იერემია 27:1—22

  • ბაბილონის უღელი (1—11).

  • ციდკიას ბაბილონის მორჩილება დაევალა (12—22).

27  იუდას მეფე იეჰოიაკიმის, იოშიას ძის, მეფობის დასაწყისში იეჰოვამ იერემიას თავისი სიტყვა გაუცხადა:  «აი, რა მითხრა იეჰოვამ: „გააკეთე აპეურები, რამდენიმე უღელი და კისერზე დაიდგი.  დაუგზავნე ისინი ედომის,+ მოაბის,+ ტვიროსის,+ სიდონისა+ და ამონელთა+ მეფეებს მაცნეთა ხელით, რომლებიც იერუსალიმში იუდას მეფე ციდკიასთან ჩამოვიდნენ.  უთხარი მათ, თქვენს ბატონებს გადაეცით-თქო: აი, რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, ისრაელის ღმერთი, აი, რა უნდა უთხრათ-თქო თქვენს ბატონებს:  მე შევქმენი დედამიწა ჩემი ძლიერებითა და გაწვდილი მკლავით, ადამიანები და ცხოველები მთელი დედამიწის ზურგზე, და ვისაც მინდა, იმას ვაძლევ მას.+  ყველა ქვეყანა ჩემს მსახურს, ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორს,+ მივეცი; მინდვრის მხეცებიც კი მას დავუმორჩილე.  ყველა ერი მას, მის ვაჟსა და მის შვილიშვილს დაემორჩილება, სანამ მისი ქვეყნის დრო არ დადგება;+ მრავალი ერი და ძლევამოსილი მეფეები დაიმონებენ მას.+  თუ რომელიმე ერი ან სამეფო ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორს არ დაემორჩილება და ბაბილონის მეფის უღელს არ დაიდგამს, მახვილით, შიმშილითა და ჭირით დავსჯი,+ — ამბობს იეჰოვა, — და საბოლოოდ მისი ხელით გავანადგურებ.  ამიტომ არ დაუჯეროთ თქვენს წინასწარმეტყველებს, მკითხავებს, სიზმრის ამხსნელებს, გრძნეულებსა და ჯადოქრებს, რომლებიც გეუბნებიან, არ მოგიწევთ ბაბილონის მორჩილებაო. 10  სიცრუეს გიწინასწარმეტყველებენ ისინი; თუ დაუჯერებთ მათ, მოწყდებით თქვენს მიწას, მე გაგფანტავთ და მოგსპობთ. 11  იმ ხალხს, რომელიც ბაბილონის მეფის უღელს დაიდგამს და მას დაემორჩილება, თავის მიწაზე დავტოვებ, — ამბობს იეჰოვა, — დაამუშავებენ მას და იცხოვრებენ მასზე“». 12  იუდას მეფე ციდკიასაც+ ვუთხარი: „დაიდგით ბაბილონის მეფის უღელი, დაემორჩილეთ მას, მის ხალხს და იცოცხლებთ.+ 13  რატომ უნდა დაიხოცოთ შენ და შენი ხალხი მახვილით,+ შიმშილითა+ და ჭირით,+ როგორც ეს იეჰოვამ უწინასწარმეტყველა იმ ხალხს, რომელიც ბაბილონის მეფეს არ დაემორჩილება?! 14  არ მოუსმინოთ იმ წინასწარმეტყველებს, რომლებიც გეუბნებიან, არ მოგიწევთ ბაბილონის მეფის მორჩილებაო;+ სიცრუეს გიწინასწარმეტყველებენ ისინი.+ 15  მე არ გამომიგზავნია ისინი, — ამბობს იეჰოვა, — სიცრუეს წინასწარმეტყველებენ ჩემი სახელით; თუ დაუჯერებთ მათ, გაგფანტავთ და დაიღუპებით თქვენც და ის წინასწარმეტყველნიც, რომლებიც სიცრუეს გიწინასწარმეტყველებენ“.+ 16  მღვდლებსა და მთელ ხალხს ვუთხარი, აი, რას ამბობს-მეთქი იეჰოვა: „არ მოუსმინოთ თქვენს წინასწარმეტყველებს, რომლებიც წინასწარმეტყველებენ, იეჰოვას ტაძრის ნივთებს ბაბილონიდან მალე დააბრუნებენო;+ სიცრუეს გიწინასწარმეტყველებენ ისინი.+ 17  არ მოუსმინოთ მათ. დაემორჩილეთ ბაბილონის მეფეს და იცოცხლებთ.+ რატომ უნდა გაპარტახდეს ეს ქალაქი?! 18  თუ ისინი წინასწარმეტყველები არიან და იეჰოვას სიტყვაა მათთან, მაშინ შეეხვეწონ ლაშქართა ღმერთს, იეჰოვას, რომ იეჰოვას ტაძარში, იუდას მეფის სასახლესა და იერუსალიმში დარჩენილი ნივთები ბაბილონში არ წაიღონ“. 19  აი, რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა სვეტებზე,+ აუზზე*,+ საზიდრებსა+ და ქალაქში დარჩენილ ნივთებზე, 20  რომლებიც ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორს არ წაუღია მაშინ, როცა იუდას მეფე იექონია, იეჰოიაკიმის ძე, იუდასა და იერუსალიმის ყველა დიდებულთან ერთად იერუსალიმიდან ბაბილონში გადაასახლა.+ 21  აი, რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, ისრაელის ღმერთი, იეჰოვას ტაძარში, იუდას მეფის სასახლესა და იერუსალიმში დარჩენილ ნივთებზე: 22  „ბაბილონში წაიღებენ+ და იქ იქნება იმ დღემდე, სანამ არ მოვიკითხავ, — ამბობს იეჰოვა. — წამოვიღებ და ამ ადგილზე დავაბრუნებ“.+

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — „ზღვა“. იგულისხმება ტაძრის სპილენძის აუზი.