემყარებინა 16  და წამების ძელზე*+ სიკვდილით ერთ სხეულად ქცეული ორივე ჯგუფი შეერიგებინა ღმერთთან, რადგან თავისი სიკვდილით ბოლო მოუღო მტრობას.+ 17  იგი მოვიდა და გახარათ მშვიდობის შესახებ თქვენც, ღვთისგან შორს მყოფთ, და მათაც, ვინც ახლოს იყვნენ მასთან, 18  რადგან მისი მეშვეობით ჩვენ, ორივე ჯგუფს, შეგვიძლია თავისუფლად მივუახლოვდეთ მამას ერთი სულით. 19  ამიტომ უკვე აღარ ხართ უცხოტომელები და უცხოები,+ არამედ წმინდათა თანამოქალაქენი+ და ღვთის ოჯახის წევრები,+ 20  დაშენებულნი მოციქულთა და წინასწარმეტყველთა საძირკველზე,+ რომლის ქვაკუთხედიც+ თავად ქრისტე იესოა. 21  მასთან ერთობაში მთელი შენობა, ჰარმონიულად შერწყმული,+ წმინდა ტაძრად შენდება იეჰოვასთვის.+ 22  მასთან ერთობაში თქვენც შენდებით სამკვიდროდ, სადაც ღმერთი დამკვიდრდება სულით.+

სქოლიოები

ბერძნ. „ეონ“. იხ. „ქვეყნიერება“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
ბერძნ. „ეონ“. იხ. „ქვეყნიერება“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
სიტყვასიტყვით — „ხორცით“.
სიტყვასიტყვით — „ერთი ახალი კაცი“.
იხ. „ძელი, წამების ძელი“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).